ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის კვებისა და სანიტარული ნორმების მონიტორინგის სამსახური საბავშვო ბაღებში მონიტორინგს ატარებს.
როგორც ადგილობრივი სკოლამდელი აღზრდის ცენტრი იტყობინება, დეტალურად შემოწმდა სამზარეულოები, საკვების მომზადებისა და ჯგუფში ულუფების გაცემის პროცესი. კერძოდ, შემოწმებული იქნა მომწოდებლის მიერ შემოტანილი სურსათი.
შემოწმდა სამზარეულოში, საწყობში და ჯგუფებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ასევე შემოწმდა, როგორი სიზუსტითა და ტექნოლოგიური პროცესების დაცვით ხდება აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი კერძების მომზადება და მზა კერძების გაცემის ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.
„აღსაზრდელთა ჯანსაღი კვებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით შიდა მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება“, - წერია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამჟამად 44 საჯარო საბავშვო ბაღია, სადაც სააღმზრდელო პროცესს 2 150 ბავშვი გადის.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღში პატარებმა 6-ჯერ უნდა ჭამონ - რა უნდა გაითვალისწინონ აღმზრდელებმა