დედაქალაქის 18 საბავშვო ბაღში სხვადასხვა სახის სარემონტო და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პროექტი განხორციელდა, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გოგი ჩიქოვანი, საბურთალოს რაიონში მდებარე N198 და N7 საბავშვო ბაღებში გაეცნო.
სამუშაოები მოიცავდა როგორც შიდა სივრცის რემონტს, ასევე საინჟინრო კომუნიკაციების გამართვას, ეზოს კეთილმოწყობას, სათამაშო ატრაქციონებისა და სპორტული მოედნების მოწყობას.
„საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. ზაფხულის არდადეგების პერიოდში თბილისის 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში სააგენტოს მიერ დაგეგმილია სამუშაოები, რომლებიც სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ამჯერად, თბილისის 18 საბავშვო ბაღში სხვადასხვა სახის სარემონტო და სარეაბილიტაციო პროექტი განვახორციელეთ, “ - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.