ბავშვების სკოლაში უმტკივნეულო ტრანზიციისათვის უნდა მოხდეს მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება სკოლის მიერ, სასკოლო გარემოში რელევანტური ცვლილებების გასატარებლად კი საჭიროა ინფორმაცია ბავშვის ფუნქციური, სოციალურ-ემოციური, აკადემიური უნარების შესახებ, აღნიშნულია USAID-ის მხარდაჭერით მომზადებულ პუბლიკაციაში, „მე სკოლაში მივდივარ“.
პუბლიკაციის მიხედვით, მნიშვნელოვანია ასევე ბავშვის ინტერესების, ქცევის თავისებურებების და პიროვნული მახასიათებლების ცოდნა. სკოლამ აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიპოვოს ბავშვის ოჯახთან და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლებთან დაგეგმილი და თანმიმდევრული კომუნიკაციით.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნაში დაწვრილებით არის აღწერილი ბავშვის საჭიროებები და მოცემულია სასწავლო პროცესისა და გარემოს მორგების რეკომენდაციები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ადრეული რეგისტაციისა და კარგად ორგანიზებული ტრანზიციის პირობებში, სკოლა დროულად იღებს ინფორმაციას მომავალი მოსწავლის შესახებ და აქვს შესაძლებლობა გაითვალისწინოს მოსწავლის საჭიროებები. მაგალითად, ფიზიკური გარემოს ადაპტირებასთან დაკავშირებული საჭიროებები.
ადაპტირებული ფიზიკური გარემო სკოლებში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა კი სათანადო დროს მოითხოვს.
რეკომენდებულია, სკოლამ დროულად დაიწყოს მოლაპარაკება შესაბამის უწყებებთან, სკოლაში ფიზიკური გარემოს ადაპტირების/მოწყობის, შესახებ, რათა მომავალმა მოსწავლემ შეძლოს გარემოში თავისუფლად გადაადგილება და ფუნქციონირება. რიგ შემთხვევებში, შეიძლება გამოიკვეთოს ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტების მობილიზების საჭიროებაც - სპეციალური მასწავლებელი, ბავშვის ინდივიდუალური ასისტენტი, ლოგოპედი და სხვა. სათანადო სპეციალისტების შერჩევა კი, დროს მოითხოვს.
დაგეგმილი ტრანზიცია ხელს უწყობს სხვადასხვა საჭიროებებზე დროულ რეაგირებას და სხვადასხვა დაბრკოლების მინიმუმამდე დაყვანას.
სკოლის მიერ მშობლებთან კომუნიკაციის მექანიზმის შექმნა
მნიშვნელოვანია, სკოლის მხრიდან მშობლებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, თუ რა დამხმარე სერვისებია სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად. ასევე, თუ რა კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები მუშაობენ სკოლაში, როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი, როგორ მოხდება ბავშვის აკადემიური შეფასება, რა შემთხვევაში იქნება გამოყენებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და სხვა.
მომავალი მოსწავლეების სკოლაში საორიენტაციო ვიზიტების ორგანიზება სასკოლო გარემოს მონახულება, გასაუბრება ადმინისტრაციასთან და პერსონალთან თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა ჩართული მხარისათვის. სკოლაში ვიზიტები უნდა იყოს წინასწარ დაგეგმილი მშობლისა და ბავშვის ჩართულობით. ბავშვის სკოლაში ვიზიტის დაგეგმვის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის ინტერესები და თავისებურებები, ის თუ რა ახარებს ბავშვს, რის კეთება მოსწონს, როგორი ფორმით უფრო უადვილდება კომუნიკაციის დამყარება, რა ტიპის აქტივობებში ერთვება ხალისით, რა გამოსდის ყველაზე კარგად. აღნიშნულ ინფორმაციაზე დარყდნობით, სკოლა ამზადებს ერთგვარ ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც დაეხმარება ბავშვს და მშობელს სასკოლო გარემოსთან დაკავშირებით პოზიტიური გამოცდილების მიღებაში.
აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შედეგად, როდესაც ყველა ჩართული მხარე ინაწილებს პასუხისმგებლობებს და ვალდებულებებს, სახეზეა შემდეგი შედეგები:
► მომზადებული ბავშვი, რომელიც სკოლაში მიდის მეტად თავდაჯერებული, ხალისიანი და რომელსაც ნაკლები სირთულეები ექმნება ახალ გარემოსთან ადაპტირების პროცესში.
► მეტად მომზადებული სკოლის პერსონალი, რომელსაც აქვს ინფორმაცია ბავშვის საჭიროებებისა და გასაწევი მხარდაჭერის შესახებ, რაც ზრდის მიმღებლობას და ამცირებს შფოთვას.
► დამშვიდებული მშობელი, რომელიც იცნობს სკოლის გარემოს, მასწავლებლებს და იცის, რომ მისი შვილი უსაფრთხოდ იქნება სკოლის გარემოში და ბავშვის საჭიროებები გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული იქნება სკოლის პერსონალის მიერ.
იხილეთ ასევე:
აუტიზმის ნიშნები 6 თვის ასაკიდან - რაზე ითხოვენ პედიატრი ძმები ყურადღების გამახვილებას
მშობლების 26,2% უარს ამბობს შვილს შშმ პირის სტატუსი მიენიჭოს - სტიგმა, რომელიც ისევ აქტუალურია