სკოლამდელი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა 18 მაისს 10 საათზე გაიმართება, - ამის შესახებ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და ამ საბჭოს ხელმძღვანელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.
დღეს, 10 მაისს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მოწვევის საკითხი განხილეს.
საბჭოს შემადგენლობა უკვე დამტკიცებულია, თუმცა მათ კიდევ ერთი წევრი, ნინო ბურძენიძე შეემატებათ. ის საბავშვო ბაღების მხარდამჭერი ასოციაციის (KSA) დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ბურძენაძე ასევე გახლავთ საქართველოს პრემიერ მინისტრის ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი სამუშაო კომისიის წევრი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრი და თბილისის მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში.
„მნიშვნელოვანი იქნება ქალბატონი ნინოს ჩართულობა ამ საბჭოს შემადგენლობაში... პირველი შეხევდრა იქნება გაცნობითი ხასიათის. საბჭო არის ძალიან მოქნილი სისტემა იქედან გამომდინარე რომ ნებისმიერი ადამიანის მოწვევაა შესაძლებელი და პროცესი არის ღია“, აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ამავე სხდომაზე პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის ანგარიშიც მოისმინეს, სადაც პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა განაცხადა, რომ სკოლამდელი აღზრდის მიმართულების რეგულირებამ დიდი დიდი გავლენა იქონია და გაჩნდა მოთხოვნა ბაგა-ბაღის აღმზრდელის პროფესიაზე.
„პროფესიული კვალიფიკაცია გახლავთ სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი და გაიზარდა როგორც მიწოდება ამ სერვისისა - ბევრმა კოლეჯმა გაიარა ავტორიზაცია, ასევე, გაზრდილია მოთხოვნა ამ პროგრამაზე“.
იხილეთ ასევე:
სკოლამდელ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს 28 წლის გიორგი ჩაკვეტაძე უხელმძღვანელებს