დღის თემა
etaloni.ge
„სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელები ვერ აკმაყოფილებენ დადგენილ სტანდარტს, რაც აღმზრდელების დაბალი კვალიფიკაციით არის გამოწვეული“
10.05.2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის მაღალი სტანდარტის ტრენინგ-კურსების მომსახურებას შეისყიდის და მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვა ღონისძიებებსაც განახორციელებს, რადგან საბავშვო ბაღებში შესწავლილი იქნა სწავლების ხარისხი და დადგინდა რომ სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელები ვერ აკმაყოფილებენ დადგენილ სტანდარტს, რაც ძირითადად აღმზრდელების დაბალი კვალიფიკაციით არის გამოწვეული, - წერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც 5 მაისს გამოქვეყნდა.

დოკუმენტში, რომელიც ზუგდიდის 2023 წლის ბიუჯეტს ეხება, აღნიშნულია, რომ დიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 63 საბავშო ბაღი, მათგან 18 – ქალაქში, ხოლო 45 – სოფლის ტერიტორიულ ერთეულებში. სკოლამდელ დაწესებულებებში სულ დასაქმებულია 989 თანამშრომელი, მათ შორის 162 აღმზრდელი, 63 მზარეული და 26 მზარეულის თანაშემწე.

„ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამის (მეთოდოლოგის) დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.

პროგრამის მიზანია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესისათვის ხელის შეწყობა; საბავშვო ბაღებში სწავლების ხარისხის და აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული და მთავრობის სხვადასხვა დადგენილებით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად. სტანდარტის მიზანია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში მიმდინარე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება. საბავშვო ბაღებში შესწავლილი იქნა სწავლების ხარისხი და დადგინდა რომ სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელები (განხილული ასაკობრივ ჭრილში), ვერ აკმაყოფილებენ დადგენილ სტანდარტს, რაც ძირითადად აღმზრდელების დაბალი კვალიფიკაციით არის გამოწვეული. სწავლების ხარისხის გაზრდა და აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლება მოხდება სკოლამდელი აღზრდის განვითარების პროგრამით. პროგრამა მოიცავს: არსებული მდგომარეობის შესწავლას და გაანალიზებას; საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის მაღალი სტანდარტის ტრენინგ-კურსების მომსახურების შესყიდვას და სხვა ღონისძიებებს“, - წერია დადგენილებაში.

მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ასევე სტანდარტების შესაბამისი მენიუების შექმნა, ხარისხიანი კვების პროდუქტების შეძენა, მენიუს შესაბამისი მაღალხარისხიანი კერძების მომზადება, სამზარეულოს და საწყობების სტანდარტის შესაბამისად მოწყობა, მზარეულების გადამზადება, ბავშვების ოპტიმალური ზრდისა და განვითარების უზრუნველსაყოფად შესაფერისი გარემოს შექმნა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და ახალი მაღალი ხარისხის აღჭურვილობის შეძენა/მონტაჟი.

იხილეთ ასევე:

რა უნდა ეწეროს საბავშვო ბაღის აღმზრდელის ხელშეკრულებაში

აღმზრდელებისა და ძიძების საჭირო რაოდენობა, დასვენების დღეებში ნახევარგანაკვეთიანი ჯგუფები - რას ითხოვენ მშობლები საბავშვო ბაღებისგან

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი