განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევში“, რომელიც 3 მაისს გამოქვეყნდა, ავტორიზაციის სტანდარტებია განხილული.
ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის წესის ოთხი სტანდარტიდან ერთ-ერთი კურიკულუმია, რომელიც აფასებს დაწესებულებაში მოქმედ კურიკულუმს და გამოყოფს მის ძირითად მახასიათებლებს.
სტანდარტის გზამკვლევის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ, პროგრამის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს წინასწარ შერჩეული/შემუშავებული კურიკულუმით.
აღნიშნული ინდიკატორის მთავარი მოთხოვნაა, რომ დაწესებულების მიერ განხორციელებული კურიკულუმი იყოს ფიქრისა და განსჯის შედეგი. მისი შერჩევა წინასწარ უნდა ხდებოდეს. ის უნდა იყოს რეალისტური და განხორციელებადი.
კურიკულუმი არის „ყველა დაგეგმილი ან დაუგეგმავი გამოცდილება, საქმიანობა, რუტინა, მოვლენა და ყველა ტიპის ურთიერთობა, რომელიც ხორციელდება ბავშვის განვითარებისა და სწავლებისთვის განკუთვნილ გარემოში“. კურიკულუმი არის ჩამოყალიბებული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროცესის მიზანს/მიზნებს, შინაარსს, ფორმას და გარემოს. წინასწარ შერჩეული ან შემუშავებული კურიკულუმით დაწესებულება, მისი საგანმანათლებლო პერსონალი გააზრებულად ხედავს და აღიქვამს საგანმანათლებლო პროცესებს, აქვს ჩამოყალიბებული მიზნები და სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული მიზნების მიღწევაზე წინასწარ ნაფიქრი და შემუშავებული მეთოდებით მუშაობს.
ადრეული და სკოლამდელი განათლების მრავალი ხარისხიანი კურიკულუმი არსებობს. დაწესებულება თავისუფალია შეარჩიოს არსებული კურიკულუმებიდან ერთ-ერთი, ან შეიმუშაოს საკუთარი კურიკულუმი. კურიკულუმის შერჩევა ნიშნავს, როცა დაწესებულება ირჩევს არსებული კურიკულუმებიდან ერთ-ერთს, ხოლო შემუშავება – როცა დაწესებულება თავად ქმნის კურიკულუმს ან ახდენს სხვადასხვა კურიკულუმის ან კურიკულუმის მოდელების გაერთიანებას. ამასთან, თუ დაწესებულებას იყენებს ორი ან მეტი მზა კურიკულუმის ნაერთს (მაგალითად რეჯიო ემილიას მოდელიდან ფიზიკური გარემოს მოწყობა, პროექტის მეთოდის გამოყენება, ხოლო შემოქმედებითი კურიკულუმის შემთხვევაში – ცენტრების მოწყობა, და ა.შ.), მაშინ ეს ითვლება შემუშავებულ კურიკულუმად.
კურიკულუმის შერჩევა/შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია ჩართული იყვნენ დაწესებულების თანამშრომლები, პროცესი უნდა ეფუძნებოდეს განსჯასა, ფიქრს და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებოდეს კონსესუსის გზით.
კურიკულუმის შერჩევის ან შექმნის პროცესში დაწესებულებამ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება უნდა გაითვალისწინოს. პირველ რიგში, შერჩეული/შემუშავებული კურიკულუმი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რათა უზრუნველყოფილი იქნას საგანმანათლებლო პროცესის ხარისხი. კურიკულუმის შერჩევა/შემუშავების პროცესში დაწესებულებამ უნდა იხელმძღვანელოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტით და ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული თანამედროვე კვლევებითა და ცოდნით, რათა კურიკულუმი მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს.
კურიკულუმი ხელს უნდა უწყობდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევას;
კურიკულუმი უნდა ეფუძნებოდეს თამაშს და ითვალისწინებდეს ბავშვს, როგორც აქტიურ მონაწილეს საკუთარი სწავლისა და განვითარების პროცესში, რაც უზრუნველყოფს თითოეული მათგანის ჩართულობას საგანმანათლებლო აქტივობებში.
კურიკულუმი ასევე უნდა ითვალისწინებდეს ოჯახთან/თემთან თანამშრომლობას და მათ ჩართულობას.
კურიკულუმი უნდა უზრუნველყოფდეს მრავალფეროვან, ასაკისა და განვითარების შესაბამის საქმიანობებს/გამოცდილებებს.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია შერჩეული შემუშავებული კურიკულუმის შესაბამის მეთოდოლოგიაში მომზადებული საგანმანათლებლო პერსონალის არსებობა, საჭირო საგანმანათლებლო რესურსის ფლობა და გარემოს მოწყობის საკითხი. მაგალითად, შესაძლებელია დაწესებულებას ჰქონდეს სურვილი სწავლება განახორციელოს მარია მონტესორის მეთოდით, მაგრამ არ ჰყავდეს შესაბამისი მეთოდოლოგიით გადამზადებული საგანმანათლებლო პერსონალი, ან არ ჰქონდეს საჭირო საგანმანათლებლო რესურსი ან არ შეეძლოს გარემოს შესაბამისად მოწყობა და სხვ.
მესამე საკითხი, მზა კურიკულუმის შერჩევის შემთხვევაში, შესაბამისი უფლების/ლიცენზიის ქონაა. არსებული მზა კურიკულუმებიდან ზოგი თავისუფლად ხელმისაწვდომია და არ ითხოვს დაწესებულების მხრიდან რაიმე ტიპის ნებართვის მოპოვებას მისი განხორციელებისათვის, მაგრამ არსებობს კურიკულუმები, რომელთა დანერგვისთვის დაწესებულებას მოპოვებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი უფლება, მაგალითად, მონტესორის მეთოდი. ამიტომ, მნიშვნელოვანია დაწესებულებამ ეს საკითხიც გაითვალისწინოს.
ზემოაღნიშნულის გარდა დაწესებულებას შეიძლება ჰქონდეს სხვა კრიტერიუმებიც, რომელთაც გამოიყენებს კურიკულუმის შერჩევის დროს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კონკურენტული უპირატესობა, ინდივიდუალიზმი და გამორჩეულობა, ინოვაციური მიდგომების დანერგვის ამბიცია და სხვა. მაგრამ უმთავრესი საკითხი, რაზეც დაწესებულება კურიკულუმის შერჩევის/შემუშავების პროცესში მუდმივად უნდა ფიქრობდეს, არის მისი განხორციელების რეალისტურობა და საბოლოოდ, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან სტანდარტის შემდგომი კომპონენტები სწორედ დაწესებულების მიერ შერჩეული შემუშავებული კურიკულუმების პრაქტიკაში განხორციელების ხარისხს შეამოწმებს.
დაწესებულების მიერ შერჩეული შემუშავებული კურიკულუმი უნდა იყოს დეკლარირებული. თუ დაწესებულება იყენებს შერჩეულ კურიკულუმს, მას შეუძლია გააკეთოს, როგორც აღნიშნულის დეკლარირება, ისე წარმოადგინოს კურიკულუმის ჩარჩო. დეკლარირება ამ შემთხვევაში გულისხმობს დაწესებულების ოფიციალურ განაცხადს, თუ რომელ არსებული კურიკულუმს იყენებს. აღნიშნული გაფორმებული უნდა იყოს დოკუმენტურად. მაგალითად, უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ბრძანება დაწესებულების მიერ განხორციელებული კურიკულუმის შესახებ.
თუ დაწესებულება იყენებს შემუშავებულ კურიკულუმს, მაშინ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს კურიკულუმის ჩარჩო. კურიკულუმის ჩარჩო უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სულ მცირე, შემდეგი მნიშვნელოვანი კომპონენტის შესახებ:
► კურიკულუმის მიზნები – რა შედეგებზე უნდა გახვიდეთ;
► სწავლების შინაარსი - რისი სწავლება გინდათ;
► სწავლების სტრატეგიები, მეთოდები – როგორ უნდა ისწავლებოდეს, რა გამოცდილებებს, თამაშებს და აქტივობებს შესთავაზებთ ბავშვებს;
► საგანმანათლებლო რესურსები და გარემო - როგორი უნდა იყოს ფიზიკური გარემო, რა რესურსს გამოიყენებთ;
► შეფასება - როგორ გაზომავთ მიღებულ შედეგს.
იხილეთ ასევე:
„კურიკულუმს სჭირდება მაღალი კომპეტენციის აღმზრდელი“ – სამინისტრომ სახელმძღვანელო გამოაქვეყნა