იმისათვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადამიანს ცხოვრების განმავლობაში წესად ექცეს და ჯანსაღი საკვების, ძილის, ფიზიკური აქტივობის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება ჩვევაში გადაეზარდოს, ამ მიმართულებით მუშაობა ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს.
სპეციალისტების აზრით, არ არის სწორი, დაველოდოთ ბავშვის გაზრდას, მერე ვასწავლოთ, რას ნიშნავს ჯანსაღად ცხოვრება და გვიან გამოვუმუშაოთ ჯანსაღი ცხოვრების ჩვევები. ბავშვმა სწორედ ადრეული ასაკიდან უნდა შეიძინოს ეს ჩვევები და ამაში ძალიან დიდია ბაღის როლი.
ამ მიმართულებით მუშაობა მხოლოდ ჯანმრთელი საკვების შეთავაზებას და დასვენების შესაძლებლობის შექმნას არ გულისხმობს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საგანმანათლებლო პროცესში ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა სხვადასხვა სტრატეგიებით:
ბავშვებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლების საუკეთესო საშუალებაა მოდელირება. მნიშვნელოვანია მათ დაინახონ, რომ უფროსებიც ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ყველა ჯანსაღ საკვებს ვანიჭებთ უპირატესობას და ტკბილეულით არ ვსადილობთ, არ ვეწევით, ვცდილობთ, სისტემატურად დავკავდეთ ფიზიკური აქტივობებით და ა.შ.
ჯანსაღი საკვების შეთავაზებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს გავაცნოთ ჯანსაღი კვების პრინციპებიც. ავუხსნათ, რატომ არის მნიშვნელოვანი ზოგიერთი პროდუქტი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ზოგიერთი კი - საზიანო. ასევე, უნდა განვუმარტოთ, რომ ზომიერად კვება ძალიან მნიშვნელოვანია და სასარგებლო საკვებიც კი ზომიერად უნდა მივიღოთ.
ეცადეთ, ბავშებთან ერთად მოამზადოთ ჯანსაღი საკვები. ეს შეიძლება იყოს ხილის ან ბოსტნეულის მარტივი სალათები ან ჯანსაღი ტკბილეული.
საბავშვო ბაღებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს:
საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვისას და განხორციელებისას მუდმივად ფიქრი იმაზე, თუ როგორ მოვახერხოთ პროგრამის ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების გატარება;
დღის განრიგში ეზოსა და ფიზიკური აქტივობებისთვის დროის გამოძებნა.
მნიშვნელოვანია, ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე იცოდნენ, რომ არსებობს ე.წ. მომწამლავი ნივთიერებები, რომლებსაც უნდა ვერიდოთ. ბავშვებს ასევე უნდა გავუზიაროთ მათი ასაკისთვის შესაბამისი ცოდნა თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების სავალალო შედეგებთან დაკავშირებით.