სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-მასწავლებლები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის ტრენინგებს გადიან.
ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება „ბორჯომის ჯანმრთელი მომავალის“ ადმინისტრაციის ორგანიზებით, თერთმეტი საბავშვო ბაღის თითოეული ჯგუფის საგანმანათლებო და სამედიცინო პერსონალისთვის ჩატარდა პირველადი გადაუდებელი დახმარების შემსწავლელი თეორიული და პრაქტიკულ კურსი. კურსის დასრულების შემდეგ საბავშვო ბაგა-ბაღების ოცდაათ საგანმანათლებო და თორმეტ სამედიცინო პერსონალს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინიციატივით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ბაზაზე მუნიციპალური საბავშვო ბაღების აღმზრდელები გადამზადნენ პროგრამით „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული“. ტრენინგი მოიცავდა 66 სასწავლო საათს. ტრენინგის დასასრულს საბავშვო ბაღების აღმზრდელებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ბოლნისში, ასევე 66 საათიანი ტრენინგ-მოდულით უკვე მესამე ჯგუფი გადაამზადეს და აღმზრდელ-პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს.
თელავის მე-3 ბაგა-ბაღში პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე - „პრევენციული მედიცინა: ვაქცინაცია და სკრინინგი“, სადაც პრევენციული მედიცინის საჭიროებაზე, ვაქციანაციის დადებით მხარეებსა და სკრინინგის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების 50 თანამშრომელს ასევე უტარდება ტრენინგები აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის შესაბამისად, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ არის შემუშავებული. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა ტენდერის შედეგად გამოავლინა. მსმენელები, ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების მეთოდისტებმა კი ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერებთან განიხილეს ის გამოწვევები და პრობლემები, რომელიც აღმზრდელებს პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის გავლის შემდეგ მისი პრაქტიკაში დანერგვისას შეხვდათ. მეთოდისტებმა აღმზრდელებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს და დოკუმენტაცია გადასცეს.
იხილეთ ასევე:
ვის აქვს უფლება, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ტრენინგები ჩაუტაროს - დოკუმენტში გაწერილი დეტალები
6 ტერმინი, რომელიც საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ტრენინგის დროს სჭირდებათ