დღის თემა
etaloni.ge
რა უნდა ეწეროს საბავშვო ბაღის აღმზრდელის ხელშეკრულებაში
10.05.2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევში“, რომელიც 3 მაისს გამოქვეყნდა, დეტალურა არის განხილული, როგორი სახის შრომითი ხელშეკრულება უნდა დაუდოს დამსაქმებელმა საბავშვო ბაღის თანამშრომლებს.

საგანმანათლებლო პერსონალთან გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს სამუშაო დროის განმავლობაში ჯგუფთან საკონტაქტო და არასაკონტაქტო საათებს და მათ ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობებს.

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო დაწესებულებები ამტკიცებენ დაწესებულებებში დასაქმებულ პირთან დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობებს პროფესიულ კავშირთან შესაძლო კონსულტაციით.

რას ნიშნავს კანონის ეს მოთხოვნა? ზოგადად, დაწესებულების, როგორც კერძო, ისე საჯარო თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობა რეგულირდება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების არსებითი პირობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“.

შრომითი ხელშეკრულება, მათ შორის არასრული სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში, უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ პირობებს:

ა) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;

ბ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

გ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;

დ) სამუშაო ადგილი;

ე) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა;

ვ) შრომის ანაზღაურება და მისი გადახდის წესი;

ზ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;

თ)ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი;

ი) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;

კ) კოლექტიური ხელშეკრულებების დებულებები – იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებებით დასაქმებულთა შრომის პირობები განსხვავებულად რეგულირდება.

დამსაქმებელი ვალდებულია, შრომით ხელშეკრულებაში ასახოს შრომის კოდექსის არსებითი პირობებით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა და ამასთან, უფლებამოსილია დამატებით განსაზღვროს სხვა საჭირო და აუცილებელი პირობები, რაც არ არის განსაზღვრული შრომის კოდექსით და რაც არ ეწინააღმდეგება მას.

დამატებითი პირობების განსაზღვრისას, საჯარო დაწესებულებამ, სასურველია, პროფკავშირებთან გაიაროს კონსულტაცია. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N488 დადგენილებისა და ავტორიზაციის სტანდარტების აღნიშნული ინდიკატორის შესაბამისად, საგანმანათლებლო პერსონალთან (თუ აღმზრდელ–პედაგოგი ჰყავს აღმზრდელ–პედაგოგი და აღმზრდელი ან თუ აღმზრდელი ჰყავს დაწესებულებას, მაშინ აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე/დამხმარე) გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით სამუშაო საათები, უნდა მოიცავდეს ჯგუფთან საკონტაქტო და არასაკონტაქტო დროს და მათ ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობათა ჩამონათვალს.

შესაძლებელია, დაწესებულებამ შრომის კოდექსის არსებითი პირობებით განსაზღვრული რიგი საკთხები გაწეროს შრომის შინაგანაწესში. ამ შემთხვევაში, შრომით ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს, რომ დასაქმებული გაცნობილია შრომის შინაგანაწესს და რომ შინაგანაწესი წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

შენიშვნა:

შრომით ხელშეკრულებაში „სამუშაო ადგილად“ არ ითვლება ხელშეკრულების ბოლოს დაწესებულების რეკვიზიტებში ასახული მისამართი. ხელშეკრულებაში ცალკე უნდა იყოს ასახული სამუშაო ადგილი.

საქართველოს შრომის კოდექსი ითვალისწინებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. თუმცა, მხარეები გაზრდილი განაკვეთის სანაცვლოდ შესაძლოა შეთანხმდნენ პროპორციული დამატებითი დასვენების დროის გამოყენებაზე. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულება შესაძლოა ითვალისწინებდეს ჩანაწერს, რომ „ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდებიან საქართველოს შრომის კოდექსის 27–ე მუხლის მე-2 ან მე–3 პუნქტების გამოყენების თაობაზე“ ან შესაძლოა, შრომითი ხელშეკრულება წინასწარ ადგენდეს ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების/კომპენსირების კონკრეტულ მიდგომას.

იხილე ასევე:

პერსონალის შერჩევა შესაძლებელია კონკურსით ან პირდაპირი დანიშვნით - რას მოიცავს საბავშვო ბაღის მართვის მარეგულირებელი დოკუმენტი

რა უნდა იცოდეთ, რომ საბავშვო ბაღში მეთოდისტად დასაქმდეთ - ფუნქციებისა და საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი