ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის წესის ოთხი სტანდარტიდან ერთ-ერთი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერაა.
ამ ნაწილში სტანდარტი განსაზღვრავს პერსონალის კვალიფიკაციასთან, მათ მართვასა და გავნითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
როგორც „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევშია“ აღნიშნული, ამ სტანდარტის ერთ-ერთი ინდიკატორის მიხედვით, იმისათვის, რომ დაწესებულება გამართულად ფუნქციონირებდეს, თანამშრომელთა კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები უნდა შეესაბამებოდეს მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ინდიკატორი ითხოვს, რომ პერსონალის კვალიფიკაცია შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კანონის დონეზე პერსონალი დაყოფილია შემდეგ ჯგუფებად:
1. აღმზრდელ–პედაგოგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსაზღვრულია აღმზრდელ–პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N478 დადგენილებით. შესაბამისად, ამ პოზიციაზე მომუშავე პერსონალი აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს;
2. დირექტორი
საჯარო დაწესებულებების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულო ნდივიდუალურად. შესაბამისად, საჯარო დაწესებულების დირექტორების კვალიფიკაცია ამ ნორმატიული აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში უნდა გადამოწმდეს. ამ ნაწილში კერძო დაწესებულებები არიან თავისუფალნი. მათ არ ეხებათ აღნიშნული ნორმატიული აქტი, ამიტომ, დაწესებულების დონეზე თავად უნდა დაადგინონ დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დაიცვან ის ამ პოზიციაზე კადრის შერჩევის პროცესში;
3. სხვა პერსონალი
კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი. შესაბამისად, დაწესებულებაში არსებული პერსონალის კვალიფიკაცია უნდა გადამოწმდეს ამ ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ დაწესებულებას აყვანილი ჰყავს ისეთ პოზიციაზე კადრი, რომლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც არ არის დარეგულირებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი აქტით ან თუ ასეთი აქტი არ არის გამოცემული, მაშინ დაწესებულებას თავად უნდა ჰქონდეს შემუშავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები შესაბამისი პოზიციებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება ინტეგრირდეს სამუშაო აღწერილობებში, ან განსაზღვრული იყოს პერსონალის მართვის მარეგულირებელი დოკუმენტში, ან დაწესებულებას წარმოდგენილი ჰქონდეს სხვა ფორმით. მნიშვნელოვანია, დაწესებულებას ჰქონდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან პერსონალის შესაბამისობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მაგალითად, თუ საკვალიფიკაციო მოთხოვნები ითხოვს სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილებას, დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს პერსონალის პირად საქმეში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა და სხვა.
დაწესებულება უნდა აწარმოებდეს პერსონალის პირად საქმეებს. პირადი საქმის სავალდებულო რეკვიზიტები განსაზღვრული არ არის ნორმატიული აქტით, დაწესებულება პირადი საქმის სრულყოფისათვის დოკუმენტაციის ნუსხას განსაზღვრავს თავად და ხდის მას სავალდებულოდ. ზოგადად, ვაკანტური პოზიციისათვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებით ხდება თანამშრომლის პირადი საქმის ფორმირება, რა დროსაც დაწესებულება ეყრდნობა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს.
იხილეთ ასევე: