დღის თემა
etaloni.ge
„ყველამ იხილა წმინდა გიორგი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა“ - რას აღნიშნავს საქართველოს გერბზე გამოსახული წმინდანი
06.05.2023
დღეს, 6 მაისს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. წმინდა გიორგი ეკლესიის ისტორიაში საკვირველთმოქმედისა და ძლევაშემოსილის სახელით არის შესული.

წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ  კი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის, - ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, თავი მოკვეთეს. 

წმინდა გიორგის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები - კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები - სცემენ თაყვანს. წმინდანის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში - ყურანშიც მოიპოვება.

თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი საქართველოს განსაკუთრებულ მფარველად ითვლება და განსაკუთრებით უყვართ. ბოროტებასთან მებრძოლი, სიმართლის და გამარჯვების სიმბოლო, ქართველების სანუკვარი იდეალების გამოხატულებად იქცა და ოდითგანვე მიიჩნევდნენ მფარველად და შემწედ. გადმოცემის თანახმად, გიორგიმ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით გველეშაპი განგმირა და მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. მის თაყვანისცემას ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნის დასაწყისში დაედო საფუძველი. საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმინდანის სახელობის რომელიმე ტაძართან ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. 

სავარაუდოდ, პირველი ტაძარი წმინდანის სახელზე ბოდბეში, წმინდა ნინოს თაოსნობით აიგო, რომელიც წმინდა გიორგის ბიძაშვილი იყო და ქართველმა ერმა მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ. ბოდბის მონასტრის მთავარი ტაძარი დღემდე წმინდა გიორგის სახელობისაა. მისი სახელობის ტაძრები აგებულია არა მარტო ქალაქებსა და სოფლებში, არამედ კლდეებზე, მთის მწვერვალებზე და მიუვალ ადგილებში, რომელთა კედლებს ამშვენებენ მისი ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი უძველესი ფრესკები.

წმინდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან ერთ-ერთი უძლიერესთაგანია შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, უსჯულო მტრის შემოსევისას ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი, დაბანაკებული იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმინდა გიორგის ეკლესია იყო აგებული და ევედრებოდა წმინდა მოწამეს მოსალოდნელ ბრძოლაში შეწევნას. გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სანახავი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა ადვილად დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმინდა დიდმოწამე გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესიას.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს. გიორგი საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელია და ქვეყანაში ყველაზე მეტი ეკლესია სწორედ წმინდა გიორგის სახელს ატარებს. საქართველოს სახელმწიფო გერბის მთავარი ფიგურაც წმინდა გიორგია. გერბზე წმინდნი გამოსახულია, როგორც ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი. გერბის ფარზე მეწამულ ველზე წმინდა გიორგის გამოსახვა ხაზს უსვამს ამ ფიგურის პრიორიტეტულობას და მის მნიშვნელობას ქართველი ხალხის ცნობიერებაში.

უძველესი დროიდან მოყოლებული, წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი არაერთი ლიტერატურული თხზულება და ლექსი შეიქმნა.

ქართული ხალხური ლექსი წმინდა გიორგიზე:

წმინდა გიორგი ცხენზე ზის,
ქვეშ უქრის ნიავქარია,
მხარზედა ჰკიდავნ მათრახი
სამოცდასამი მხარია.
ვისაც დაუქნევს, დააჩნევს -
ცხენზე დაკრული მწარია.
შამაუარა საყმოთა,
სულ შააგროვა ყმანია,
უგულოს გული ჩაუდგა,
წელზე შააბა ხმალია.

ტროპარი:

ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: 

მოიმუშაკე ღმრთისა მიერ და გამოჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა, გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა თვისსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

იხილეთ ასევე:

რიტუალები და სიმღერა, რომელსაც არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა - „ბატონების საამებლად შესრულებული წეს-ჩვეულებები ბავშვებისთვის შედეგიანი იყო“

„ბები, ერთი კვერცხი მომე“ - რატომ ითხოვენ აღდგომის მახარებელი ბავშვები დღესასწაულის დადგომამდე წითელ კვერცხებს
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი