დღის თემა
etaloni.ge
სტრატეგიები და გამოწვევები ბაღის აღმზრდელებისთვის - „დააგეგმინეთ დღე ბავშვებს“
06.05.2023

დილით ბაღში მოსულ ბავშვებს ჰკითხეთ, რისი გაკეთება უნდათ და მზად იყავით რჩევების მისაცემად, ამავე დროს, მიეცით შანსი, თავად შეადგინონ გეგმა, - წერია საბავშვო ბაღის აღმზრდელების მეთოდურ სახელმძღვანელოში, რომელიც ადრეული განათლების კურიკულუმს ეხება.

სტრატეგიები და გამოწვევები:

საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ბავშვებს უნდა სთხოვოს, დაფიქრდნენ, რა ნივთები სჭირდებათ თამაშისთვის. მაგალითად, თუ ბავშვი იტყვის, რომ სენსორულ მაგიდასთან, ქვიშაში თამაში უნდა, დაუსვით ისეთი კითხვები, რაც დაგეგმვაში დაეხმარება: „რა გინდა გამოიყენო? შეძლებ, თვითონ აიღო?“

აღმზრდელმა ასევე მაგალითი უნდა მისცეს ბავშვებს და გაახმოვანოს, როგორ გეგმავს. მაგალითად, როცა ხელოვნების პროექტისთვის მასალას ამზადებთ, ხმამაღლა აღნიშნეთ: „ამ მაგიდასთან სამი ბავშვის ადგილია, უნდა ავიღო სამი სამუშაო ხალათი, სამი ფუნჯი და სამი სახატავი ჭიქა“. „მინდა, კუბურებისგან ციხესიმაგრე ავაშენო. ამისთვის, ჯერ მყარი საძირკველი უნდა გავაკეთო“.

თამაშის დასრულების შემდეგ, ჰკითხეთ ბავშვებს, გაიხსენონ გეგმა და გაიაზრონ, როგორ შეასრულეს. მაგალითად, როგორ შევღებეთ ჩვენი ფიგურები, დავსვარეთ ტანსაცმელი? როგორი გამოვიდა შენობა? რა მასალა გამოვიყენეთ? რომელი მასალით გაგვიჭირდა კონსტრუქციის აგება, რომლით იყო ადვილი? როგორ გადაჭერით პრობლემა? და ა.შ.

ექსკურსიების დაგეგმვისას დაეხმარეთ ბავშვებს, იფიქრონ ყველაფერზე: რას ნახავენ, რისი გაკეთება მოუწევთ. დასრულებისას, ისევ განიხილეთ, როგორ იყო ეს ყველაფერი. დაფიქრდნენ, რას ელოდნენ და რა მოხდა განსხვავებული.

თამაშის დაწყების წინ ჰკითხეთ ბავშვებს, რა აქვთ ჩაფიქრებული. მაგალითად, „გაქვს რამე იდეა, რა უნდა ააშენო, რა უნდა დახატო, გამოძერწო“.

ბავშვებთან საუბარი იმის შესახებ, რა მოხდება ხვალ, ეხმარება მათ ფიქრში. შეეცადეთ, გაზარდოთ მათი ცნობისმოყვარეობა, დააინტერესეთ და სთხოვეთ, თვითონაც მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილებაში. „ხვალ შევღებავთ ჩვენს ხის ფიგურებს. ნიკა, რომელი ფერით გინდა, შენი ფიგურა შეღებო? რა უნდა გავაკეთოთ, საღებავებით რომ არ დავისვაროთ ტანსაცმელი?“

განავრცეთ ბავშვის იდეები: „რა შეიძლება კიდევ დავდოთ ამ ციხესიმაგრეზე?“

იხილეთ ასევე:

რეკომენდაციები ბაღის აღმზრდელებს ზოოპარკში ექსკურსიისთვის

საბავშვო ბაღში მასწავლებლისა და აღსაზრდელის ურთიერთობის ხარისხი სკოლაში მიღწევებს განაპირობებს - კვლევის შედეგები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი