დღის თემა
etaloni.ge
რა ასაკიდან შეუძლია ბავშვს რეალურად ტყუილის თქმა - „ამ დრომდე მისი ნაამბობი სიცრუედ არ უნდა ჩავთვალოთ“
04.05.2023

4 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ წარმოიდგინონ ის, რაც სინამდვილეში არ იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ, რომ ამით მორალურ წესებს არღვევენ, - აღნიშნავს კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია, რომლის აზრით ამ ასაკში ნათქვამი ამბავი ტყუილად არ უნდა აღვიქვათ.

„4 წლამდე ასაკის ბავშვის ტყუილი, ტყუილი არ არის. ამ ასაკში აქტიურად მიმდინარეობს ბავშვის აზროვნების, მეტყველების და ფანტაზიის განვითარება. ბავშვი ამ ასაკში ხშირად წარმოსახვით არის გატაცემული. წარმოსახვითი ისტორიებით, პერსონაჟებით, მეგობრებით არის მისი ყოველდღიურობა მოცული. მშობლის ცხოვრებაში ადრე თუ გვიან დგება ისეთი მომენტი, როდესაც  შვილის „ტყუილს“ აღმოაჩენს და იწყებს საკუთარი თავის დადანაშაულებას - „როგორ შეეძლო ჩემი მოტყუება, მე ხომ ვცდილობდი სწორად აღმეზარდა?“, „მე ყოველთვის ვენდობოდი და მხოლოდ კარგას ვასწავლიდი“... და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ტყუილის მსგავსი რამ შეიძლება უკვე 2 წლის ასაკში გამოავლინოს ბავშვმა, 4 წლამდე მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ტყუილის თქმა. მათ ამ ასაკში ჯერ კიდევ არა აქვთ იმდენად განვითარებული ლოგიკური აზროვნების უნარი, რომ მოიფიქრონ ტყუილის სქემა, მათ არ შეუძლიათ მოვლენებს სხვა ადამიანის თვალით შეხედონ. იმდენად არა აქვთ განვითარებული  წარმოსახვა, რომ მოიფიქრონ არარსებული დეტალები. ისინი რთულად განასხვავებენ ჯერ კიდევ რეალობას და ფანტაზიას, ადვილად გადაერთვებიან  ხოლმე და ავიწყდეათ კიდეც. 4 წლამდე ასაკში აქტიურად უვითარდებათ ფანტაზია და მათ შეიძლება მარტივად აერიოთ ის რაც რეალურად იყო და რა „ვითომ-ვითომ“.

მშობელი, რა თქმა უნდა, ხშირად შფოთავს, ეშინია და ბავშვის ფანტაზიას და წარმოსახვას ტყუილს და სიცრუეს უწოდებს. მაგრამ ეს სრულიად სხვადასხვა რამ არის. ბავშვი ხშირად საკუთარი თამაშის გმირი ხდება, ირგებს სხვადასხვა როლებს. არის ყველაზე ძლიერი, მამაცი და გონიერი. ეს ყველაფერი აუცილებელია მისი ნორმალური და სრულფასოვანი განვითარებისათვის“, - ამბობს ნანა ფიფია.

ფსიქოთერაპევტი მშობლებს უხსნის, რატომ ამბობენ ბავშვები ტყუილს და მათ რეკომენდაციებსაც აძლევს:

„წარმოსახვა არის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი რამ, რაც უნდა განვავითაროთ ბავშვი და  მივცეთ მიმართულება. თუ დღეს თქვენი შვილი მთელი შემართებით და ენთუზიაზმით გიყვებათ სრულიად არარეალურ ისტორიას, ნუ იჩქარებთ და ნუ გააკრიტიკებთ. პირიქით, იქნებ შესთვაზოთ, მისი ისტორიის მიხედვით შექმანას ნახატი ან კიდევ გამოძერწოს ცალკეული პერსონაჟები.

ბავშვი ამ ასაკში იმდენად არის მოცული საკუთარი წარმოსახვით, რომ თავადაც სჯერა საკუთარი ფანტაზიის. მშობელი თუ ყურადღებით მოუსმენს ბავშვს, ადვილად შუძლია გაიგოს თუ რა სურს ბავშვს. რადგან ხშირ შემთხვევაში, ბავშვი იმაზე საუბრობს, რაზეც ოცნებობს. მისი ისტორიებიდან შეიძლება გაიგოთ მისი ბუნების, ხასიათის შესახებ ბევრი რამ.

ასაკის მატებასთან ერთად, უკვე სახეზეა სხვა ტყუილი - ნამდვილი ტყუილი. დაახლოებით 4 წლის ასაკის შემდეგ ბავშვი უკვე უკეთესად ორიენტირდება და ხვდება, მაგალითად, რისთვის დასაჯეს ან პირიქით-შეაქეს და ადვილად შეუძლია თავის სასარგებლოდ წარმოაჩინოს სიტუაცია. ბავშვები, დაახლოებით 7-8 წლის ასაკიდან, კარგად განასხვავებენ უკვე ფანტაზიას და რეალობას. ტყუილი უკვე გარკვეულ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება მათთვის. ბავშები უკვე კარგად ხვდებიან იმას, რომ ტყუილი იმიტომ კი არ არის ცუდი, რომ მშობელს არ მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ ეს ცუდია და ამის შემდეგ შეიძლება მისდამი ნდობაც კი დაკარგონ“.

იხილეთ ასევე:

რატომ კბენენ ბავშვები ერთმანეთს ბაღში და რა უნდა მოიმოქმედოს ამ დროს აღმზრდელმა

სანამ ბავშვი პასუხს გაგცემთ, დაითვალეთ გულში 10-მდე - ამ სტრატეგიას დიდი ძალა აქვს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი