დღის თემა
etaloni.ge
აღმზრდელმა კი არ უნდა მიუთითოს ბავშვს, მან თვითონ უნდა აირჩიოს და ის გააკეთოს, რაც სურს - პოპულარული პედაგოგიკის პრინციპები
04.05.2023

მარია მონტესორი  XX საუკუნის იტალიელი პედაგოგი, მეცნიერი, ფილოსოფოსი, ჰუმანისტი, ფემინისტი და ღრმად მორწმუნე კათოლიკე გახლდათ. მისი განათლების მეთოდი ამჟამად მთელ მსოფლიოში მრავალ საზოგადო თუ კერძო სკოლასა და ბაღში გამოიყენება.

მონტესორის პედაგოგიკაში დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვისადმი ინდივიდუალურ მიდგომას და სწორად ორგანიზებულ გარემოს. მონტესორის სისტემის თანახმად, ბავშვი თვითონ ირჩევს გარემოდან მისთვის საინტერესო მასალას და მას საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე შეიცნობს. ამ პრინციპზე დაყრდნობით, მონტესორის აღზრდის სისტემის ძირითადი ელემენტი გარემო და განმავითარებელი მასალებია.

გარემო იმგვარად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ უბიძგებდეს ბავშვს უფროსის დახმარების საჭიროების შემცირებისა და დამოუკიდებლად მოქმედებისკენ. საგნობრივი გარემო - მაგიდები, სკამები, სათავსოები - ბავშვის პროპორციების შესაბამისია.

მარია მონტესორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მოტორიკისა და სენსორული უნარების განვითარებას. ბავშვებს ისეთ გარემოს უქმნიდა, რომელიც მათ აღუძრავდა მოქმედების სურვილს, მოქმედებისას კი ხდებოდა მათი უნარების გამოვლენა და განვითარება.

აღნიშნული მეთოდის თანახმად, მასწავლებელი კი არ მიუთითებს ბავშვს, თუ რა უნდა გააკეთოს, არამედ ბავშვი გარემოდან თვითონ ირჩევს მასალას და ამ მასალით აკეთებს იმას, რასაც მისი „შინაგანი, შემოქმედებითი სული კარნახობს“. ცნობილია, რომ ბავშვი უკეთ ითვისებს მაშინ, როდესაც ის აქტიურად არის მოქმედებაში ჩართული. მონტესორის სისტემისთვის მნიშვნელოვანია დიდი ეზო თავისუფალი მოძრაობისთვის და პატარა ბოსტანი.

სამეცადინო გარემო მონტესორის სისტემაში ჰგავს „ბავშვის სახლს“ - იგი მაქსიმალურად მიმსგავსებულია სახლის სიტუაციას. ავეჯი და მასალა სრულად შეესაბამება იქ მყოფთა გაბარიტებს. მაგიდები, სკამები, კარადები/სათავსოები იმდენად პატარა და მსუბუქია, რომ 3-4 წლის ბავშვებსაც შეუძლიათ მათი გადაადგილება და სივრცის საკუთარი სურვილისამებრ მოწყობა.

პატარა კარადები და მათი თაროები ბავშვის თვალის გასწვრივაა განთავსებული. პირსაბანი და პატარა სამზარეულო ასევე შეესატყვისება ბავშვის სიმაღლეს. ბავშვებს, თამაშისა თუ სხვადასხვა საქმიანობის შემდეგ, ევალებათ გარემოს მოწესრიგება, გამოყენებული სათამაშოების თავის ადგილზე დაბრუნება, გაწმენდა, საკუთარი ჭურჭლის გარეცხვა, მაგიდების დასუფთავება.

აღნიშნული აქტივობები, რომელიც სახლში ბავშვების უმრავლესობისთვის აკრძალულია, მონტესორის აზრით, ავითარებს პატარების მოტორიკას, მოძრაობის კოორდინაციას. იმავდროულად, ბავშვები ითვისებენ პრაქტიკულ უნარებს და უფროსებისგან მეტად დამოუკიდებლები ხდებიან.

მონტესორის აზრით, თანამედროვე სათამაშოები - დაწყებული თოჯინების ავეჯით, დამთავრებული მეომართა იარაღით, წარმოადგენს ჩვენი, უფროსების, გამოცდილებას. პატარებს კი სიამოვნებას მეტად მარტივი სათამაშოები ანიჭებთ.

ხშირად ბავშვები საკუთარი შექმნილი ნივთებით უკეთ თამაშობენ. ამიტომ ავეჯის მაგივრად მონტესორი უკეთეს სათამაშოდ ხის კუბებს ან პატარა ნაფოტებს მიიჩნევს, რომლებითაც ბავშვები საკუთარი ფანტაზიით აწყობენ ოთახის მოწყობილობებს.

მონტესორი დიდ ყურადღებას უთმობდა სკოლამდელთა აღქმის განვითარებას. მისი მასალები მიმართული იყო კონკრეტულად გრძნობის რომელიმე ორგანოს განვითარებისკენ, მაგრამ იმავდროულად გრძნობის სხვა ორგანოების განვითარებასაც უწყობდა ხელს. ბავშვი თამაშში ეცნობოდა კატეგორიებს: დიდი-პატარა, ხმაურიანი–ჩუმი, გლუვი-ხაოიანი; აფიქსირებდა მათ შორის განსხვავებას, არჩევდა ფორმებს, ფერებს, საგნების მასალას და ამით აზროვნების რთულ ოპერაციებს – ანალიზსა და სინთეზსაც ეუფლებოდა.

გემოს შეგრძნებების განვითარებისთვის - სხვადასხვა გემოს მქონე საკვებს ან სითხეს იყენებდა; ტემპერატურის შეგრძნებისთვის - თერმულ ბოთლებს; სუნის შეგრძნებისთვის კი - ქილებს სხვადასახვა სურნელით.

მონტესორის სისტემა მთლიანად ბავშვის მოქმედების მოთხოვნილებებზე დაფუძნებულ გარემოს ორგანიზებას ემყარება. მეცადინეობები მთლიანად ბავშვის აქტივობაზეა დაფუძნებული, რომლის გასაშლელადაც, უპირველეს ყოვლისა, გარედან მასალის მიწოდებაა საჭირო.

იხილეთ ასევე:

სკოლამდელი განათლების სპეციალისტის 8 შეგონება ბაღის აღმზრდელებს

„ქვეყანაში არ არსებობს ბაღისა და სკოლის კავშირი, არ მიჰყავთ ბაღის ბავშვები მომავალ სკოლაში, არ აცნობენ სივრცეს“ - ნანა დიხამინჯია

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი