დღის თემა
etaloni.ge
სასკოლო ასაკის კიდევ გადაწევაზე მსჯელობის დაწყებას განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ითხოვს
03.05.2023
1-ელ ნოემბრამდე დაბადებული ბავშვები წელს, 2023-2024 სასწავლო წელს სკოლაში შესვლას შეძლებენ.

ახალი გადაწყვეტილება, ზოგადი განათლების კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, დღეს, 3 მაისს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით უკვე მიიღეს და მესამე მოსმენაც დღესვე, დაჩქარებული წესით არის დაგეგმილი. პარლამენტის სხდომაზე მესამე მოსმენით გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი, ახალ ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. 

როგორც კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების ნაწილში სასკოლო სისტემა მთლიანად მზად არის, რომ 5 000-მდე პირველკლასელი დამატებით მიიღოს სკოლებში. 

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი აცხადებს, სამომავლოდ დაგეგმილია, რომ სკოლაში შესვლა იმ ბავშვებმა შეძლონ, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის სხდომაზე ითხოვა, ასე დაჩქარებული წესით რომ არ მოუწიოთ კანონის ამ მუხლის შეცვლა მომავალი წლისთვისაც, უკვე დაიწყონ კვლევა, აქვთ თუ არა რესურსი, მომდევნო სასწავლო წლისთვის სასკოლო ასაკი კიდევ გადაიწიოს. 

სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვის შეყვანა მშობლისთვის ნებაყოფლობითია და აუცილებლობას არ წარმოადგენს.

2 მაისს პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო, რა დროსაც შესაძლებელია იმ ბავშვების რეგისტრაცია, რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში, ასევე, მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია და ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

მესამე ეტაპი, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია, 17 მაისიდან დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველკლასელთა რეგისტრაციის ყველა დეტალი იხილეთ აქ მითითებულ ბმულზე: პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები და ეტაპები - დეტალები

იხილეთ ასევე: 


„მშობლებს დავაკვალიანებთ, არის თუ არა მათი 5 წლის შვილი სკოლისთვის მზად“ - განათლების მინისტრის მოადგილე

1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებს უფლება აქვთ, სკოლაში შევიდნენ - განათლების მინისტრი
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი