განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლამდელი დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი შეიმუშავა, რომელიც ფარავს ადრეული სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებს.
როგორც აღნიშნული ცენტრის სტრატეგიის 2023 წლის სამოქმედო გეგმაში ვკითხულობთ, უნდა მოხდეს ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევის წიგნებად დაბეჭდვა და ისინი გადაეცეთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.
სამოქმედო გეგმის მიხედვით, საბავშვო ბაღებისთვის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი“ 2 200 ეგზემპლარად უნდა დაიბეჭდოს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წიგნის დასაბეჭდად ტენდერი 3 აპრილს გამოაცხადა და მზად იყო, 11 950 ლარი გადაეხადა, თუმცა უკვე გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2 200 წიგნის დაბეჭდვა 5 940 ლარი დაჯდება. გამოდის, რომ პრიალა ქაღალდზე დაბეჭდილი ერთი წიგნის ღირებულება 2 ლარი და 70 თეთრი იქნება.
წიგნის ტექნიკური მახასიათებლები:
► წიგნის ყდა უნდა იყოს 250 გრამი, ბარხატი ლამინაციით შერჩევითი ლაქით, ორმხრივი ფერადი ოფსეტური ბეჭდვით;
► შიდა ფურცელი: 120 გვერდი, 130 გრ. ცარცის პრიალა ქაღალდი, ფერადი ოფსეტური ბეჭდვით;
► აკინძვა: თერმული;
► ფორმატი: B5.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კურირებს, საბავშვო ბაღების პირველადი ელექტრონული რეგისტრაცია 2023 წლის 31 მარტს დასრულდა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში სულ 2028 სკოლამდელი არზრდის დაწესებულებაა, საიდანაც 1705 საჯაროა და 323 - კერძო. აღრიცხულ საბავშვო ბაღებში სულ რეგისტრირებულია 163 975 აღსაზრდელი.
იხილეთ ასევე: