დღის თემა
etaloni.ge
„საბავშვო ბაღის თანამშრომლებს მოემატოთ ხელფასი და შეიცვალოს გრაფიკი“ - აღსაზრდელების მშობლები პეტიციის შედგენას აპირებენ
02.05.2023

„საჯარო ბაღები დაიწყოს დილის 08:30 საათზე და დასრულდეს 19:00-ზე, რომ შეთავსებადი იყოს მშობლების სამუშაო გრაფიკთან“, - ამ მოთხოვნით საბავშვო ბაღები პეტიციის შედგენას აპირებენ.

მშობლებმა აღნიშნული მოთხოვნა სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი ჯგუფში გაავრცელეს. ისინი ასევე ამბობენ, რომ ეს მოთხოვნა მასწავლებლების ანაზღაურების გაზრდის პარალელურად უნდა განხორციელდეს, რადგან ბაღებში ისედაც მიზერული ხელფასებია.

მშობლები ჩივიან, რომ სამსახურის გრაფიკი ვერაფერით შეათავსეს საჯარო ბაღის გრაფიკს.

მშობლები წერენ:

„შეუსაბამოა დღეს ბაღების და სამსახურების საკითხი, ვერ წაიყვან შვილს ბაღში და ვერც გამოიყვან. არჩევანის წინაშე დგება მშობელი შვილსა და სამსახურს შორის“.

„ძირითადად სამსახურები იწყება 9 საათზე და მთავრდება 6-ზე. ასეთია ბაღის გრაფიკიც. მე პირადად 9-მდე რომ არ შემიძლია ბავშვის დატოვება ბაღში, ამის გამო პრობლემა მექმნება. 15 წუთით ადრე მაინც რომ იტოვებდნენ ბაღში ბავშვებს და ნახევარი საათით საღამოს, ეს დიდ პრობლემას მომიხსნიდა. მესმის ბაღის მასწავლებლების და მათ მიმართ პრეტენზია არ მაქვს. უბრალოდ, მგონია, სახელმწიფო უნდა ფიქრობდეს ამაზე. გრაფიკი უნდა იყოს მორგებული ძირითად სამუშაო დროზე. მე, მაგალითად, არ მყავს ბავშვის დამტოვებელი, დამხმარე და ძალიან მიჭირს ამ მხრივ“.

„სამუშაო გრაფიკს გავაპროტესტებდი, ვიდრე ბაღის გახანგრძლივებას. ბავშვთან ურთიერთობის დროს კიდევ უფრო ამცირებს. სამსახური უნდა იწყებოდეს 10-ზე და მთავრდებოდეს 5 საათზე“.

„მოამზადეთ პეტიცია, რომელიც სკოლამდელი ბავშვების მშობლებს შეღავათს მისცემს სამსახურის დაწყება/დასრულებასთან დაკავშირებით. რატომ უნდა გაატარონ ბავშვებმა ნაკლები დრო მშობლებთან, მშობლებმა გაატარონ ნაკლები დრო სამსახურში“.

„ბაღის საათები შეწყობილი უნდა იყოს სამუშაო საათებთან. ამას უნდა არეგულირებდეს სახელმწიფო შრომის კოდექსის საფუძველზე და ერთი სამუშაო დღე არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს - გამონაკლისია ცვლების განრიგი, მაგალითად, საავადმყოფოებში ან ისე სამსახურებში, სადაც ღამეც მუშაობენ. მეცნიერული კვლევების საფუძველზე დაყრდნობით, ადამიანს დღის განმავლობაში მხოლოდ 8 საათი შეუძლია ეფექტურად მუშაობა, აქედან მხოლოდ 5 საათია ნაყოფიერი. საბავშვო ბაღებში დილის 8:30-დან 19 საათამდე 10,5 საათია. წარმოიდგინეთ ბავშვი ამ ხნის განმავლობაში რამხელა დატვირთვას გადის. მხოლოდ ხმაური რომ გაითვალისწინოთ - არ გაინტერესებთ რამდენ დეციბელზე ადის ბაღებში ხმაური? გარდა ამისა, ხმაურს ემატება უწყვეტი კომუნიკაცია ბავშვებთან, აღმზრდელებთან და მასთან თანმდევი კონფლიქტები... და ყველაზე მთავარი - ბავშვს სჭირდება კონტაქტი, სითბო და სიყვარული დედისგან და მამისგან ან ისეთი პირისგან, ვისაც ბავშვი პატარაობიდანვე ენდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშკარა დარღვევები განუვითარდებათ ბავშვებს სოციალურ-ემოციური განვითარების მხრივ. უკეთესია სამუშაო საათები მოარგონ ბაღის საათებს და ყველაზე მთავარია, დამსაქმებლებმა შეიმუშაონ ოჯახზე და ბავშვზე ორიენტირებული სამუშაო პოლიტიკა. დიახ, პრობლემა სამუშაო სფეროშია!“

„იძულებული არ უნდა ვიყოთ, კერძო ბაღებში ვიხადოთ ამდენი ფული. მე ორი შვილი მყავს და უამრავი ფული მჭირდება თვეში კერძო ბაღში. ჩემი მეუღლე მუშაობს და იხდის გადასახადებს, რითიც არსებობენ საჯარო ბაღები და მე კიდევ დამატებით უნდა ვიხადო 1000 ლარი“.

„საჯარო ბაღი არ არის მორგებული მშობელზე. უნდა შეიცვალოს აღნიშნული გრაფიკი და შევიდეს ცვლილებები, როგორც დასვენების საკითხში, ისე განრიგზეც, რომ მშობელს, რომელიც მუშაობს, მეტად შეეწყოს ხელი და ასევე, საბავშვო ბაღების პედაგოგებს მოემატოს ხელფასები“.

„ბაღის გრაფიკის შეცვლა კი არა, სამსახურების გადაწყობა მოვითხოვოთ სკოლისა და ბაღის გრაფიკზე, მე ეს უფრო ლოგიკურად მეჩვენება, ვიდრე ბაღებში დროის ცვლილება“.

იხილეთ ასევე:

„აღმზრდელები სხვა სამსახურებს ეძებენ და თუ ასე გაგრძელდა, საბავშვო ბაღები ბევრ კვალიფიციურ კადრს დაკარგავენ“

ახალი დებულება - სკოლამდელი განათლების საბჭო თვეში ერთხელ განიხილავს შენიშვნებს, მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი