საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ბაღიდან სკოლაში ტრანზიციაა.
როგორ მიმდინარეობს ტრენინგზე ამ საკითხის განხილვა და რა კითხვები უნდა დასვას ტრენერმა, დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი.
აღნიშნული თემის განხილვისას, რომელსაც სულ ორი საათი ეთმობა, ტრენერი მონაწილეებს ეკითხება, რა ასოციაციები უჩნდებათ სიტყვაზე „ტრანზიცია“. გამოთქმულ მოსაზრებებს ტრენერი წერს დაფაზე.
ამის შემდეგ, ტრენერი მონაწილეებს აძლევს დავალებას, ინდივიდუალურად დახატონ ასოციაციები სიტყვებზე: „ბაღი“ და „სკოლა“.
ტრენერი განიხილავს მსურველი მონაწილეების ჩანახატებს და მართავს დისკუსიას ბავშვის მომზადების მნიშვნელობაზე ტრანზიციის პროცესის დროს. შემდეგ კი აკეთებს პრეზენტაციას ტრანზიციის დაგეგმვაზე.
ტრენერი ეკითხება მონაწილეებს: რა სირთულეებს აწყდებიან ბავშვების ბაღთან ადაპტაციის პერიოდში? რაში ვლინდება ეს სირთულეები? რა არის მათი აზრით ამის გამომწვევი მიზეზები? გადააქვს მონაწილეთა მოსაზრებები ფლიფჩარტზე. ტრენერი აჯამებს გამოთქმულ მოსაზრებებს და აჯამებს, რომ ტრანზიციის პროცესი დაკავშირებულია სამ ძირითად ფაქტორთან: „მომზადებული ბავშვი“, „მომზადებული ოჯახი“, „მომზადებული საგანმანათლებლო დაწესებულება“.
ამის შემდეგ ტრენერი მონაწილეებს ყოფს 3 მცირე ჯგუფად და თითოეული ჯგუფი მუშაობს შემდეგ საკითხებზე: რას გულისხმობს მათი აზრით: „მომზადებული ბავშვი“, „მომზადებული ოჯახი“, „მომზადებული საგანმანათლებლო დაწესებულება“. ტრენერი აქცენტს აკეთებს, რომ ამ უკანასკნელში შეიძლება მოვიაზროთ როგორც საბავშვო ბაღი, ისე სკოლა. მუშაობის შემდეგ თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას.
ეფექტური ტრანზიციის დაგეგმვა
ბაღის აღმზრდელს შეუძლია ბავშვის ბაღთან და ბაღიდან სკოლაში უმტკივნეულო ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა.
ამ მიზნით:
ტრენერი მონაწილეებს ყოფს მცირე ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი მუშაობს ერთ საკითხზე: როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვებს ბაღთან ადაპტაციაში? და რა შეგვიძლია გავაკეთოთ სკოლაში ტრანზიციის ხელშესაწყობად? მონაწილეები მცირე ჯგუფებში ირჩევენ ერთ-ერთ თემას და გეგმავენ სააღმზრდელო გარემოში გასათვალისწინებელ აქტივობებს.
მონაწილეები წარმოადგენენ პრეზენტაციას. იმართება დისკუსია. ხდება საკითხის შეჯამება.
ტრენერი აძლევს მონაწილეებს რამდენიმე წუთს, რათა მათ ინდივიდუალურად ჩაიწერონ დღის აღმოჩენები რეფლექსიურ დღიურში.
ბოლოს კი ტრენერი კითხულობს: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები გამოუმუშავდათ მონაწილეებს. მონაწილეები აკეთებენ ჩანაწერებს ყოველდღიურ რეფლექსურ დღიურში და ათავსებენ თავიანთ პორტფოლიოში.
იხილეთ ასევე:
ვის შეუძლია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის გავლა