გამოიყენეთ კბილის პასტა შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიისა და ასაკის შესაბამისი ფტორის შემცველობით.
ბავშვები მოარიდეთ ტკბილ სასმელებს, როგორიც არის წვენები, კომპოტები, გაზიანი სასმელები. გაითვალისწინეთ, რომ ამ ასაკში ყველაზე ჯანსაღი სასმელი წყალია.
შეამცირეთ ტკბილეულის რაოდენობა და ძილის წინ კბილების გამოხეხვის შემდგომ ბოთლით კვება, რათა კბილების კარიესული დაზიანება თავიდან ავირიდოთ.
მნიშვნელოვანია, რომ ტკბილეულის მირთმევის შემდეგ, თუ კბილების გამოხეხვას ვერ მოახერხებს, ბავშვმა წყალი მაინც გამოივლოს, ვინაიდან, კარიესის განვითარების თვალსაზრისით, პირის ღრუში ტკბილეულის დაყოვნების ხანგძრლივობაა მნიშვნელოვანი და არა მისი
რაოდენობა. შესაბამისად, სასურველია, თავი ავარიდოთ საწუწნ კანფეტებს.
კბილების მოვლას ვიწყებთ პირველი კბილის ამოჭრისთანავე 6-8 თვის ასაკში, რაც პირის
ღრუს ჯანმრთელობისთვისა და ჩვევის ჩამოყალიბებისთვისაა მნიშვნელოვანი. სტომატოლოგთან ვიზიტებიც სწორედ ამ დროს იწყება. ადრეული ვიზიტები სტომატოლოგიური მომსახურებისა და პირადი ჰიგიენის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ფორმირებაში გვეხმარება.
გაითვალისწინეთ, რომ მეექვსე კბილი, რომელიც დაახლოებით 5 წლის ასაკში ამოიჭრება,
მუდმივია და გაფრთხილება სჭირდება. სწორედ ამიტომ, მორიგი პროფილაქტიკური ვიზიტი 5 წლის ასაკში უნდა მოხდეს, რათა მოხდეს ფისურების ჰერმეტიზაცია, რომელიც კბილების საღეჭ ზედაპირებს კარიესისგან დაიცავს.
სასურველია, ბავშვთა ასაკში გამოვიყენოთ ჩვეულებრივი ჯაგრისები. ელექტრო ჯაგრისების გამოყენება თინეიჯერობის ასაკიდანაა რეკომენდებული. ჯაგრისი ინახება ღია სივრცეში, თავსახურის გარეშე. ჯაგრისი უნდა შევცვალოთ 2 თვეში ერთხელ, ასევე ავადმყოფობის შემდეგ.