საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა და მისი დებულებაც დამტკიცდა.
დებულების მიხედვით, საბჭო შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური სპეციალისტებისგან.
საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დებულების, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
საბჭოს საქმიანობის მიზანი:
საბჭო არის კომიტეტის სათათბირო ორგანო, რომელიც ეხმარება კომიტეტს სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაგეგმვაში, პოლიტიკის განსაზღვრასა და ცალკეული ინიციატივების ანალიზში.
საბჭოს შემადგენლობა, სტრუქტურა და მუშაობის წესი:
საბჭოს შემადგენლობაში შედის საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს წევრები.
საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც კომიტეტის წევრთაგან ნიშნავს და ათავისუფლებს კომიტეტის თავმჯდომარე. ამასთანავე, კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს დაიკავოს საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია.
საბჭოს თავმჯდომარე საერთო ხელმძღვანელობას უწევს საბჭოს საქმიანობას, წარმართავს საბჭოს სხდომებს და ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმს. მისი არყოფნის შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს ხელმძღვანელობს კომიტეტის სხვა წევრი.
საბჭო არის სათათბირო ორგანო, მისი წევრები მუშაობენ საზოგადოებრივ საწყისებზე და საბჭოში გაწეული საქმიანობისათვის არ იღებენ ანაზღაურებას.
როგორც წესი, საბჭოს სხდომა იმართება თვეში ერთხელ, დამატებითი სხდომის მოწვევა კომიტეტს შეუძლია საჭიროებისამებრ.
საბჭოს წევრები:
საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა და მასში ცვლილებების შეტანა ხდება კომიტეტის გადაწყვეტილებით.
საბჭოს წევრები იკრიბებიან საბჭოს სხდომაზე, გამოხატავენ თავიანთ შენიშვნებს, წინადადებებს, მოსაზრებებს და წარმოადგენენ რეკომენდაციებს ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით.
საბჭოს მუშაობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა:
საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომიტეტის აპარატი.
საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნან საბჭოს არაწევრი პირები.
საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.
საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტა:
საბჭოს უფლებამოსილება უწყდება X მოწვევის საქართველოს პარლამენტის ვადის ამოწურვისთანავე. ამასთანავე, საბჭოს უფლებამოსილება შესაძლებელია შეუწყდეს კომიტეტის გადაწყვეტილებით.
ამ დებულებაში ცვლილების შეტანა და ამ დებულების გაუქმება ხდება კომიტეტის გადაწყვეტილებით.
იხილეთ ასევე:
სკოლამდელ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს 28 წლის გიორგი ჩაკვეტაძე უხელმძღვანელებს