საბავშვო ბაღის აღმზრდელი პატარებს უნდა დაეხმაროს, გააცნობიერონ თავიანთი ემოციები, რაც შემდგომში ამ ემოციების გაკონტროლებაში დაეხმარება, - აღნიშნულია მეთოდურ სახელმძღვანელოში, რომელიც ადრეული განათლების კურიკულუმს ეხება.
პუბლიკაციის მიხედვით, აღმზრდელმა არ უნდა უგულებელყოს ბავშვების ძლიერი ემოციები და ბრაზი. ასევე, უნდა დაეხმაროს, თავად გაიგონ, რას გრძნობენ და რატომ განიცდიან ამას. ამით აგრძობინებთ, რომ მის გვერდით ხართ, გესმით მისი და უფრო მეტად მოგისმენთ.
თამაშები ემოციების კონტროლზე
► ბრაზის მართვა. ბავშვებს დილის წრეზე, ან მცირე ჯგუფებში გააცანით გმირი, რომელიც ხშირად ბრაზობს. ასაუბრეთ ბავშვები, ვინ რაზე ბრაზობს და როგორ გამოხატავს ბრაზს. იმსჯელეთ, გამოხატვის რა ფორმებია მისაღები და რატომ. აჩვენეთ, როგორ უმკლავდება ეს გმირი ბრაზს. არსებობს სხვადასხვა მიდგომები და ხერხები ადრეულ ასაკში ბრაზის მართვის სწავლებაზე, მაგალითად კუს მეთოდი. იმისათვის, რომ ბავშვებმა ეს ხერხები დაისწავლონ, იყავით თანმიმდევრულები და სხვადასხვა ვითარებაში და სხვადასხვა დროს გაიმეორეთ და გაამეორებინეთ ბავშვებს:
► თვითდამშვიდება. ასწავლეთ ბავშვებს დამშვიდების და ემოციების გამკლავების გზები. მაგალითად: ღრმად სუნთქვა, რელაქსაცია – კუნთების დაჭიმვა-მოდუნება, საყვარელი მუსიკის მოსმენა და ა.შ.
► მოაწყეთ სპეციალური მყუდრო კუთხე, სადაც მოათავსებთ სპეციალურ ყუთს დასამშვიდებელი მასალებით. ეს შეიძლება იყოს: სპეციალური გასაფერადებელი, მაგალითად, მანდალა, მუსიკის მოსასმენი აღჭურვილობა, ბუშტუკებიანი შესაფუთი, რბილი ბურთი, ჩასახუტებელი რბილი სათამაშო, სენსორული ბოთლი ან სხვა სენსორული სათამაშო, სათამაშო ზამბარა, ჯოხზე ჩამოცმული ბზრიალა. შეგიძლიათ დაამზადოთ პოსტერი – „როგორ შეგვიძლია დავმშვიდდეთ“, რომელსაც კუთხეში გამოაკრავთ.
► ბრაზის საზომი, „ბრაზომეტრი“ - მშვიდი, გაღიზიანებული, გაბრაზებული, ძალიან გაბრაზებული. ბრაზომეტრი შეგიძლიათ გამოაკრათ ბრაზის მართვის ბარათების გვერდით. ეს იქნება თვალსაჩინო მასალა იმის დემონსტრირებისთვის, როგორ იცვლება
ერთი და იგივე ემოციის ინტენსივობა და როგორ შეიძლება ადრეულ ეტაპზე მისი ამოცნობა, სანამ გაძლიერდება. გამოიყენეთ „ბრაზომეტრი“ ემოციების კომუნიკაციისთვის:
„აბა, ამ სახეებზე მაჩვენე, როგორი გაბრაზებული იყავი. რამდენად ძლიერი იყო შენი ბრაზი“.
იხილეთ ასევე:
რატომ კბენენ ბავშვები ერთმანეთს ბაღში და რა უნდა მოიმოქმედოს ამ დროს აღმზრდელმა