დღის თემა
etaloni.ge
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა 5-6 წლის ბავშვი მზად სკოლისთვის - მეხსიერება და მეტყველება
30.04.2023

2023 წლის სექტემბერში, ახალი სასწავლო წლისთვის, სკოლაში იმ ბავშვებსაც მიიღებენ, ვისაც 6 წელი 1 ნოემბრამდე შეუსრულდება. გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ახლახან მიიღო. სასკოლო ასაკი 2022 წელსაც შეიცვალა და პირველ კლასში შესვლა იმ ბავშვებს შეეძლოთ, ვისაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე უსრულდებოდა.

„მშობლებს დავაკვალიანებთ, არის თუ არა მათი 5 წლის შვილი სკოლისთვის მზად“ - განათლების მინისტრის მოადგილე

საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელოს მიხედვით, ბავშვს მეხსიერება და მეტყველება 5-6 წლის ასაკიდან უვითარდება. როგორი უნდა იყოს ბავშვის მეხსიერება და მეტყველება სკოლაში შესვლის დროს და არის თუ არა პატარა სკოლისთის მზად, ამის გასაგებად აღნიშნულ სახელმძღვანელოში მოყვანილი დეტალები დაგეხმარებათ.

მეხსიერება

თუ უმცროს სკოლამდელ ასაკში მეხსიერების უნებლიე ფორმა იყო წამყვანი, 5–6 წლიდან უკვე ყალიბდება და ვითარდება ნებისმიერი მეხსიერება. თუმცა, მაინც მიზანმიმართული დამახსოვრება და აღდგენა მხოლოდ ეპიზოდურ ხასიათს ატარებს და, ძირითადად, თამაშსა და სხვა აქტივობებში ვლინდება: მაგალითად, უფროსების დავალების შესრულება, ვინმესთვის სხვისი ნათქვამის გადაცემა და ა.შ. ვინაიდან თამაში სკოლამდელი ბავშვის წამყვანი ქცევაა, ბავშვს უფრო ადვილად შეუძლია თამაშის პროცესით დაიმახსოვროს მისთვის რთული მასალა, ვიდრე ხანგრძლივი მრავალსაათიანი მეცადინეობით.

როგორ სწავლობს ბავშვი ნებისმიერად? პირველი, რაც ყველაზე მთავარია, მას კარგად ესმის, რომ მაგალუთად, კონკრეტული ლექსი უნდა დაისწავლოს და შესაბამის ამოცანას ისახავს. ამ ეტაპზე ბავშვი ჯერ კიდევ არ ფლობს სწავლის ხერხებსა და საშუალებებს, ამაში მას უფროსი ეხმარება. ის ასწავლის, გამეორების საშუალებით როგორ დაიმახსოვროს ჯერ სტრიქონები, შემდეგ სტროფები და, ბოლოს, როგორ გააერთიანოს ნასწავლი, იყენებს ისეთ დამხმარე შეკითხვებს, როგორებიცაა: მერე? ამის მერე რა მოხდა? რა მოჰყვება ამ სიტყვას? და ა.შ. ბავშვი თანდათანობით სწავლობს გამეორებას, მასალის გააზრებას, დამახსოვრების მიზნით მასალის პირად გამოცდილებასთან დაკავშირებას და დამახსოვრების სხვა საშუალებების გამოყენებას.

ყველაზე კარგი პირობა ნებისმიერი დამახსოვრებისა და აღდგენისთვის არის თამაშის სიტუაცია, როცა ბავშვს საკუთარი როლის შესასრულებლად სჭირდება რაიმე ტექსტის ან ლექსის დამახსოვრება. მაგალითად, როდესაც ბავშვი ასრულებს გამყიდველის როლს და მას სჭირდება დაიმახსოვროს იმ საგანთა ჩამონათვალი, რომლებსაც ყიდის. ამ შემთხვევაში იგი იმახსოვრებს გაცილებით მეტ სიტყვას, ვიდრე აღმზრდელის ან მასწავლებლის მოთხოვნის შემთხვევაში დაიმახსოვრებდა.  ამავე პერიოდში შეიმჩნევა ლოგიკური მეხსიერების ელემენტები, რომლებიც ეფუძნება მასალის არა პირდაპირ–მექანიკურ აღდგენას, არამედ – ბავშვის მიერ თხრობის პროცესში აღმოჩენილ ლოგიკურ ჯაჭვს. მეხსიერების ეს სახე თავს იჩენს ისეთი მასალის დამახსოვრებისას, რომლის შინაარსიც ბავშვისთვის გასაგებია. მაგალითად, როდესაც ბავშვი ჰყვება ზღაპარს, ის არ არღვევს მის ლოგიკურ თანმიმდევრობას, თუმცა, შეიძლება რაღაც დეტალები გამორჩეს ან თავისი დეტალებით შეავსოს.

5–6 წლის ასაკში სმენითი და ხატოვანი მეხსიერების მოცულობა 5–6 სიტყვაა. აღმზრდელმა შეიძლება იმუშაოს ბავშვის როგორც მექანიკური მეხსიერების, ასევე ლოგიკური მეხსიერების გავარჯიშებაზეც, სმენითი და მხედველობითი მეხსიერების მოცულობის გაზრდაზე. ამ ასაკის ბავშვებს ძალიან მოსწონთ მეხსიერებისა და აზროვნების  განმავითარებელი თამაშები.

მაგალითად, ძალიან პოპულარული თამაშებია: „აღწერე საგანი“  - ბავშვი შეხედავს რაიმე საგანს, დაათვალიერებს მას და შემდეგ თვალდახუჭული ცდილობს აღწეროს იგი; „რა შეიცვალა“ - ბავშვები სხდებიან წრეზე, ერთი ხუჭავს თვალებს და ჯგუფში ხდება ცვლილება: ან ბავშვები იცვლიან ადგილს, ან ტანსაცმელს ცვლიან ერთმანეთში, ან სხვა. ეს შეიძლება მასწავლებელმა დაარეგულიროს სირთულის მიხედვით.

მეტყველება

უფროს სკოლამდელ ასაკში ბავშვები ძალიან სწრაფად იმდიდრებენ სიტყვიერ მარაგს, იყენებენ უფრო რთულ გრამატიკულ კონსტრუქციებს. თუ სამი წლის ასაკში ბავშვის ლექსიკა მოიცავს 1000-1100 სიტყვას, 6 წლისთვის იგი იზრდება 3000-4000 სიტყვამდე. მეტყველება უკვე წამყვან როლს ასრულებს სოციალური კავშირების დამყარების პროცესში. ბავშვი საბოლოოდ ეუფლება მეტყველების ყველა ფორმას: მონოლოგი, დიალოგი, თხრობა. 6 წლისთვის, სიტუაციური მეტყველების შენარჩუნების ფონზე, ბავშვს უყალიბდება კონტექსტუალური მეტყველებაც: მას შეუძლია მოჰყვეს მოსმენილი ზღაპარი, აღწეროს სურათი, გასაგებად გადმოსცეს მის მიერ ნანახი მულტფილმის შინაარსი და ა.შ.

ამ პერიოდის ბოლოსთვის ბავშვი უკვე დაუფლებულია მშობლიურ ენას, ათვისებული აქვს მისი ძირითადი კანონზომიერებანი, სწორად იყენებს მეტყველების ყველა ნაწილს წინადადებებში და მარტივი წინადადებების გვერდით თავს იჩენს რთული ქვეწყობილი და რთული თანწყობილი წინადადებები.

6 წლის ასაკისთვის სრულდება სამეტყველო ბგერებზე სმენის, ფონოლოგიური სმენისა და წარმოთქმის უნარის განვითარებაც. ამ ასაკის ბავშვი მშობლიური ენის ყველა ბგერასა და ბგერათა შეთანხმებას სწორად უნდა წარმოთქვამდეს, კარგად არჩევდეს სხვის ნათქვამ რთულ წინადადებაში ბგერებსა და სიტყვებს. ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებისთვის, სოციალური კონტაქტების დამყარებისა და სასკოლო მზაობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად სწორად წარმოთქვამს ბავშვი ბგერებს და რამდენად კარგად ესმის მიმართული მეტყველების აზრი. ბავშვი, რომელიც გამართულად მეტყველებს, თავისუფლად შედის კონტაქტში როგორც თანატოლებთან, ასევე უფროსებთან; ხოლო ბავშვებს, რომელთაც მეტყველების ბგერითი მხარის განვითარებაში – არტიკულაციაში – აღენიშნებათ შეფერხება, ან უჭირთ გრძელი და რთული წინადადების გაგება, უძნელდებათ კონტაქტში შესვლა ადამიანებთან, ფერხდება მათი ფსიქიკური განვითარებაც.

აზროვნების განვითარება თავისთავად გავლენას ახდენს მეტყველების განვითარებაზე. ამ პერიოდში ბავშვის ყოველდღიურ ლექსიკაში ჭარბობს ისეთი სიტყვები, რომლებიც გამოხატავს მიზეზ–შედეგობრივ, მიზნობრივ მიმართებებს: „იმიტომ, რომ“, „ იმისათვის, რომ“ „ თუ, მაშინ“ და ა.შ. ბავშვი ახერხებს ფრაზებში ძირითადი და მეორეხარისხოვანი წინადადებების გამოცალკევებას. ასევე აცნობიერებს შეცდომებს მეტყველებაში: მაგალითად, 6 წლის ბავშვს კარგად ესმის, რომ არ შეიძლება თქვას: „გუშინ მე წავალ“, რადგან იცის, რომ წავალ გულისხმობს მომავალს, გუშინ კი – წარსულს. ამ მიმართულებით სწორად დაგეგმილ სააღმზრდელო მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვის სასკოლოდ მომზადებისთვის, რადგან იგი არამარტო სწავლობს სწორად გამოთქვას საკუთარი აზრი, არამედ ანალიზს უკეთებს საკუთარ მეტყველებას, რაც აუცილებელი პროცესია სკოლაში შემდგომი აკადემიური ჩვევების ათვისებისთვის.

უფროსი სკოლამდელის მეტყველებაზე დიდი ზეგავლენა აქვს მხატვრული ლიტერატურის გამოყენებას. ამ ასაკში მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება არამხოლოდ ნაწარმოების შინაარსობრივ მხარეზე, არამედ მის ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებზე: ლექსიკა – სინონიმები, ანტონიმები, ახალი სიტყვები, ჟანრი – მოთხრობაა თუ ზღაპარი. სასურველია, თუ ბავშვს მივაწოდებთ მრავალფეროვან ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს: წავუკითხავთ ლექსებს, ზღაპრებს, მოთხრობებს და აქცენტს გავაკეთებთ მათ შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე.

ამრიგად, 5-6 წლის ბავშვის:

► აღქმა წინა პერიოდთან შედარებით უფრო დანაწევრებული და სპეციფიკურად ორგანიზებულია, თუმცა წამყვანი მაინც საგნის თვალსაჩინო მახასიათებლებია;

► ყურადღება ნებისმიერ ხასიათს ატარებს და ბავშვს ნებისმიერად შეუძლია წარმართოს და შეაჩეროს ყურადღება რაიმე საგანსა და მოვლენაზე;

► მეხსიერება ნებისმიერ ხასიათს ატარებს, თუმცა მიზანმიმართული დამახსოვრება და აღდგენა მაინც ეპიზოდური ხასიათისაა და, ძირითადად, თამაშში ვლინდება;

► აზროვნება თვალსაჩინო-ხატოვანია, თუმცა წინა პერიოდთან შედარებით იზრდება განზოგადების დონე;

► მეტყველება აქტიური განვითარების პროცესშია და ამ პერიოდის ბოლოსთვის ბავშვი უკვე დაუფლებულია მშობლიურ ენას.

იხილეთ ასევე:

ბაღის აღმზრდელს ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ბავშვის აღქმის განვითარებაში, თუ...

როგორ უნდა მოიქცეს ბაღის აღმზრდელი, როდესაც ბავშვები სათამაშოების გამო ჩხუბობენ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი