მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკვე გამოსცა.
„კარანტინი გამოცხადდა ქალაქ მარტვილში, დაავადების კერიდან 10 კილომეტრის რადიუსში. განკარგულების თანახმად, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში, გატარდება ცხოველების ვაქცინაცია, 2-3 კილომეტრის რადიუსით, განურჩევლად წინა ვაქცინაციის ჩატარების ვადებისა, აცრილი ცხოველის იზოლირება უნდა მოხდეს აცრიდან 60 დღის განმავლობაში. კარანტინის პერიოდში, იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც. მოხდება ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებისა და დადორბლილი საგნების დეზინფექცია.
განკარგულების შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც დაკბენილები ან დადორბლილები იყვნენ ცხოველის მიერ, აყვანილ იქნენ ანტირაბიულ კონტროლზე.
არსებული კარანტინი მოიხსნება ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ“, - იტყობინება მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია.
როგორც ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, 24 აპრილს, მარტვილში დაფიქსირდა მიუსაფარი ძაღლის მიერ 10 ადამიანის დაკბენის ფაქტი. ყველა მათგანს ჩაუტარდა პრევენციული, ანტირაბიული მკურნალობა. ძაღლი დაკვირვების მიზნით, გადაყვანილი იყო თავშესაფარში, სადაც ცხოველი დაიღუპა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა დღეიდანვე დაიწყეს ვეტერინარული ღონისძიებები.
მომხდარის გამო მუშაობა შეწყვიტა მარტვილის ორმა საბავშვო ბაღმა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორმა, ირმა გაბისონიამ, სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„N-1 საბავშვო ბაგა-ბაღსა და N-2 საბავშვო ბაღში, მიმდინარე წლის 1 მაისიდან, შეწყდება საგანმანათლებლო-სააღმზედელო პროცესი. საგანმანათლებლო-სააღმზედელო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებთ როგორც ინდივიდუალურად (პირადი საუბარი ან/და სატელეფონო ზარი, ან/და წერილობითი შეტყობინება), ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით.
მადლობას გიხდით თითოეულ მოქალაქეს, მშობელს თქვენი წილი პასუხისმგებლობის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პატივისცემისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის გამო“, - წერს ირმა გაბისონია.
იხილეთ ასევე:
70 მამის შეკრება საბავშვო ბაღში - „დედებმა უზრუნველყვეს მამების სრული მობილიზება“