„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით იმსჯელა და პროექტს მხარი დაუჭირა.
მნიშვნელოვანი გახლავთ ის გარემოება, რომ სწორედ 15 სექტემბრის შემდეგ დღეს, ვიდრე პირველ ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებზე, მშობელი იღებს გადაწყვეტილებას, შეიყვანოს თუ არა სკოლაში, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, დღეს, 28 აპრილს, გამართულ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„ვერცერთ ფსიქოლოგს ვერ ვნახავთ, რომელიც გვეტყვის, ზუსტ დღეს მიგვითითებს, რომ ამ დღეს დაბადებული ბავშვები აუცილებლად იქნებიან სკოლისთვის მზად. ეს არის ინდივიდუალური და უმნიშვნელოვანესია ამ გადაწყვეტილებაში ფაქტორი, რომ 15 სექტემბრის შემდეგ ვიდრე 1-ელ ნოემბრამდე გადაწყვეტილებას იღებს მშობელი. უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება და მოგვცეს რეკომენდაცია, რომ იქნებ ზოგჯერ მშობლებსაც სჭირდებათ დაკვალიანება, რადგან შეიძლება მე მინდოდეს, რომ ჩემი შვილი წავიდეს სკოლაში, მაგრამ ის ან იყოს მზად, ან - არა და სუბიექტურად ვწყვეტდე, რადგან არ მყოფნის კომპეტენცია, რომ მივხვდე, აქვს თუ არა მას მზაობა. ამ მიმართულებით, ჩვენ, რასაკვირველია მშობლებთან ვითანამშრომლებთ, ფსიქოლოგების მიერ შესაბამის კამპანიასაც გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავაკვალიანოთ ჩვენი მშობლები“, - ამბობს მახარაშვილი.
იხილეთ ასევე:
1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებს უფლება აქვთ, სკოლაში შევიდნენ - განათლების მინისტრიპირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები და ეტაპები - დეტალები