საბავშვო ბაღის წარმომადგენელმა არ უნდა შეურაცხყოს, არ უნდა დაამციროს და არ უნდა უბრძანოს სხვა თანამშრომელს - ქცევის წესები
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების განმახორციელებელ დაწესებულებისთვის პერსონალის სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს მუნიციპალიტეტები ინდივიდუალურად აყალიბებენ, თუმცა, ფაქტობრივად ყველა ერთმანეთს ჰგავს.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ სახელმწიფო კანონის მიხედვით, თითოეული სკოლამდელი დაწესებულება უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით თავადაც შეიმუშაოს საკუთარი ეთიკის კოდექსი, უფრო პოპულარული ენით დაწერილი და ვიზუალურად გაფორმებულიც.
თბილისის საბავშვო ბაღების პერსონალისთვის ქცევისა და ეთიკის ნორმები ასეთი შინაარსის არის:
პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები
პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები აღსაზრდელებთან ურთიერთობის დროს
- პერსონალი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
- პერსონალი აღიარებს აღსაზრდელს, როგორც საგანმანათლებლო პროცესის აქტიურ მონაწილეს და ითვალისწინებს მის პოზიციასა და აღქმას.
- პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს აღსაზრდელის ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას.
- პერსონალი ზრუნავს ჯგუფისა და დაწესებულების მიმართ ბავშვის (აღსაზრდელის) თვითმიკუთვნებულობის განცდაზე.
- პერსონალი ქმნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ, ინკლუზიურ გარემოს, სადაც ყველა აღსაზრდელს აქვს განვითარების შესაძლებლობა, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლებისა.
- პერსონალი ზრუნავს თითოეული აღსაზრდელის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
- პერსონალი ურთიერთობს აღსაზრდელთან, როგორც თანასწორთან და უფლებების მქონე სუბიექტთან.
- პერსონალი აცნობიერებს თამაშის მნიშვნელობას აღსაზრდელის მრავალმხრივი განვითარებისთვის.
- პერსონალი ქმნის გარემოს, სადაც ყველა აღსაზრდელს აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.
- პერსონალი ზრუნავს აღსაზრდელის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე, მათ შორის, პირადი მაგალითით.
- პერსონალი ითვალისწინებს აღსაზრდელისა და ოჯახის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას, იყენებს ამ კავშირებსა და აღსაზრდელის შესახებ ოჯახის ცოდნას ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
- პერსონალი აღსაზრდელთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფოტო/ვიდეომასალის ან ნამუშევრის გასაჯაროვების შემთხვევაში (განსაკუთრებით ინტერნეტ-სივრცეში) მოიპოვებს აღსაზრდელისა და მისი მშობლის თანხმობას და მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით.
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაწესებულების შემოწმებებში აღსაზრდელის მონაწილეობისას ან მისი მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პერსონალი მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით.
- პერსონალი ინარჩუნებს სიმშვიდეს კრიტიკულ სიტუაციებში და ახორციელებს სიტუაციისათვის ადეკვატურ ქმედებებს.
- პერსონალი იყენებს პოზიტიური დისციპლინის მეთოდებსა და სტრატეგიებს.
- პერსონალი თანაბარ ყურადღებას უთმობს ყველა აღსაზრდელს, განურჩევლად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი თუ სხვა მახასიათებლებისა.
- პერსონალი აღსაზრდელს თავს არ ახვევს საკუთარ აღმსარებლობით, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვების მხრიდან.
- პერსონალი უზრუნველყოფს, რომ საჭიროების შემთხვევაში, აღსაზრდელს სამედიცინო პირველადი დახმარება ჩაუტარდეს ჰიგიენურ და უსაფრთხო პირობებში, ამისათვის უფლებამოსილი პირის მიერ.
- პერსონალი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და ბავშვებისთვის გასაგები ენით.
პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები აღსაზრდელის ოჯახთან ურთიერთობის დროს
- პერსონალი ამყარებს პოზიტიურ, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას აღსაზრდელის ოჯახთან და ხელს უწყობს მშობელთა ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში.
- პერსონალი პატივს სცემს აღსაზრდელის ოჯახის წევრებს, განურჩევლად მათი კულტურული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა მახასიათებლებისა.
- პერსონალი უზიარებს მშობლებს ინფორმაციას როგორც დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის, ისე აღსაზრდელის განვითარების შესახებ.
- პერსონალი ზრუნავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებით მშობელთა ცნობიერების ამაღლებაზე.
- პერსონალი აღიარებს მშობლის უნიკალურ როლს ბავშვის განვითარებაში, პატივს სცემს მის უფლებას ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს, ამავდროულად მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით.
- პერსონალი იცავს კონფიდენციალობას აღსაზრდელთან და მის ოჯახთან დაკავშირებით, არ განიხილავს აღსაზრდელის და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციას კოლეგებთან ან სხვა პირებთან.
- პერსონალი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას, თუ აღსაზრდელმა მიიღო დაზიანება ან თუ მის ჯანმრთელობას ან/და პირად უსაფრთხოებას საშიშროება ემუქრება.
- აღსაზრდელის ოჯახის წევრებს შორის უთანხმოების შემთხვევაში, პერსონალი არ არის მიკერძოებული და თანაბრად ურთიერთობს ოჯახის თითოეულ წევრთან.
- პერსონალი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ან/და მის სანაცვლოდ, არ იღებს ფასიან საჩუქარს აღსაზრდელისგან, მისი ოჯახის წევრებისაგან ან აღსაზრდელთან დაკავშირებული პირებისაგან.
- პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს აღსაზრდელის ოჯახის წევრებს.
პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს
- პერსონალს აქვს კოლეგიალური, პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობა.
- პერსონალი მუშაობს გუნდურად. პერსონალი მხარს უჭერს თითოეული თანამშრომლის ინიციატივებს და, ასევე, ქმნის ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
- პერსონალი მხარს უჭერს თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.
- პერსონალი ამჟღავნებს პროფესიულ სოლიდარობას და კოლეგიალობას.
- პერსონალი მხარს უჭერს თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ცოდნის, გამოცდილების, იდეებისა და საგანმანათლებლო რესურსის გაზიარების გზით.
- პერსონალი დაწესებულებაში დაძაბული ურთიერთობის წარმოშობის შემთხვევაში ზრუნავს მის განმუხტვაზე და ორიენტირებულია დაწესებულებაში წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტაზე.
- პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს თითოეული თანამშრომლის პიროვნულ თვისებებს, ინდივიდუალობასა და პროფესიულ გამოცდილებას.
- პერსონალი თავს არიდებს თანამშრომლის საქმიანობაში უხეშ ჩარევას, არ იძლევა იმპერატიულ მითითებებს თანამშრომლის მისამართით.
- პერსონალი პატივს სცემს განსხვავებულ მოსაზრებას და კონსტრუქციული დიალოგის გზით ცდილობს კონსენსუსის მიღწევას.
- პერსონალი აღკვეთს ისეთ ქმედებას, რომელიც დაამცირებს, შეურაცხყოფს თანამშრომელს ან ხელს შეუშლის მას უფლებამოსილების განხორციელებაში.
- პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს თანამშრომლებს.
პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები სხვა სფეროებში
- პერსონალი ვალდებულია დაიცვას ზოგადი ეთიკის მოთხოვნები.
- პერსონალი, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლობს სხვა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან, ასევე სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
- პერსონალი ხელს უწყობს სტუდენტთა, მკვლევართა, დარგის სპეციალისტთა მოხალისეობრივ, კვლევით საქმიანობას, ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ბავშვის უფლებებს, არ შეფერხდეს საგანმანათლებლო პროცესი და დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი.
- პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზრუნავს გარემოს დაცვაზე და ხელს უწყობს გარემოსდაცვითი თვითშეგნების ფორმირებაზე აღსაზრდელებში.
- დაწესებულებას უფლება აქვს, დაადგინოს ქცევისა და ეთიკის დამატებითი ნორმები პერსონალისთვის. ასეთი ნორმები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, წინამდებარე დადგენილებას და უნდა გამომდინარეობდეს მათგან.
იხილეთ ასევე:
19 ტერმინი და მათი განმარტება საბავშვო ბაღების პერსონალის პროფესიული სტანდარტიდან
ვის შეუძლია გახდეს საბავშვო ბაღის დირექტრი - ახალი დადგენილება