19 ტერმინი და მათი განმარტება საბავშვო ბაღების პერსონალის პროფესიული სტანდარტიდან
სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტებში, რომელსაც თითოეული მუნიციპალიტეტი თავად შეიმუშავებს, გამოყენებულია ტერმინები, რომელსაც იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში.
სტანდარტის მიზნებისთვის ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
- დაწესებულების პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე;
- კლასტერი – საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება;
- ადმინისტრაციული პერსონალი – პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი მიმართულებებით: სტრატეგიული მართვა, საგანმანათლებლო პროცესი, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი;
- სტრატეგიული მართვა – დაწესებულების ორგანიზაციული მართვა, მისიის და მიზნების განსაზღვრა, სტრატეგიული გეგმების შედგენა, ამ მხრივ საჭიროებების დადგენა და შესაბამისი რეაგირება;
- საგანმანათლებლო პროგრამის მართვა – დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის (პროცესი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო და ა.შ.) და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა;
- მატერიალური რესურსის მართვა – დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ფინანსების, მარაგების მართვა;
- ადამიანური რესურსის მართვა – დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა;
- საგანმანათლებლო პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. საგანმანათლებლო პერსონალი იყოფა საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ და ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალად;
- საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი – აღმზრდელ-პედაგოგი და სხვა პერსონალი, რომელიც საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკურ, სიღრმისეულ განხორციელებას, ან მთლიანობაში უწევს დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს (მაგ.: აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, რითმიკის მასწავლებელი, ცეკვის მასწავლებელი, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი და ა.შ.);
- ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვთა ჩართულობას მათი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით (მაგ.: სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა);
- ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – პერსონალი, რომლის მოვალეობაა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
- ტექნიკური პერსონალი – პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე, მცენარეთა მოვლაზე და უსაფრთხოებაზე;
- ჯგუფის დამხმარე პერსონალი – პერსონალი, რომელიც დახმარებას უწევს საგანმანათლებლო პერსონალს ბავშვებთან მუშაობის პროცესში (მაგ., ასისტენტი), საგანმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება ბავშვების საქმიანობებში, ეხმარება რუტინული აქტივობების მართვაში;
- ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების სისუფთავეს, სანიტარიული და ჰიგიენის ნორმების დაცვას;
- კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევის შემთხვევაში უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას;
- მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირებას, ასევე ასრულებს სხვადასხვა სახის ფიზიკურ სამუშაოს;
- მცენარეთა მოვლაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მცენარეთა მოვლას (შენობაში, ეზოში);
- უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მატერიალური რესურსისა და საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული პირების (ბავშვებისა და პერსონალის) უსაფრთხოების დაცვას;
- თემი – ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ.
იხილეთ ასევე:
ტრენინგებში მონაწილეობის სერტიფიკატების, დიპლომების ასლები - რა უნდა იდოს ბაღის პერსონალისა და ბავშვის პირად საქმეში
„აღმზრდელები სხვა სამსახურებს ეძებენ და თუ ასე გაგრძელდა, საბავშვო ბაღები ბევრ კვალიფიციურ კადრს დაკარგავენ“