დღის თემა
etaloni.ge
რა უნარები უნდა ჰქონდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვს - ქცევის სტანდარტები
25.10.2022

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა განათლების სახელმწიფო სტანდარტებში გაწერილია, რომელ ასაკში როგორი ფიზიკური მონაცემები, დამოუკიდებლობა და ადაპტური ქცევა უნდა ჰქონდეს განვითარებული 2-დან 3 წლამდე, 3-დან 4 წლამდე და 4-დან 5 წლამდე ბავშვს.

2-დან 3 წლამდე ბავშვმა უნდა შეძლოს სხეულის მოძრაობის კონტროლი და აქტივობებით განსაზღვრული მოძრაობების შესრულება.

ამ ასაკის ბავშვს განვითარებული აქვს მსხვილი მოტორიკა:

თამაშობს ბურთით, ადის და ჩადის კიბეზე, დარბის, სატერფულების გამოყენებით ატარებს სამთვლიან ველოსიპედს, ხტუნავს;

ბავშვმა უნდა შეძლოს საგნებისა და ინსტრუმენტების მიზანმიმართულად გამოყენება.

ბავშვს განვითარებული აქვს წვრილი მოტორიკა და საჭიროებისამებრ იყენებს საგნებს. მაგალითად, ხატავს ფანქრით, თამაშობს კუბებით;

ბავშვმა უნდა შეძლოს შეასრულოს კოორდინირებული მოძრაობები გარემოს აღქმისა და შეცნობის მიზნით.

2-დან 3 წლამდე ბავშვს სიამოვნებს, როდესაც წიგნს უკითხავენ ან ათვალიერებს. ბაძავს ცხოველებს ხმითა და მოძრაობით, ნაცნობ ნივთებს შეხებით ცნობს, შეხებით შეისწავლის უცნობ გარემოს.

3-დან 4 წლამდე და 4-დან 5 წლამდე ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტების მიხედვით კი, ბავშვმა უნდა შეძლოს სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართულად მოძრაობა, წონასწორობის შენარჩუნება.

ამ ასაკის ბავშვს განვითარებული აქვს მსხვილი (უხეში) მოტორიკა:

თავისუფლად ისვრის და იჭერს ბურთს, დაუხმარებლად ადის და ჩადის კიბეზე, სწრაფად დარბის, სამთვლიანი ველოსიპედით ლახავს დაბრკოლებებს, უხვევს, აჩერებს, ძრავს. ხტუნავს ფეხის მონაცვლეობით;

ბავშვმა უნდა შეძლოს კოორდინირებულად გამოიყენოს სხეულის წვრილი კუნთები.

ბავშვს განვითარებული აქვს წვრილი (ნატიფი) მოტორიკა: ერთმანეთზე ამაგრებს ხრახნიან საგნებს. აწყობს მარტივ ფაზლსა და მოზაიკას, კონტურის მიხედვით ამოჭრის სურათს, სხვადასხვა ფორმის ფიგურას, შეუძლია წერის იმიტაცია, ხატვა, კუბებით აწყობს მარტივ კონსტრუქციას;

ბავშვმა უნდა შეძლოს შეგრძნების ორგანოების (მხედველობის, სმენის, შეხების, გემოვნების, ყნოსვის) გამოყენებით შეასრულოს გარკვეული მოძრაობები, შეძლოს კოორდინირება და გარემოს აღქმა თუ შეცნობა.

ბავშვი მონაწილეობას იღებს მრავალფეროვან ფიზიკურ აქტივობებში. სიამოვნებს, წიგნს რომ უკითხავენ, წიგნს დამოუკიდებლად ათვალიერებს. ტაშით იმეორებს მარტივ რიტმებს. ნივთებს ამოიცნობს შეხებით, განასხვავებს საკვების გემოს, სუნს, ფორმას, შეუძლია მოძრაობით აყვეს მუსიკას. უსმენს მუსიკას და ცდილობს მის რიტმში მოძრაობას.

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი