საბავშვო ბაღების თანამშრომლები ხშირად ჩივიან არსებული დაბალი ხელფასების გამო. მათი ბავშვების მიმართ პასუხისმგებლობას თუ გავითვალისწინებთ, ხელფასი, რომელიც ხშირად 500 ლარს არ აღემატება, მართლაც მიზერულად ითვლება.
როგორც თბილისის 199-ე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი, იაგო მაისურაძე skolamdelebi.ge-სთან ამბობს, თუ ასე გაგრძელდა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ბევრ გამოცდილ კადრს დაკარგავენ.
„ბაღის თანამშრომლების უმრავლესობა სამწუხაროდ, სხვა დამატებითი სამუშაოს მოიძებაზე ფიქრობს და ჩვენს ბაღშიც არიან აღმზრდელები, წასვლა რომ უნდათ. ხშირად ისეთ სამსახურს ეძებენ, რომელიც ფინანსურად მაღალია და რეპუტაციულად - დაბალი. სამსახური არასდორს არის სამარცხვინო, მაგრამ უნდა არსებობდეს რაღაც სტანდარტი - რომელი პედაგოგიც გამოცდილია, ბავშვებთან ურთიერთობაში მაღალი მოსწრება აქვს და კომუნიკაცია შეუძლია, ის არ უნდა მუშაობდეს მაღაზიაში იმის გამო, რომ დღეში 35 ლარი აიღოს. თუ ასე გაგრძელდა, ეს სეგმენტი ძალიან ბევრ გამოცდილ კადრს დაკარგავს. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცას არ ენდომება ბაღში მუშაობა, იძულებული გახდება, შემოსავლის გამო სხვაგან წავიდეს. 200 ლარის კომუნალური გადასახადი რომ გაქვს გადასახდელი და ხელფასი 270 ლარი გაქვს... ქალაქის მასწავლებელი ძალიან ცოდოა. რაიონში რომ ცხოვრობდეს, კიდევ რაღაც საარსებო ექნებოდა, მაგრამ ქალაქში... გამოცდილი კადრების დაკარგვა კი ძალიან ცუდია“, - ამბობს ბაღის დირექტორი.
იაგო მაისურაძე გვიყვება, რომ ბავშვებთან ურთიერთობას განსაკუთრებული უნარები სჭირდება და ამ სფეროში მუშაობა ყველას არ შეუძლია. ბაღის აღმზრდელებს, მიუხედავად დაბალი შემოსავლისა, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა აკისრიათ:
„არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, მილიონიც რომ მომცენ, ბაღში ვერ ვიმუშავებო. აქ ბავშვის ანცობა უნდა აიტანო, მყარი ნერვები და მშვიდი უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა. ღმერთმა დაიფაროს და ან ბავშვი დაეცეს, ან მეორემ ფანქარი დაარტყას, მოჩხაპნოს ან უკბინოს, შუბლი გაიხეთქოს... ბავშვი რომ დარბის, შეიძლება მაგიდას მიარტყას თავი და გაიხეთქოს შუბლი. ეს იცით რამხელა ნერვიულობა და პასუხისმგებლობაა? საკვებზე რომ ჩამყავს ბავშვები და ამოვდივართ, უფალს სულ მადლობას ვეუბნები, მშვიდობით რომ დამთავრდა ყველაფერი. შეიძლება ერთი წამით მოადუნო ყურადრება და ჩანგალი დაარტყას ერთმა მეორეს, რომელიმეს შეიძლება ლუკმა გადასცდეს... შეიძლება ხორცის ნაჭერი ვერ დაღეჭოს და ყელში გაეჩხიროს. შეიძლება ხელების დასაბანად რომ შედიან, ნიჟარას ჩამოარტას რომელიმემ თავი. ეზოში რომ გაიყვან, შეიძლება დაეცეს და მუხლი გადაიტყაოს, სასრიალოდან ჩამოვარდეს. იმდენი დეტალია... ფიქრებში რომ გავყვები ამ ყველაფერს, კიდევაც ვამბობ, ამხელა სისტემა ჩემი აწყობილი რომ არ იყოს, სადმე მშვიდი სამსახურის პოვნაზე ვიფიქრებდი, მაგრამ ამას ვინ მიხედავს, თუ ყველამ ასე იფიქრა?
მასწავლებელს ლამაზადაც უნდა ეცვას, სუნამოს სუნიც უნდა ასდიოდეს. იცით, ამას ბავშვები როგორ ყურადღებას აქცევენ? მე ძალიან მიყვარს ქუდები და წელში გამოყვანილი კოსტიუმები... ბაღში გამართულ ღონისძიებაზე ბოლოს ყველა სმოკინგებით და ქუდებით მოვიდა. თურმე ბავშვის იდეა ყოფილა, რომ ისეთი ქუდები დაეფარებინათ, როგორიც მე მაფარია“.
იხილეთ ასევე: