„არსებული მუნიციპალური საბავშვო ბაღები რთულად უმკლავდებიან მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას, რაც ქმნის ახალი ბაღების მშენებლობის აუცილებლობას. გარდა ამისა, სააღმზრდელო პროცესის ხარისხიანად მიწოდება მატრიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივ განახლებასა და აღმზრდელთა პერმანენტულ პროფესიულ გადამზადებას მოითხოვს“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 აპრილის დადგენილებაში, რომელიც ქალაქის ბიუჯეტს ეხება.
სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტში 640 000 ლარია გამოყოფილი, საიდანაც 534 000 ლარი სოფელ ახალდაბის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობას უნდა მოხმარდეს, 106 000 ლარი კი - სოფელ საქაშეთის საბავშვო ბაღის მშენებლობას.
საბავშვო ბაღების ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტში 9 600 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხა ბავშვთა განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო გარემოსა და აღმზრდელი-პედაგოგების გადამზადებისთვის დაიხარჯება.
„პროგრამა ითვალისწინებს მეთოდური მიმართულების გაუმჯობესების მიზნით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისათვის სხვადასხვა საბავშვო ლიტერატურისა და სათამაშოების შესყიდვას, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შევსება-განახლების მიზნით ავეჯის, საოჯახო ტექნიკის, სამზარეულოს ჭურჭლის, სხვადასხვა ქსოვილის ნივთებისა და სხვა საჭირო ინვენტარის შესყიდვას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლის მიზნით საკვები პროდუქტებისა და სასმელი წყლის ლაბორატორიულ კვლევებს“, - წერია დოკუმენტში.
ბიუჯეტში გაწერილი დეტალების მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 63 ბაღი, სადაც ირიცხება 6000-მდე სკოლამდელი ასაკის ბავშვი, რომელთაც ემსახურება 401 აღმზრდელი პედაგოგი. ბაღების გაერთიანებას ემსახურება 4 ფსიქოლოგი, რომლებიც საჭიროების მიხედვით ემსახურებიან აღსაზრდელებს, ბაღებში ირიცხება 9 შშმ აღსაზრდელი, უშუალოდ თითოეულ ბავშვზე მიმაგრებულია ინდივიდუალური ასისტენტი, რომლებიც უვლიან და აძლევენ ბავშვებს ინკლუზიური განათლებას.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღი, რომელიც ერთი წლის წინ აშენდა, აღსაზრდელებისთვის ისევ დაკეტილია