სკოლამდელი განათლების სპეციალისტმა, ოლღა მუსხელიშვილმა, რომელიც ამავდროულად თითქმის ყველა დღეს მოქმედი ძირითადი სკოლამდელი აღზრდის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორიც გახლავთ, საბავშვო ბაღებში ზეიმებისა და ღონისძიებებისთვის საკუთარი მოსაზრებები 8 პუნქტად ჩამოაყალიბა:
1. დიახ, ბავშვებს, რომლებიც ამთავრებენ ბაღს, შეიძლება და სასურველია მოვუწყოთ გამოსაშვები ზეიმი ან ღონისძიება.
2. არა, ზეიმი ბაღში აკრძალული არ არის.
3. მნიშვნელოვანია: ზეიმი/ღონისძიება უნდა იყოს სახალისო და სასიამოვნო ბავშვებისთვის, მშობლების ან სხვა დამსწრე პირების (ვინც არ უნდა იყოს ეს პირები) ინტერესი არ არის პრიორიტეტული.
4. იმედია, თქვენს ბაღში ყოველი დღე ბავშვებისთვის მხიარული და საინტერესოა. ასევე სახალისო, საინტერესო და, სასურველია, კრეატიული და განმავითარებელი იყოს ზეიმისთვის მზადებაც. ის დრო, რომელიც განკუთვნილია თამაშისთვის, სამყაროს შეცნობისთვის, შემოქმედებითი აქტივობებისთვის, ეზოში სირბილისთვის არ უნდა იხარჯებოდეს ბავშვის განვითარებისთვის არაფრის მომტან რეპეტიციებზე, ერთი და იგივეს ყოველდღიურ გამეორება-დასწავლაზე (წვრთნაზე).
5. წინასწარ მომზადებული, ბევრჯერ რეპეტირებული ცეკვის/სიმღერის/ლექსის/მონტაჟის შესრულება-დემონსტრირება, იქნება ეს სცენაზე, დარბაზში თუ ეზოში, ბავშვებისთვის გაკვეთილის პასუხია, შრომაა და არა სახალისო აქტივობა. საკმარისია, გადახედოთ ბავშვების ფოტოებს ასეთი ღონისძიებების დროს, ამაში რომ დარწმუნდეთ. რატომ ჰქვია ამგვარ მოქმედებებს „ზეიმი“ და ვისთვის არის ეს ზეიმი, ჩემთვის სრულიად გაუგებარია.
6. გამოსაშვები ღონისძიება შეიძლება იყოს ექსკურსია ბუნებაში, ზოოპარკში, მუზეუმში ან სხვა, ბავშვებისთვის საინტერესო ადგილებში. ზეიმი შეიძლება იყოს სახალისო თამაშების ორგანიზება ბაღის ეზოში, მაგალითდ, წუწაობის დღის მოწყობა, ერთიანი ძალებით რაღაცა სამახსოვრო „პროექტის“ განხორციელება, კარნავალი და უამრავი სხვა. მთავარია, ბავშვებს ეს თვითონ უნდოდეთ, სიამოვნებდეთ და ხალისით მიიღონ მონაწილეობა. კარგი იქნებოდა, მათი სურვილების და იდეების გათვალისწინება და განხორციელება. დასაშვებია გაუმასპინძლდეთ ტკბილეულით (ერთხელ შეიძლება კვების რეჟიმის დარღვევა), დაურიგოთ სამახსოვრო საჩუქრები.
7. ბავშვებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, რა ჩაიცვან გამოსაშვები ზეიმისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს, რაც ერთისთვის ლამაზია, მეორესთვის - არა. ყველა გოგოსთვის ვარდისფერი კაბა დიდი ბაბთით არ არის საოცნებო სამოსელი. რა თქმა უნდა, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ბავშვებმა მოინდომონ ერთნაირი კოსტუმები მოირგონ, მაგრამ ეს უნდა იყოს მათი გადაწყვეტილება და არ უნდა იყოს დეტერმინირებული აღმზრდელის/ბაღის მიერ. განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებს სქესით არ ვახარისხებთ (ყველა ბიჭი არლეკინი, ყველა გოგო პრინცესა - აბსოლუტურად დაუშვებელია).
8. საჰაერო ბუშტების გაშვება ძალიან ლამაზია და ბავშვებს მოსწონთ, მაგრამ უკვე ბევრჯერ აქვთ ნანახი და, გარდა ამისა, ეკოლოგიურად ცუდი აქტივობაა - გარემოს ვანაგვიანებთ.
იხილეთ ასევე:
„თბილისის საბავშვო ბაღის მეთოდისტები, აღმზრდელები და დირექტორები რეგიონებისას ბევრად ჩამორჩებით“ – სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი აქტივობებზე12 წესი საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის