საგანმანათლებლო პროცესის წარმატებით განსახორციელებლად და გასაუმჯობესებლად შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად, მნიშვნელოვანია, ბავშვებან მომუშავე პრაქტიკოსმა შეაფასოს პროცესი, - აღნიშნულია ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო პროცესის შეფასება აღმზრდელ-პედაგოგს/აღმზრდელს ეხმარება გაიაზროს განხორციელებული პრაქტიკა, იფიქროს რისი შეცვლა, გაუმჯობესება შეიძლება.
პროცესის შეფასება გულისხმობს მისი ყველა კომპონენტის შეფასებას: განრიგის, გარემოს, განხორციელებული აქტივობების და ა.შ.
რაზე შეუძლია იფიქროს ბაღის აღმზრდელმა, როდესაც აფასებს დღის განრიგსა და სტრუქტურას:
► არის თუ არა გასაგებად და ნათლად ფორმულირებული აქტივობების
პირობები;
► აქვთ თუ არა ბავშვებს საკმარისი დრო ერთი აქტივობიდან მეორეზე
გადასასვლელად;
► იღებენ თუ არა ბავშვები მინიშნებებს ერთი საქმიანობის დასასრულთან დაკავშირებით;
► აქვთ თუ არა ბავშვებს საკმარისი დრო სხვადასხვა ტიპის საქმიანობაში ჩასართავად;
► არის თუ არა განრიგი საკმარისად მოქნილი მასში საჭიროებისამებრ ცვლილებების შესატანად;
ჯგუფის ფიზიკური გარემოს შეფასება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა მიმართულებების. იმისათვის, რათა აღმზრდელმა განსაზღვროს, რამდენად ეფექტიანად იყენებს ფიზიკურ გარემოს, ეხმარება თუ აბრკოლებს ჯგუფის სივრცე პროცესის განხორციელებაში;
► აქვთ თუ არა ბავშვებს თავისუფალი არჩევანის საშუალება ჯგუფში არსებულ რესურსებთან დაკავშირებით;
► არის თუ არა რესურსი საკმარისი და ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის;
► არის თუ არა რესურსი მათთვის საინტერესო და მიმზიდველი.
ფიზიკური გარემოს უკეთ შესაფასებლად შესაძლოა, აღმზრდელმა თავად შექმნას შეფასების ინსტრუმენტი. საგანმანათლებლო სტანდარტისა და ფიზიკური გარემოს რეგლამენტის ანალიზის შედეგად უნდა გამოყოს ის მნიშვნელოვანი პუნქტები, რომლებიც უნდა იყოს გარემოში და ჩამოწეროს ეს პუნქტები ცხრილის სახით. ასეთი ფორმით შესაძლოა შეიქმნას ცალკე შეფასების ინსტრუმენტი ჯგუფისთვის, ცალკე - ეზოსთვის და ა.შ.
რა პრობლემები შეიძლება წარმოშვას ფიზიკურმა გარემომ?
► სირბილი ჯგუფში - რას ვაკეთებთ? ვქმნით ფიზიკურ გარემოს, სადაც სირბილი ფიზიკურად შეუძლებელია, თუმცა ბავშვებს სირბილის საშუალებას ვაძლევთ ეზოში, ან დარბაზში;
► ჩხუბი სათამაშოებზე - რას ვაკეთებთ? ამ მომენტს სოციალურ-ემოციური უნარების განსავითარებლად ვიყენებთ, ბავშვებს ვასწავლით გაზიარებას. თუმცა უმჯობესია ჯგუფში ერთი დასახელების სათამაშოს რამდენიმე ეგზემპლიარი გვქონდეს, მაგალითად, სხვადასხვანაირი ორი ან სამი თოჯინა, სხვადასხვა მოდელის რამდენიმე მანქანა და ა.შ. მნიშვნელოვანია სათამაშოების მრავალფეროვნება.
► ხეტიალი - რას ვაკეთებთ? ბავშვების ჩართულობის ხარისხის ასამაღლებლად, ვცდილობთ, საქმიანობები თითოეული ბავშვის ინტერესებსა და საჭიროებებზე იყოს მორგებული;
► ერთმანეთის სამუშაო სივრცეში შეჭრა - რას ვაკეთებთ? ვცდილობთ ფიზიკური გარემოს იმდაგვარად რეორგანიზებას, რომ თითოეულ ბავშვს საკმარისი სივრცე ჰქონდეს სამუშაოდ და მათ შორის გადასაადგილებლად, ასევე ვადგენთ სამუშაო სივრცეში მოთამაშეთა დასაშვებ რაოდენობას, ვცდილობთ ბავშვებში სოციალურ-ემოციური და კომუნიკაციური უნარების განვითარებას.
► ნივთების კარგვა და გაუფრთხილებლობა - რას ვაკეთებთ? ჯგუფში ყველა ნივთს თავისი ადგილი მიუჩინეთ, გამოიყენეთ ვიზუალური მინიშნებები, წაახალისეთ ბავშვები, რომ დაიცვან წესრიგი ნივთების დაბრუნებასთან დაკავშირებით.
იხილეთ ასევე:
„კურიკულუმს სჭირდება მაღალი კომპეტენციის აღმზრდელი“ – სამინისტრომ სახელმძღვანელო გამოაქვეყნა