პოზიტიური კომუნიკაცია დაფუძნებულია ემოციურ სიახლოვესა და პატივისცემაზე და არა შიშზე, კონტროლსა და მორჩილებაზე, - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ პუბლიკაციაში „პოზიტიური მშობლობა“.
ყველაფერი, რასაც მშობელი ბავშვთან აკეთებს, კომუნიკაციაა. კომუნიკაციის დროს მშობელი ბავშვს უგზავნის შეტყობინებას იმაზე თუ რას ფიქრობს, რა სურს ან რას გრძნობს. კომუნიკაცია არ არის მხოლოდ სიტყვები. თქვენ ძალიან ბევრს ესაუბრებით თქვენს შვილს სხეულის, ჟესტების, სახის გამომეტყველების გამოყენებით. თქვენი კომუნიკაციის სტილით ბავშვს შეიძლება აგრძნობინოთ როგორც სიყვარული, პატივისცემა და მხარდაჭერა, ასევე პირიქით მორჩილების მოთხოვნა, უკმაყოფილება და ა.შ. ზოგჯერ შეიძლება სიტყვები „მოზომილი“ იყოს, თუმცა ბავშვმა ამოიკითხოს თქვენი რეალური განზრახვები თქვენს მზერაში, სხეულის პოზაში, ხმის ტონში.
მშობლის კომუნიკაციის სტილი ბავშვისთვის არის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს თავად, როგორ ურთიერთობაში იყოს სხვებთან, როგორ სცეს პატივი საკუთარ და სხვების მოსაზრებებს.
მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა სიტყვიერი და არასიტყვიერი კომუნიკაციის კომბინაციაა, მათგან ორივე ძალზედ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.
არასიტყვიერი კომუნიკაცია
არასიტყვიერი (არავერბალური) კომუნიკაცია დაკავშირებულია სხეულის ენის გამოყენებასთან. ის გულისხმობს ბავშვთან ურთიერთობას, მისთვის გარკვეული შინაარსის შემცველი მესიჯების მიწოდებას სიტყვების გარეშე. არავერბალურ კომუნიკაციაში ჩართულია: თვალით კონტაქტი, შეხება, ჟესტიკულაცია, სახის გამომეტყველება, პირადი სივრცე.
ბავშვთან კომუნიკაციის პროცესში ხშირად მშობელი იყენებს სიტყვებს და არავერბალურ მიმანიშნებლებს ერთდროულად.
თვალით კონტაქტი
თვალით კონტაქტი უაღრესად მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაციისთვის. ბავშვი ძალიან ადრეული ასაკიდანვე, დაბადებიდან 2- 4 კვირაში აკვირდება მშობლის, მზრუნველის მზერას. მშობელთან თვალით კონტაქტის დამყარება ჩვილისთვის ერთგვარი ემოციური კვების წყაროა.
2-3 წლის ასაკში ბავშვი უკვე მარტივად ხვდება რა შეტყობინება იმალება თქვენი მზერის მიღმა - უკმაყოფილო ხართ თუ პირიქით, სასიამოვნო განცდებით აღსავსე უყურებთ. თვალის კონტაქტის ნაკლებობას ბავშვები, ისევე როგორც უფროსები საკმაოდ მძაფრად აღიქვამენ, რადგან ეს არის ერთ-ერთი გზა, დავინახოთ სხვა ადამიანის განცდები და ემოციები ჩვენ მიმართ.
ბავშვთან კომუნიკაციაში პირისპირი თვალის კონტაქტის დასამყარებლად საჭიროა დაიხაროთ მის სიმაღლეზე და არ ესაუბროთ ზემოდან. ამგვარად უფრო მარტივადაც მიიპყრობთ მის ყურადღებას და გარდა ამისა, შეძლებთ პოზიტიური კომუნიკაციის დამყარებას.
ჟესტიკულაცია
ჟესტიკულაცია დაკავშირებულია კომუნიკაციაში სხეულის სხვადასხვა ნაწილების (ხელები, ფეხები) გამოყენებასთან. თავის დაქნევით თქვენ ბავშვს ეუბნებით, რომ ეთანხმებით, ღიმილით აწვდით სასიამოვნო განცდას, დოინჯი კი შესაძლოა გარკვეული უკმაყოფილების ნიშანიც იყოს.
სახის გამომეტყველება
სახის გამომეტყველება ჟესტიკულაციის ნაწილია, თუმცა იმდენად მნიშვნელოვანი და საყურადღებო, რომ მასზე ცალკე დაფიქრებაც სასურველია. თუ ბავშვს რაიმეს ეუბნებით სიტყვიერად, მაგრამ თქვენი სახის გამომეტყველება იმავე შინაარსს არ ადასტურებს, ამას თქვენი შვილი მარტივად ამოიცნობს. მაგალითად, თუ ეთამაშებით და ეუბნებით, რომ ძალიან გსიამოვნებთ და მოგწონთ მასთან ერთად ხატვა, სინამდვილეში კი ძალიან დაღლილი ხართ და შესასრულებელ საქმიანობებზე ფიქრობთ, დიდია ალბათობა, რომ თქვენი შვილი შეტყობინებას არა თქვენი სიტყვებიდან, არამედ სახის გამომეტყველებიდან წაიკითხავს. გულწრფელობა ყველაზე მეტად დასაფასებელია, შესაბამისად, უმჯობესია უთხრათ თქვენს შვილს: „ცოტა დაღლილი ვარ და მაპატიე, რომ ყურადღება მეფანტება და კარგად ვერ გეთამაშები, მაგრამ ძალიან მინდა შენთან ერთად გავატარო დრო“.
პირადი სივრცე
პირადი სივრცე წარმოადგენს იმ კომფორტის ზონას, რომელიც განისაზღვრება სხვა ადამიანებთან გარკვეული ფიზიკური დისტანციის ან სიახლოვის ლიმიტის დაწესებით და რომელშიც ადამიანი თავს მშვიდად, დაცულად გრძნობს. პირადი სივრცე თითოეული ადამიანისთვის, მათ შორის ბავშვებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვს განსაკუთრებულ დისკომფორტს და უხერხულობას უქმნის პირადი სივრცის დარღვევა. გასათვალისწინებელია, რომ თქვენს შვილს შეიძლება მოსწონს თქვენთან ფიზიკური სიახლოვე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგივე სურს თქვენს მეგობრებთან, ახლობლებთან და ნათესავებთან. მნიშვნელოვანია, დააკვირდეთ რა დისტანციაზე გრძნობს ბავშვი თავს მშვიდად თქვენთან და სხვებთან და პატივი სცეთ მის პირად სივრცეს.
შეხება
ფიზიკური კონტაქტის მოთხოვნილება თითოეულ ადამიანს აქვს. შეხება კომუნიკაციაში ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ჩვილებისთვის, ისევე როგორც თვალით კონტაქტი, ასევე შეხება კომუნიკაციის მთავარი წყაროა. როცა ბავშვი აღელვებულია ან რაიმე დისკომფორტს განიცდის, მშობელი მას სწორედ შეხებით, ხელში აყვანით, ჩახუტებით ამშვიდებს. შეხება მნიშვნელოვანია ბუნებრივი, ფაქიზი და მოზომილი იყოს. ასევე კონკრეტული სიტუაციური ფაქტორები და ბავშვის რეაგირებაა გასათვალისწინებელი. თუ ამჩნევთ, რომ ბავშვს გარკვეულ მომენტში თქვენი კოცნა ან ჩახუტება არ სიამოვნებს, არ ჩათვალოთ ეს თქვენდამი სიყვარულის ნაკლებობად.
იხილეთ ასევე: