ქალაქ ახალციხეში, N4 საბავშვო ბაგა-ბაღს დაანგრევენ და მის ადგილას ახალს ააშენებენ. ავარიული შენობების დემონტაჟისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და მზად არის, ამისთვის 39 210 ლარი გაიღოს.
ადგილობრივი მედიის, sknews.ge-ს ინფორმაციით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ამ საბავშვო ბაღის დემონტაჟისა და ამავე მისამართზე, ახლი შენობის აშენების მოთხოვნით საკრებულოში პეტიცია 2022 წლის 13 აპრილს შეიტანა. მოგვიანებით, 20 მაისს, აღნიშნული ბაღის მდგრადობის შესასწავლად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა.
პეტიციას, სადაც აღნიშნული იყო, რომ შენობა ბავშვებისთვის საფრთხეს შეიცავდა, ხელს 360 ადგილობრივი აწერდა და მათგან 60 იმ მშობლების ხელმოწერა იყო, რომლებიც ავარიული ბაღის მიმდებარედ ცხოვრობენ და უსაფრთხოების მიზნით ბავშვებს მოშორებით, სხვა ბაღებში დაჰყავთ.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნით, ახალციხის N4 საბავშვო ბაღის საინჟინრო შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ 1648 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობები ავარიულია, არ ექვემდებარება გამაგრებას და დემონტაჟს საჭიროებს.
„ეს არის გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული ბაღი, რომელსაც ათეული წლებია კაპიტალური რემონტი არ ჩატარება. გარდა ამისა, ბაღის ეზოში დგას ავარიული შენობები, რომლებსაც საყრდენი კედელი ჩამოშლილი აქვთ, ეს კი ეზოში მოთამაშე ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია... ბაღში სავალალო მდგომარეობაა. თუ პეტიციას დაგვიკმაყოფილებენ და მშენებლობა დაიწყება, ვითხოვთ ის ბავშვები, რომლებიც ამ ბაღში დადიან დროებით სხვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადაანაწილონ“, – უთხრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა თამუნა უჩიძემ sknews.ge-ს ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში.
რა დაჯდება ახალი ბაღის მშენებლობა, ამ ეტაპზე უცნობია.
შენიშვნა: ფოტო აღებულია sknews.ge-დან.
იხილეთ ასევე: