დღის თემა
etaloni.ge
„ქვეყანაში არ არსებობს ბაღისა და სკოლის კავშირი, არ მიჰყავთ ბაღის ბავშვები მომავალ სკოლაში, არ აცნობენ სივრცეს“ - ნანა დიხამინჯია
19.04.2023

2023 წლის სექტემბერში სკოლაში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 1-ელ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდება. ეს გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გუშინ მიიღო.

აღნიშნული საკითხი მშობლებისთვის ნებაყოფლებითია და მათ თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, ბავშვი შეიყვანონ სკოლაში თუ დატოვონ სკოლამდელი განათლების სისტემაში ანუ ბაღებში.

მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიწვეული ასისტენტ-პროფესორი, ნანა დიხამინჯია 5 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში შესვლის საკითხს ეხმიანება სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მისი დაკვირვებით, ქართველი ბავშვების 70% არ არის მზად სკოლისთვის 6 წლის ასაკში და ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ არ არსებობს კავშირი ბაღსა და სკოლას შორის.

„პირველ კლასში, რა ასაკში უნდა შევიდეს ბავშვი, ეს დამოკიდებულია არა იმაზე, წერა-კითხვა როგორ იცის, არამედ რამდენად არის მზად იმ ხისტი წესრიგისთვის, რაც მოეთხოვება სკოლაში, განსაკუთრებით ქართულ სკოლაში, სადაც არანაირი რბილი გადასვლები საფეხურიდან საფეხურზე არ ხდება.

ჩემი დაკვირვებით, ქართულ და ამერიკულ სკოლებზე, ქართველი ბავშვების 70% არ არის მზად სკოლისთვის 6 წლის ასაკში და ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ ბაღი-სკოლის კავშირი თბილისშიც კი არ არსებობს. ეს ორი საფეხური უბრალოდ არ ურთიერთობს ერთმანეთთან. არ მიჰყავთ ბაღის ბავშვები მომავალ სკოლაში, არ აცნობენ სივრცეს და მომავალ მასწავლებლებს რამდენიმე თვით ადრე, არ ახვედრებს სკოლა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს და ბაღის ბავშვებს ერთმანეთს გამოცდილების გასაზიარებლად. სკოლას არ აქვს მორგებული სივრცეები და მეთოდები ჰიპერაქტიური, აუტისტური სპექტრის ან ქცევის სირთულეების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც მერხთან ათ წუთზე მეტი ვერ ჩერდებიან, არ აქვს გამართული სასადილო ან კვების მოდელი, რომელიც მორგებულია 5-6 წლის ბავშვზე. კერძო სკოლების მაგალითებს ნუ მომიყვანთ, ეგ გამონაკლისებია და თანაც ჩემს შვილებს ჯამში 5 საუკეთესო კერძო სკოლა აქვთ გამოვლილი თბილისში და არცერთს არ ჰქონდა ბოლომდე გამართული სისტემა.

საქართველოს საჯარო სკოლებში ასევე არ არსებობს მოსამზადებელი კლასი 5 წლის ბავშვებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, ვისაც ბაღში არ უვლია და პირდაპირ სკოლაში შედის.

ასევე არ არსებობს რაიმე სახელმწიფო სერვისი, რაც ამერიკაში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს აქვს, რომელიც გაზაფხულზე ამოწმებს, რამდენადაა ბავშვი მზად მოსამზადებელ კლასში შესასვლელად აგვისტოში, რა უნარების განვითარება სჭირდება, რამდენად დამოუკიდებელია, როგორ ურთიერთობს ჯგუფთან, როგორ ესმის უფროსის ახსნა და ა.შ.

სინამდვილეში, საერთოდ არაა საჩქარო სკოლაში შეყვანა. არაფერს ეგ ერთი წელი არ მატებს და უკეთესიც კია, თუ სკოლის დასრულებისას 18 წლის იქნება და უნივერსიტეტში ზრდასრული შევა. იმედს გაგიცრუებთ და გეტყვით, რომ ისეთი აბდაუბდა პროგრამა გვაქვს, რომ თქვენი უნიჭიერესი შვილი მაინც მთქნარებით მოკვდება პირველ კლასში, ან მოუწევს რუტინულ სამუშაოებზე მთელი დროის დახარჯვა, განვითარების ნაცვლად, რადგან არ არსებობს დიფერენცირებული მიდგომა დაწყებით კლასებში, არათუ საჯარო, კერძო სკოლებშიც კი.

იმავე დროს, განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს ხშირად აქვთ ქცევის პრობლემები, რადგან უჭირთ წესების ბრმად მიღება და ყველა უფროსის მორჩილება. მათ თვალში ავტორიტეტი უნდა მოიპოვოს უფროსმა, რაც ქართულ სკოლაში უგულებელყოფილია. ამიტომ პირიქით, თუ თქვენი შვილი „ვეფხისტყაოსანს“ ციტირებს და გამრავლების ტაბულა ზეპირად იცის, უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ მის კომუნიკაციების და ფიზიკური განვითარების ასპექტებს, სკოლაში შეყვანა არ იჩქაროთ ვადაზე ადრე, შეყვანისას კი სკოლას მოსთხოვოთ დიფერენცირებული მიდგომა, რაც სტანდარტში ისედაც გვიწერია.

ამ ყველაფერს ჰაერზე არ გეუბნებით. მე თვითონ დავუშვი იგივე შეცდომა, როცა ოქტომბრის ჰიპერაქტიური ბავშვი შევიყვანე კერძო სკოლაში და მერე 3 წელი მისი ქცევის დალაგებას გადავყევი, სანამ ამერიკაში არ გადმოვედით საცხოვრებლად. აქ ვნახე, რას ნიშნავს ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და სოციალური მზაობა სკოლისთვის და რატომ არ არის ხუთი წლის ასაკში საოცარი ფაქტების ცოდნა არსებითი სკოლაში შეყვანისთვის გადაწყვეტილების მისაღებად.

ნუ იჩქარებთ. იმდენი ონლაინ რესურსია, იმდენი წიგნია ახლა, იმდენი აქტივობა, სადაც შეიძლება გონებრივად განვითარდეს ბავშვი. დააკვირდით, რამდენად არის მზად, უცებ ამხელა ხმაურიან და მომთხოვნ სივრცეში გადავიდეს. სკოლებს კი მოსთხოვეთ, უზრუნველყოს ნიჭიერი ბავშვის საჭიროებებიც“, - დაწერა ნანა დიხამინჯიამ ახალი გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ.

იხილეთ ასევე:

ბაღის აღმზრდელმა უნდა იზრუნოს მშობელთა განათლებაზე ისე, რომ არ შეიქმნას განცდა, თითქოს ისინი სწავლას საჭიროებენ

სკოლამდელი დაწესებულების ხელმძღვანელობამ უნდა იზრუნოს თანამშრომლების კეთილდღეობაზე, წაახალისოს და დაეხმაროს პროფესიულ ზრდაში - სტანდარტი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი