დღის თემა
etaloni.ge
ბაღის აღმზრდელმა უნდა იზრუნოს მშობელთა განათლებაზე ისე, რომ არ შეიქმნას განცდა, თითქოს ისინი სწავლას საჭიროებენ
19.04.2023

„არავის ისე არ შესწევს ძალა იზრუნოს მშობლობის ხარისხის და აღმზრდელობითი მიდგომების გაუმჯობესებაზე, როგორც ადრეული განათლების სპეციალისტებს“, - აღნიშნულია ადრეული განათლების კურიკულუმის მეთოდურ სახელმძღვანელოში, რომლის მიხედვითაც, ოჯახების გაძლიერება სწორედ რომ ბავშვების კეთილდღეობასა და სწავლაზე აისახება.

ბაღის თანამშრომლები ბავშვის განვითარების ექსპერტები არიან, კარგად იცნობენ ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს, აკვირდებიან და თვალყურს ადევნებენ ბავშვისა და მშობლის ურთიერთობას. სხვა პროფესიონალებთან შედარებით მეტი შესაძლებლობა აქვთ, სანდო ურთიერთობები დაამყარონ და გავლენა მოახდინონ მათზე. ბაღის პერსონალის ერთ-ერთი პროფესიული ვალდებულება ბავშვის ადრეული განვითარების, სწავლის შესახებ მშობელთა განათლება და ცნობიერების ამაღლებაა.

მშობელთა საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობაზე პასუხისმგებლობას აღმზრდელთან ერთად ბაღის სხვა საგანმანათლებლო პერსონალიც – მეთოდისტი, ფსიქოლოგი – უნდა იღებდეს. შედეგიანი იქნება, თუ ბაღი გამოძებნის რესურსს და თანამშრომლებს გადაამზადებს მშობლებთან ეფექტური მუშაობის მიმართულებით, ან გამოყოფს მშობლებთან მომუშავე პასუხისმგებელ პირს საგანმანათლებლო პერსონალიდან, რომელიც, ასევე, იზრუნებს ამ მიმართულებით საგანმანათლებლო რესურსების მოძიებასა და ბაღის ბიბლიოთეკის გამდიდრებაზე. არსებობს მარტივი ენით დაწერილი ტექსტები და ვიდეოები ადრეული განათლების სხვადასხვა საკითხზე, რომელსაც მშობლებს საჭიროებისამებრ მიაწოდებთ და ბაღის საქმიანობასთან დააკავშირებთ.

შესაძლებელია მშობელთან საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზება, როგორც შიდა რესურსის, ისე მოწვეული სპეციალისტის საშუალებით. შეხვედრის თემები მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, მშობლების ინტერესისა და ჯგუფის საჭიროებებიდან გამომდინარე. სავარაუდო თემების ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ:

► ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები

► ცუდად მოპყრობა და ბავშვზე ძალადობა

► თამაშის როლი ბავშვის სწავლასა და განვითარებაში

► წიგნიერება ადრეულ ასაკში

► გაჯეტები ადრეულ ასაკში

► მამის როლი ბავშვის სწავლასა და განვითარებაში

► სოციალიზაცია ადრეულ ასაკში

► ჭუჭყიანი თამაშების მნიშვნელობა

► ადრეული განათლების სახელმწიფო სტანდარტები და ა.შ.

შეხვედრები ისე უნდა მოეწყოს, რომ მშობლებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მათ ბევრი რამ არ იციან და სწავლას საჭიროებენ. ასეთი საფრთხის გამო, ბევრი მშობელი შეხვედრაში მონაწილეობას თავს აარიდებს.

მშობლები აღმზრდელებთან არაფორმალური ურთიერთობითაც არანაკლებს სწავლობენ. ამიტომ, აღმზრდელმა უნდა გამოიყენოს პროგრამაში მონაწილეობის ზემოთ აღწერილი სხვადასხვა სტრატეგიები, რომ უკეთ გაიცნოს ისინი, მათი ძლიერი მხარეები და უზრუნველყოს ოჯახების მონაწილეობა ბაღის ცხოვრებაში.

იხილეთ ასევე:

როგორ უნდა იზრუნოს საბავშვო ბაღის აღმზრდელმა მშობლის განათლებაზე

რატომ კბენენ ბავშვები ერთმანეთს ბაღში და რა უნდა მოიმოქმედოს ამ დროს აღმზრდელმა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი