2 წლის ბავშვებს ძალიან მცირე ხნით შეუძლიათ ყურადღების კონცენტრაცია. ისინი ჯერ კიდევ იმპულსურები არიან და უჭირთ ქცევის კონტროლი. ამ ასაკის ბავშვები იმედგაცრუებასა და ძლიერ ემოციებს ყველაზე ხშირად დარტყმით, სათამაშოს წართმევით, ყვირილით, ტანტრუმებით, სიჯიუტით და უარყოფით გამოხატავენ. ისინი ძალიან მომთხოვნები არიან და როდესაც სასურველს ვერ იღებენ, იმედი უცრუვდებათ. მათ არ ყოფნით სიტყვები იმისათვის, რომ თავიანთი იმედგაცრუება სხვას სიტყვებით გააგებინონ, ამიტომ ცდილობენ, გამოხატონ ფიზიკურად, ქცევით.
როგორც ადრეული განათლების კურიკულუმის პრაქტიკულ სახელძვანელოშია აღნიშნული, ამ ასაკის ბავშვებისთვის კბენა აგრესიის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა. უფროსმა უნდა გაიგოს ამ ქცევის სავარაუდო მიზეზი და შემდეგ უფრო მისაღები ქცევა მოძებნოს ბავშვის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
კბენის მიზეზი შეიძლება იყოს:
სენსორული აღმოჩენა: ეს არის განვითარების „ორალური“ ეტაპი. ისინი ყველაფერს ღეჭავენ და უსინჯავენ გემოს. ასევე, შეიძლება ახალი ბავშვის გაცნობაც მოინდომონ და კბენას მიმართონ. ბავშვის დახმარება, დაძაბულობის მოხსნა შესაძლებელია სენსორული თამაშებით – წყლით, საძერწი საშუალებებით. ახალი წევრის მოსვლისას კი, ბავშვები ერთმანეთს შეხებით უნდა გააცნოთ.
მიზეზ-შედეგობრიობა: ბავშვებს ყველაფერი აინტერესებთ, რაც გარშემო ხდება. ისინი სხვადასხვა ქმედებების შედეგებს აკვირდებიან. სხვისი კბენით კი - „საინტერესო“ შედეგს იღებენ. სხვა ბავშვის რეაქციასთან ერთად, ეს შეიძლება, უფროსის მხრიდან ყურადღების გამოხატვაც იყოს.
იმედგაცრუება: ეს ძირითადი მიზეზია, რატომაც ამ ასაკის ბავშვები კბენენ სხვებს. ამ მარტივი და სწრაფი გზით ისინი თავიანთ ბრაზს გამოხატავენ. ეცადეთ, აირიდოთ ბავშვების უკმაყოფილება, დააკავეთ ისინი და ასწავლეთ მათ საკომუნიკაციო მოკლე მესიჯები, რათა თავიანთი დამოკიდებულებების გამოხატვა შეძლონ. გაუჩინეთ დაზარალებულის მიმართ ემპათია და ასწავლეთ მისი დახმარება. ჩართეთ ბავშვი სიტუაციის და საქციელის გამოსწორებაში. დაუთმეთ ბავშვებს ბევრი ყურადღება, რომ ეს ქცევა თქვენი ყურადღების მიღების გზა არ გახდეს.
ერთმანეთის კბენის ასარიდებლად, ჩართეთ ბავშვები სხვადასხვა აქტივობაში, რომ ბედნიერები იყვენენ, ჩაეხუტონ ერთმანეთს, ააცილეთ იმედგაცრუების მომენტები და სათითაოდ ყველას ინდივიდუალურად დაუთმეთ დრო და ყურადღება. რაც მეტია ბავშვი, კბენის შანსი იზრდება. ამიტომ დაყავით ჯგუფი მცირე ჯგუფებად. შეამჩნიეთ მისაღები და დადებითი ქცევები, აღნიშნეთ სიტყვიერად და წაახალისეთ.
იხილეთ ასევე:
ასეთ ბავშვებს ზრდასრულ ასაკში აქვთ კარგი ჯანმრთელობა და ჯანსაღი ურთიერთობები