დღეს, დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე მადლომოსილი ცეცხლი ისევ გადმოვიდა.
ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლა მორწმუნეთათვის საკვირველად ამტკიცებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და დიდებულებას.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსის ცნობით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. სილოამი წმინდა ელია წინასწარმწტყველის ლოცვით იერუსალიმში აღმოცენებულ ტბას ჰქვია, რაც ღვთის გამოგზავნილს ნიშნავს. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა. იმ დღიდან, ყველა აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს, თითქმის ერთსა და იმავე დროს, ცეცხლი სასწაულებრივად გადმოდის, როდესაც ტაძარში მართლმადიდებელი პატრიარქი შედის.
გადმოცემის მიხედვით, გამონაკლისი, როდესაც აღდგომის ტაძარში ცეცხლი არ გადმოვიდა. გადმოცემის მიხედვით, ოსმალო სულთანის ხელშეწყობით, სომეხი სასულიერო პირები ადრე შევიდნენ კუვუკლიაში, რადგან პირველობა სურდათ და მართლმადიდებელი ეპისკოპოსი არ შეუშვეს. დიდხანს ელოდნენ, მაგრამ მადლმოსილი ცეცხლი არ გადმოდიოდა. ამ დროს, როდესაც სომხები ტაძარში იყვნენ ჩაკეტილი და უფლის ნიშანს ელოდნენ, მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა, მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცხლი გადმოვიდა და მართლმადიდებელი პატრიარქის სანთელი აანთო, რომელიც ტაძრის გარეთ მოხლმოდრეკილი ლოცულობდა.
მაცხოვრის საფლავზე, რომელიც აღდგომის ტაძარში მდებარეობს, ცეცხლის გარდამოსვლას ყოველ წელს მართლმადიდებელი არაბები ესწრებიან და ირგვლივ მათი ყიჟინა და დაფდაფების ხმა ისმის. ითვლება, რომ თუ ტაძარში არაბები არ არიან, ცეცხლი არ გადმოდის. იერუსალიმის ეკლესია ინახავს ისტორიას, რომლის მიხედვითაც, ახლად არჩეულმა პატრიარქმა, რომელსაც საოცრად არ მოსწონდა ეს ყიჟინა მაცხოვრის საფლავის გარშემო, ადგილობრივ ახალგაზრდა ქრისტიან არაბებს აუკრძალა იქ შესვლა ყიჟინითა და დაფდაფებით. მაშინ დიდხანს დაყოვნდა პატრიარქი ქრისტეს საფლავში. მერე კი გამოვიდა და თქვა, რომ არაბი ახალგაზრდები ტაძარში შეეშვათ. როგორც კი ისინი შეუშვეს, ცეცხლიც გადმოვიდა.
არსებობს 1852 წელს მიღებული სტსტუს-კვო, რომლის მიხედვითაც, ყველა რელიგიური დენომინაცია შეთანხმდა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას უპირატესი უფლება აქვს. ეს სტატუს-კვო განსაზღვრავს ასევე ცეცხლის გარდამოსვლის დღის ცერემონიალს, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი, რა და როგორ უნდა იყოს. იქ წერია, რომელ საათზე გამოდის მართლმადიდებელი პატრიარქი საპატრიარქოს შენობიდან, რა მიმართულებით უნდა წავიდეს... სტატუს-კვოში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ახალგაზრდების ყიჟინა უნდა იყოს მაცხოვრის საფლავის გარშემო.
აღდგომის ტაძარში ჯერ ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები იჭრებიან და ლოცვას აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდმოავლინოს მაცხოვრის საფლავზე. შემდეგ კი, მცირე ტაძრის შესასვლელის წინ, პატრიარქი განიმოსება - განიძარცვავს სადღესასწაულო შესამოსელს და კვართით რჩება. იღება კარი და იგი სამლოცველოში შედის. უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, რათა არაფერი შეიტანოს ისეთი, რითაც სანთლის ანთება შეიძლება. მასთან ერთად კუვუკლიაში შესვლა შეუძლია მონოფიზიტ მღვდელმთავარსაც, მაგრამ მას მხოლოს ანგელოზის ეკვდერში დგომის უფლება აქვს.
როდესაც ცეცხლი გადმოდის, ტაძრის მთელ სივრცეს მოცისფრო ელვა ანათებს. ის ხან კუვუკლიას ეფინება, ხან ელვასავით დაეცემა კედელს. ხალხი ერთად ლოცულობს და ევედრება უფალს, მისი მადლის მიღების ღირსი გახადოს.
მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლი 10-15 წუთის განმავლობაში არ წვავს - თბილია და საამო. მას მოწრმუნეები სახესა და მთელს ტანზე იტარებენ. მისი ეს თვისება ღვთაებრივი წარმოშობის ნიშნად აღიქმება.
ღვთაებრივი ცეცხლი უკვე ათეული წლებია, ისრაელიდან საქართველოშიც ჩამოაქვთ და მანამ, სანამ ეკლესია-მონასტრებში ღამის 12 საათისთვის დაწყებული სააღდგომო ლიტურგია დამათვრდება, წმინდა ცეცხლი თითქმის ყველა ტაძარში მიაქვთ. მორწმუნეები ცეცხლს კანდელებით და სანთლებით ხელში ელოდებიან, სახლში მიაბრძანებენ და სწამთ, რომ ის მათ ოჯახს ყოველგვარი ცუდისგან დაიცავს.
იხილეთ ასევე:
დიდი შაბათი - დღე, როდესაც მორწმუნენი ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან
წითელი პარასკევი - „საფლავზე“ დასვენებული მაცხოვარი ტაძარში არასრული სამი დღე დარჩება