„ბები, ერთი კვერცხი მომე, ღმერთი მოგცემს ბარაქასა, ჭონა!“ – ტრადიციის თანახმად, ამ სიტყვებს მღერიან ჯგუფად შეკრებილი ბავშვები და მოზარდები აღდგომის წინა საღამოს, რომლებიც სხვადასხვა ოჯახებს სტუმრობენ. ჭონაზე მოსიარულეთა სიმღერას უფლის ანგელოზთა გალობასაც უწოდებენ.
შაბათის საღამოს, როცა უკვე ჩამობნლდება და მეორე დღეს აღდგომა უნდა გათენდეს, წითლად შეღებილი კვერცხი თითქმის ყველა ოჯახშია. ვის სახლის წინაც „ჭონაზე“ მოსიარულე ახალგაზრდები, იგივე აღდგომის მახარებლები იმღერებენ, იმ ოჯახის წევრებმა მათ წითელი კვერცხები და სხვა სანოვაგე უნდა გადასცენ.
წითელი კვერცხის გაცემა უფლის დახმარებას ნიშნავს, რადგან, ტრადიციის მიხედვით, ეს კვერცხები აღდგომის მახარობლებმა მათ უნდა გადასცენ, ვისაც კვერცხების შეღებვის საშუალება არ აქვს. იმ ოჯახს კი, ვინც მოწყალებას გასცემს, მთელი წელი ბარაქა ექნება.
ჭონაზე სიარული და სიმღერა ძირითადად სოფლებშია შემორჩენილი. ჭონაზე ქართლის ყველა კუთხეში, იმერეთის, მესხეთის, რაჭის, მთიულეთ-გუდამაყრის და კახეთის სოფლებში დადიოდნენ და დადიან. დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში კი მსგავს მსვლელობას იშვიათად თუ ნახავთ.
ძირითადი ტექსტი, რომელსაც მეჭონეები მღერიან, ყველა კუთხეში თითქმის ანალოგიურია და ბებიასათვის ან დედასთვის კვერცხის თხოვნას ითვალისწინებს:
„ალათასა ბალათასა,
ჩამოვკიდებ კალათასა.
დედი (ბები), ერთი კვერცხი მომე,
ღმერთი მოგცემს ბარაქასა, ჭონააა…“
იხილეთ ასევე:
სააღდგომო აქტივობები საბავშვო ბაღებში - ფოტოკოლაჟი მთელი ქვეყნიდან
დიდი შაბათი - დღე, როდესაც მორწმუნენი ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან