დღეს დიდი შაბათია. ამ დღეს, გამთენიისას, ქრისტეს ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ვნების, ჯვარზე გაკვრის, აღსრულების, გარდამოხსნისა და საფლავად დადების დღეს.
ქრისტეს სხეული ჯვრიდან გადმოხსნის შემდეგ განბანეს, კვართში შეახვიეს და გამოქვაბულში დაკრძალეს. დედებმა, რომლებიც მაცხოვრის დაკრძალვას ესწრებოდნენ, ნელსაცხებელი მოამზადეს, რათა მეორე დღეს იესოს სხეულისათვის ეხოცათ. მღვდელმთავრები კი პილატესთან მივიდნენ და სთხოვეს, საფლავთან გუშაგები დაეყენებინათ, რათა ქრისტეს მოწაფეებს გვამი არ მოეპარათ და ხალხისთვის არ ეთქვათ, აღსდგაო.
ქრისტიანული რწმენის მიხედვით, როდესაც იესო ქრისტეს სხეული საფლავში ესვენა, მისი სული ჩავიდა ჯოჯოხეთში, აცნობა გარდაცვლილთა სულებს თავისი გამარჯვება სიკვდილზე და გამოიხსნა ის სულები, რომლებიც იმედით ელოდნენ მის მოსვლას.
დიდი შაბათის ღმრთისმსახურებებზე იკითხება ყოვლაწმინდა ღმრთისმშობლისგან საკუთარი ძის დატირების ლოცვები, სპეციალური ტიპიკონური მითითებებით. დიდი შაბათი წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა და ამ დღეს მორწმუნენი მკაცრად მარხულობენ. მეორე დღეს, აღდგომას კი, 7 კვირიანი მარხვა მთავრდება.
ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს, მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდმოსვლას ელოდებიან.
იხილეთ ასევე:
წითელი პარასკევი - „საფლავზე“ დასვენებული მაცხოვარი ტაძარში არასრული სამი დღე დარჩება