დღეს წითელი პარასკევია - უფალ იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრის დღე.
ამ დღეს ეკლესიებში გარდამოხსნის რიტუალი სრულდება.
გარდამოხსნა დიდ ქსოვილს წარმოადგენს, რომელზედაც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნას მისთვის მომზადებულ სპეციალურ სადგამზე - „საფლავზე“ დაასვენებენ. იგი ტაძარში არასრული სამი დღე დარჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.
ამ დღეს ასევე სრულდება სამეუფო ჟამნი, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა. ითვლება, რომ ქრისტემ თავისი სისხლის გაღებით სასუფევლის კარი გახსნა და ყველა ადამიანს შანსი მისცა ცხონებისა და გადარჩენისა.
წითელ პარასკევს მორწმუნენი კვერცხებს წითლად ღებავენ. გადმოცემის მიხედვით, როდესაც მაცხოვარი მკვდრეთით აღსდგა, ამაღლებამდე, თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და სხვადასხვა ადგილებში აგზავნიდა, რათა ადამიანებისთვის აღდგომის დღესასწაული ეხარებინათ. მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომაელ იმპერატორ ტიბერიუსთან გაემგზავრა, კვერცხი მიაწოდა და მიულოცა აღდგომის დღესასწაული. იმპერატორმა წამოიძახა, როგორ შეეძლო მკვდარს აღდგომა, ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ამ კვერცხის წითლად შეღებვაო. სასწაულებრივად გაწითლდა კვერცხი და აქედან დაწესდა აღდგომის პერიოდში კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციაც.
იხილეთ ასევე:
კვერცხი წითლად ხვალ უნდა შეღებოთ - მომზადების წესი და ტრადიცია
როგორ უნდა მოუყვეს ბაღის აღმზრდელი ბავშვებს ქრისტეს აღდგომაზე - „ჯვარზე გაკვრის სცენას ნუ აღუწერთ“