აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი სამყარო წითელი კვერცხებით ეგებება. კვერცხები წითლად ვნების კვირის პარასკევს იღებება და ამ დღეს წითელი პარასკევი ჰქვია.
ხვალ, 14 არილს, წითელი პარასკევია, 16 აპრილს კი აღდგომა დგება.
გადმოცემის თანახმად, მკვდრეთით აღმდგარმა იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გააგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. მათგან ერთ-ერთი, მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველს, იმპერატორ ტიბერიუსს წარუდგინეს. მაშინ რომში არსებობდა წესი, რომლის მიხედვითაც, ყველა იმპერატორთან წარდგენილს, მისთვის თუნდაც სულ მცირე, რაიმე ძღვენი უნდა მიეტანა. მარიამმა, რომელსაც რწმენის გარდა არაფერი გააჩნდა, იმპერატორს ძღვნად კვერცხი მიართვა და ახარა: ქრისტე აღდგა! ამის გაგონებაზე ტიბერიუსმა წარმოსთქვა: „ამის დაჯერება ისეთივე ძნელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება“. იმპერატორს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა. ეს მოვლენა გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა, სიმბოლურად, ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ.
კვერცხი ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა. კვერცხის შეღებვის ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება.
ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება. კვერცხის შესაღებად ძირითადად ბუნებრივ საღებავს, ენდროს იყენებენ და ზოგჯერ ხახვის ფურცლებსაც უმატებენ.
კვერცხის შეღებვის წესი:
სასურველია, კვერცხები ბუნებრივი საღებავით, ენდროთო შეიღებოს. კარგად გარეცხეთ ენდროს ფესვები, დაჩეჩქვეთ, ჩადეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე. როცა ადუღდება, დაამატეთ ხახვის ფურცლები და ადუღეთ 30 წუთი. შემდეგ კი გადმოდგით და გააციეთ. შემდეგ კიდევ 20 წუთი ადუღეთ და ისევ გააციეთ.
კვერცხები შეღებვამდე ერთი საათით ადრე მაცივრიდან უნდა გამოიღოთ და ოთახის ტემპერატურაზე დატოვოთ. სასურველია, კვერცხები მომცრო ზომის და შედარებით მუქი ფერის იყოს, რათა უფრო ლამაზი ფერის კვერცხები მიიღოთ.
ჩააწყეთ მოდუღებულ ენდროში კვერცხები ისე, რომ წყალმა დაფაროს. დაამატეთ მარილი მუჭით და ღვინის ძმარი - 5 ლიტრ წყალზე 100 გრამი. ადუღებიდან 20 -25 წუთი ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით და კვერცხები ცივ წყალში ჩააწყეთ. კარგი იქნება, თუ წყალში ყინულებს ჩაყრით, რათა კვერცხის ადვილად გაფრცქვნა იყოს შესაძლებელი. ცივი წყლიდანაც რომ ამოალაგებთ, გაშრობა აცალეთ. შემდეგ კი ზეთში დასველებული ქსოვილით გააპრიალეთ.
ქრისტიანებისთვის წითელი პარასკევი ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. ამ დღეს ტაძრებში გარდამოხსნის რიტუალი ტარდება. მსახურება სიმბოლურად ჯვარცმული იესო ქრისტეს დაკრძალვასა და დატირებას ასახავს.
იხილეთ ასევე:
დიდი ხუთშაბათის ძალა - „ბავშვები უნუგეშო ავადმყოფობის შემთხვევაშიც კი განკურნებულან“
პასკის რეცეპტი ცნობილი მზარეულისგან - „გასწავლით თეთრი მინანქრის უმარტივეს რეცეპტს“