დღის თემა
etaloni.ge
თუ ბაღში ბავშვს 10 დღე არ მიიყვანთ, გარიცხავენ - დოკუმენტი
28.09.2022

კოვიდრეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა აღრიცხვის სისტემა კვლავ გააქტიურდა; შესაბამისად, თუ ბავშვი 10 სამუშაო დღის განმავლობაში არ გამოცხადდება ბაღში, ავტომატურად გარიცხავენ. გამონაკლისია მხოლოდ ცნობა, რომლის წარდგენის შემთხვევაში, გაცდენები არასაპატიოდ არ ჩაითვლება.

etaloni.ge-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუმარტეს, რომ „კოვიდ რეგულაციების მოხსნის შემდეგ, ბაღები გადადიან მუშაობის ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისად, ორი კვირით ბავშვის ბაღში არგამოცხადების შემდეგ, კვლავ სავალდებულო იქნება საპატიო მიზეზის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა, სხვა შემთხვევაში, აღსაზრდელი გაირიცხება“.

ზოგადად, აღსაზრდელის  სკოლამდელი აღზრდის  საჯარო დაწესებულებიდან ამორიცხვას კანონი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, სკოლამდელი აღზრდის  საჯარო დაწესებულება წარმოებულ დოკუმენტაციასთან ერთად (დასწრების ჟურნალი, მენიუ-ფაქტურა და სხვა) ელექტრონულ სისტემაში, ყოველი სამუშაო დღის 12 საათამდე უზრუნველყოფს აღსაზრდელთა სახელობითი დასწრების შესახებ ინფორმაციის განთავსებას.

აღსაზრდელის ზედიზედ 10 სამუშაო დღის, ხოლო, თვის პერიოდში 15 სამუშაო დღის განმავლობაში, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში გამოუცხადებლობა წარმოადგენს რეგისტრაციის შეჩერების საფუძველს, ხოლო, მომდევნო 5 სამუშაო დღეში აღსაზრდელის მშობლის მიერ, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში წარუდგენლობა, ამორიცხვის და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს. ელექტრონულ მისამართზე რეგისტრაციის შეჩერება ხდება ავტომატურად  (მე-10 დღის ან/და მე-15 დღის 18 საათიდან), რომელიც არ საჭიროებს  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებას.

სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება იმ აღსაზრდელების ამორიცხვის შესახებ, რომელთაც ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბავშვზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულია ცნობა/რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან/და შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვის 6 წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ, აღსაზრდელის მშობლის მოთხოვნით, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში შესაძლებელია დატოვებულ იქნეს ასეთი საჭიროების (სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე (ინკლუზია))  მქონე აღსაზრდელი, მომავალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე.

ამორიცხვისა და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია, აღსაზრდელის ამორიცხვის თაობაზე  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება (ბრძანება).

დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რეგისტრაციის შეჩერებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, წარმოდგენილი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე,  სკოლამდელი აღზრდის საჯარო  დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ხორციელდება რეგისტრაციის აღდგენა.

შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა წარმოებს არსებული ანკეტის გააქტიურებით, ხოლო, რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, იმავე ან სხვა  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურების მისაღებად საჭიროა ახალი რეგისტრაცია, ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

აღსაზრდელის სკოლამდელი აღზრდის  საჯარო დაწესებულებიდან ამორიცხვის და ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია:

ა) აღსაზრდელის ან/და აღსაზრდელის ოჯახის წევრის ავადმყოფობა;

ბ) ოჯახის წევრის გარდაცვალება;

გ) სტიქიური უბედურება ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაცია.

საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს, აგრეთვე, სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის საპატიოდ მიჩნევის საკითხს წყვეტს  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი.

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი