დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღების კურიკულუმის 10 ღირებულება და პრინციპი
13.04.2023

მეთოდური სახელმძღვანელოს ერთ თავში, რომელიც ადრეული განათლების კურიკულუმს ეძღვნება, აღწერილია ათი პრინციპი, რასაც ეფუძნება კურიკულუმი და განმარტებულია თითოეული პრინციპი.

კურიკულუმის ათი ღირებულება და პრინციპი:

1. ბავშვი ცენტრალური აქტორია თავის სწავლასა და განვითარებაში

ბავშვები სწავლობენ და ვითარდებიან, როცა აქტიურად არიან ჩართულები – იკვლევენ, აღმოაჩენენ, თამაშობენ, გამოცდილებას იძენენ, კითხვებს სვამენ, ურთიერთობენ, რისკავენ. ბავშვზე ცენტრირებული მიდგომის შესაბამისად, ბავშვი მისი სწავლის ცენტრალური ფიგურაა, სადაც უფროსი მის ინტერესს მიჰყვება, ხელს უწყობს სწავლისა და განვითარების ბუნებრივ პროცესს და თავს არ ახვევს, რა გააკეთოს. ეს მიდგომა ხელს უწყობს ბავშვების ცნობისმოყვარეობას, ინტერესს, არჩევანს, ზრდის მოტივაციას და სწავლის შინაგან სურვილს. ასეთი გამოცდილება ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, შეისწავლონ საკუთარი თავი, გარესამყარო, გაიგონ თავიანთი ფიქრები, გაიცნონ სხვები, მაქსიმალურად გამოავლინონ პოტენციალი.

2. ხარისხიანი განათლება ინკლუზიურია

ინკლუზიური განათლება ხარისხიან განათლებას ნიშნავს, რომელიც სარგებლის მომტანია არა რომელიმე ბავშვისათვის, არამედ ყველასთვის. ბაღი ხარისხიანია, თუ ყველა ბავშვისთვის ღიაა, მიუხედავად ფიზიკური, მენტალური თუ სოციალური შესაძლებლობისა. ინკლუზიური განათლება ამ სივრცეში მყოფი თითოეული ბავშვის, ბაღის პერსონალის და ოჯახის ჩართულობას გულისხმობს, სადაც ყველას კეთილგანწყობილად ხვდებიან და იღებენ, სადაც თითოეული დაფასებულად და ღირსეულად გრძნობს თავს, სადაც მრავალგვარობა და განსხვავებები თამაშის, სწავლისა და ჩართულობის რესურსად გამოიყენება.

3. განვითარება ჰოლისტურია

ჰოლისტური მიდგომა ბავშვის განვითარებას და სწავლას ხედავს როგორც ინტეგრირებულ და ურთიერთდაკავშირებულ პროცესს, სადაც ბავშვის ფიზიკური, ემოციური, გონებრივი სფეროები და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა თანაბრად მნიშვნელოვანი, ხოლო მათი ურთიერთკავშირი, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, არსებითია. მიუხედავად იმისა, რომ ერთ სფეროზე ზრუნვა მეორის განვითარების პირობას ქმნის, ჰოლისტური მიდგომა ბავშვის განვითარების სხვადასხვა სფეროზე ერთდროულად ზრუნვას გულისხმობს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, თანაბრად მოხდეს ამ სფეროებზე დაკვირვება და მათი განვითარების ხელშეწყობა. ჰოლისტური მიდგომა ბავშვების, ოჯახებისა და თემის ურთიერთკავშირსა და პარტნიორობის მნიშვნელობაზეც მიუთითებს და აღიარებს თანამშრომლობით სწავლებას და ჩართულობას.

4. ბავშვი ინდივიდია, სწავლა და განვითარება - ინდივიდუალური

განვითარებასთან დაკავშირებულ განსხვავებებთან ერთად ბავშვები ინტერესებით, პიროვნული თვისებებით, სწავლის სტილითა და ცოდნით განსხვავდებიან. ეფექტური სწავლება ყველასთვის ერთი გზით ვერ მოხდება. ეფექტური სწავლებისას ბავშვისთვის საინტერესო გამოცდილება მის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს ერგება. ასეთი გამოცდილება, თითოეული ბავშვისთვის, უნდა იყოს როგორც რთული, ისე მიღწევადი, რომ ინტერესი და მოტივაცია არ დაკარგოს და საკუთარი თავის რწმენა და სწავლა-განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს. „რთულისა და მიღწევადის“ კრიტერიუმები განსხვავებულია ბავშვებში, რაც ინდივიდუალური მიდგომის საფუძველს წარმოადგენს და ყველას ესადაგება.

5. თამაში ბავშვის მიერ ინიცირებული, სახალისო და საინტერესოა

თამაში სწავლისა და განვითარების ერთადერთი საშუალებაა. ბავშვი მაშინ თამაშობს, როდესაც მას მიაჩნია, რომ თამაშობს, ხალისობს და იღებს სიამოვნებას. თამაშისას საგნები, ქმედებები და სიტუაციები ჩვეულ მნიშვნელობას კარგავს და ახალს იძენს. თამაშით ბავშვები რეალურ დროს და ადგილს სცდებიან და ახალ შესაძლებლობებს ცდიან. თამაშის დროს ბავშვები შინაგანი მოტივაციით მოქმედებენ, სადაც მათი ყურადღება ქმედებებზეა მიმართული და არა მიზნებზე, სადაც პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროდუქტი, ხოლო მიზანი კი – თავად თამაშია.

6. მრავალფეროვანი გამოცდილება სწავლისა და განვითარების პირობაა

სწავლა და განვითარება მრავალფეროვან სივრცეებში მონაწილეობით და ჩართულობით ხდება. შემოქმედებითად და გააზრებულად მოწყობილი სივრცეები ხელს უწყობს თამაშით კვლევას, რომელიც ერთდროულად უსაფრთხოც არის და ზომიერ სირთულეებს და რისკსაც მოიცავს. ბავშვები სწავლობენ ყველა სიტუაციაში, ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო სიტუაციებშიც, როგორიცაა გადასვლები სივრცესა და თამაშებში, ბაღში წასვლა-მოსვლა, სადილი და სხვა რუტინული საქმიანობები. სწავლობენ მაშინაც, როცა „შეცდომებს“ უშვებენ. უფროსებმა ასეთი გამოცდილება სწავლისთვის უნდა გამოიყენონ და ყველა გამოწვევა „სასწავლო მომენტად“ აქციონ. უფროსის მხრიდან მოთმინებით გაძღოლა, ბავშვებისთვის დროის მიცემა არამხოლოდ კეთების, შექმნისა და მცდელობისთვის, არამედ „შეცდომებზე“ დაკვირვებისა და მათი გამოსწორებისათვის, ზრდის ბავშვების დამოუკიდებლობას. სწორედ ასეთი მიდგომით ღვივდება სწავლის, კვლევის სურვილი და ცნობისმოყვარეობა ყველა სიტუაციაში.

7. ფიზიკური გარემო ზრდის, სწავლისა და განვითარების საშუალებაა

ბავშვების სწავლა-განვითარებას არა მხოლოდ კომპეტენტური უფროსი, არამედ შესაბამისად ორგანიზებული ფიზიკური გარემოც განაპირობებს. უსაფრთხო, მხარდამჭერი, ზრდის და განვითარების ხელშემწყობი – ამ ზედსართავებით ისევე შეიძლება ფიზიკური გარემოს დახასიათება, როგორც ბავშვებთან მომუშავე კომპეტენტური უფროსის. სწორად მოწყობილი გარემო უფროსის საქმესაც აკეთებს:

► აძლიერებს ზრუნვას

►  ხელს უწყობს დამოუკიდებლობას და კომპეტენტურობას ბავშვებში

►  ხელს უწყობს ბავშვების ჩართულობას

►  ამცირებს რთულ ქცევას

►  ზრდის აღმზრდელების ეფექტურობას

►  ხელს უწყობს მისაღებ სოციალურ ურთიერთობებს

►  უზურნველყოფს სტრუქტურას და პროგნოზირებადს ხდის მას

კარგად ორგანიზებული და მოქნილი შიდა სივრცეები, სადაც შესაძლებელია მრავალგვარი თამაში, დაბალანსებული ბუნებაში თამაშით, ხარისხიან სწავლას, წარმოსახვას და თავგადასავლის ძიებას უწყობს ხელს. ბავშვების ცნობისმოყვარეობა, წარმოსახვა და შემოქმედებითობა ამგვარი მრავალფეროვანი გამოცდილებებით და გარემოებებით უნდა იყოს ინსპირირებული.

8. ოჯახებთან პარტნიორობით ბავშვებთან მუშაობა გაცილებით უფრო შედეგიანია

კარგი ბაღი ბავშვების განვითარებას და სწავლას ემსახურება, საუკეთესო კი ოჯახებს აძლიერებს. ასეთი პროგრამა მშობელს, ოჯახს პარტნიორად განიხილავს და მისთვის კეთილმოსურნე გარემოს უზრუნველყოფს. პატივს სცემს და ასახავს ოჯახურ ღირებულებებს, სთავაზობს ბაღის ცხოვრებაში მონაწილეობის სხვადასხვა შესაძლებლობას. უზრუნველყოფს კომუნიკაციის ძლიერ სისტემას და ეხმარება ურთიერთობების დამყარებაში. გამოხატავს მზაობას, დაამყაროს კავშირები ორგანიზაციებთან, რომლებიც ოჯახებს ემსახურება. ხარისხიანი პროგრამა აცნობიერებს, რომ ოჯახებთან პარტნიორობით მათი ბავშვებთან მუშაობა უფრო შედეგიანია.

9. ეფექტური პრაქტიკა წინასწარ გამიზნული და მოქნილია

ბავშვები ცოდნას და უნარებს სწავლის პროცესში აქტიური მონაწილეობით იძენენ და ივითარებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ სჭირდებათ მზრუნველი და მხარდამჭერი უფროსი. ეფექტური სწავლების საფუძველი წინასწარ გამიზნულობაა. მრავალფეროვან გარემოში მიმდინარე სწავლა და განვითარება ეფექტურია, როდესაც გამოცდილი და მცოდნე უფროსის ხელმძღვანელობით ხორციელდება და არ არის შემთხვევითი.

მიზანდასახული აღმზრდელი გეგმავს და პასუხობს მკაფიოდ გამოკვეთილ მიზნებს, რომლებიც ქვეყნის სტანდარტებს ეყრდნობა და ითვალისწინებს დაკვირვებიდან, შეფასებიდან და ოჯახებიდან მიღებულ ინფორმაციას. იგი გააზრებულად აწყობს გარემოს, არჩევს სწავლების სტრატეგიებს და არა მარტო იცის რა გააკეთოს, არამედ ლოგიკურად მსჯელობს და ხსნის, რატომ აკეთებს.

მიზანდასახული აღმზრდელი ბავშვებს მრავალგვარი გამოცდილებებითა და მასალებით უზრუნველყოფს, რაც ხელს უწყობს ბავშვების წარმატებით ჩართულობას, ურთიერთობებს და სტანდარტით გათვალისწინებული უნარების განვითარებას და კომპეტენციების მიღწევას.

10. ავტონომიური დ შემოქმედებითი უფროსის გვერდით ბავშვი თავისუფალი და შემოქმედებითია

შემოქმედებითი უფროსი ექსპერიმენტირებს რესურსებით, ერთვება პრობლემის გადაჭრაში, ირგებს სხვადასხვა როლს, ახდენს იდეების გენერირებას. ასეთი უფროსი მოქნილია და იგივე მაგალითს აძლევს ბავშვებს თავისი ინოვაციურობით და სპონტანურობით. შემოქმედებითი უფროსი ავტონომიურია, დამოუკიდებლად იღებს გადაწყევეტილებებს, სწრაფად ცვლის ფოკუსს ბავშვების ინტერესების შესაბამისად და კითხვებზე საპასუხოდ. ასეთი მიდგომით აბალანსებს დაგეგმილსა და ცოცხალ პროცესებს. შემოქმედებითი და ავტონომიური უფროსი აცნობიერებს თავის შემოქმედებითობას და ცდილობს, იგივე განუვითარდეს ბავშვებსაც. იგი ბავშვებს კრეატიულ მოაზროვნეებად აღიქვამს და ყოველთვის უტოვებს უცნობ, გაურკვეველ სივრცეს და ხელს უწყობს, რომ თავდაჯერებულად, დამოუკიდებლად იკვლიონ. ამით ის უზრუნველყოფს ბავშვების ავტონომიურობას სწავლის პროცესში. შემოქმედებითი უფროსი ბავშვების ნამუშევრებშიც და თამაშის პროცესშიც უჩვეულო იდეებს და ახალ ელემენტებს ხედავს და ხარობს მათი მიღწევებით.

იხილეთ ასევე:

„კურიკულუმს სჭირდება მაღალი კომპეტენციის აღმზრდელი“ – სამინისტრომ სახელმძღვანელო გამოაქვეყნა

სკოლამდელი დაწესებულების ხელმძღვანელობამ უნდა იზრუნოს თანამშრომლების კეთილდღეობაზე, წაახალისოს და დაეხმაროს პროფესიულ ზრდაში - სტანდარტი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი