საბავშვო ბაღის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება უნდა მოიცავდეს სამუშაო ვიზიტებს საზღვარგარეთ - რა წერია ხარისხის სტანდარტში
დაწესებულების მმართველი რგოლი პასუხისმგებელია, პერსონალზე იზრუნოს ყველა მიმართულებით, იქნება ეს კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა თუ წახალისება, მოტივაციის ამაღლება და ა.შ., - აღნიშნულია ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში.
აღნიშნული სტანდარტის მიხედვით, მნიშვნელოვანია თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ სახელმწიფო კანონის მიხედვით, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს ამტკიცებს მთავრობა, ხოლო დაწესებულების დანარჩენი პერსონალის პროფესიულ სტანდარტს ადგენენ მუნიციპალიტეტები.
მიუხედავად დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა, დაწესებულება მუდმივად უნდა ზრუნავდეს საკუთარი პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამის მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა გზით:
- თანამშრომლებისთვის პროფესიული ტრენინგების, „ვორქშოპების“ დაგეგმვა მათთვის საინტერესო ან საჭირო თემებზე;
- სპეციალისტებისა და ექსპერტების მოწვევა დაწესებულების სივრცეში, შეხვედრების, დისკუსიების, საჯარო ლექციების ორგანიზება;
- დაწესებულების ფარგლებში ბიბლიოთეკის მოწყობა, სადაც საბავშვო წიგნებთან ერთად იქნება სპეციალური განყოფილება უფროსებისთვის. ბიბლიოთეკა პერიოდულად შეივსება ბაზარზე გამოსული სამეცნიერო ლიტერატურით, ზოგადად განათლების, ფსიქოლოგიის, ადრეული განათლების, ადრეული ასაკის თავისებურებების შესახებ. დაინტერესებულ თანამშრომლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ბიბლიოთეკის მომსახურებით;
- არსებული საგანმანათლებლო ჟურნალებისა და გაზეთების გამოწერა;
- გაცვლითი პროგრამების ორგანიზება დაწესებულებებს შორის - განსაკუთრებით საინტერესო იქნება ასეთი პროგრამები რეგიონებს შორის, როცა, მაგალითად, კახეთის რომელიმე მუნიციპალიტეტის ბაღის აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი ერთკვირიანი, ან ორკვირიანი ვიზიტით გაემგზავრებიან, მაგალითად, აჭარის, იმერეთის, ან თბილისის რომელიმე ბაღში და იქ საგანმანათლებლო პროცესში სრულად მიიღებენ მონაწილეობას. ასეთი გაცვლითი პროგრამები, ერთი მხრივ, პროფესიული ქსელის შექმნის საშუალებას იძლევა, ხოლო მეორე მხრივ, პრაქტიკოსებს საშუალებას აძლევს, პროფესიული ცოდნა სწორედ პრაქტიკაში გაუზიარონ ერთმანეთს.
- საჭირო ფონდების მოძიებისა და საერთაშორისო კონტაქტების დამყარების შემთხვევაში, შესაძლებელია ზემოთ მოყვანილი მაგალითი უფრო ფართო კონტექსტშიც განვიხილოთ და საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, მსგავსი სამუშაო ვიზიტები საზღვარგარეთ დაიგეგმოს.
იხილეთ ასევე:
ბაღის აღმზრდელი ყოველთვის ყურადღებით უსმენს და აკვირდება ბავშვებს - როგორ უნდა დაიგეგმოს ეფექტური თემა სკოლამდელ დაწესებულებაში
ტრენინგებში მონაწილეობის სერტიფიკატების, დიპლომების ასლები - რა უნდა იდოს ბაღის პერსონალისა და ბავშვის პირად საქმეში