ხვალინდელ დღეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს, ჩვენს ქვეყანაში ტრადიციული რიტუალი - ჭიაკოკონობა იმართება.
ჭიაკოკონობა უძველესი ქართული რიტუალია და ცეცხლით განწმენდის დღეობად ითვლება. ის უძველეს წარმოდგენას, ცეცხლის, როგორც ავი სულების საწინააღმდეგო და ყოველგვარი უწმინდურებისაგან განმწმენდ ძალად წარმოდგენას ემყარება.
ჭიაკოკონობა სხვადასხვა ხალხში წელიწადის სხვადასხვა დღეს აღინიშნებოდა: ყველიერის ორშაბათს, დიდმარხვის პირველი ან უკანასკნელი კვირის შაბათს, ივანობას და ა.შ. საქართველოში კი დიდი ოთხშაბათის საღამოს აღნიშნავდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ წარმართული რიტუალია და ეკლესია არ აღიარებს, ჭიაკოკონობას დღემდე აღნიშნავენ, თუმცა ძველებურმა რიტუალმა სახე მაინც იცვალა. ძველად ეზოში კოცონს გააჩაღებდნენ, ახალგაზრდები ცეცხლის გარშემო დარბოდნენ, ცეკვავდნენ, ზედ ახტებოდნენ და გაიძახოდნენ „არული კუდიანებსაო“.
გადმოცემის თანახმად, კოცონზე გადახტომის დროს ადამიანი ავი სულებისგან იწმინდება. ჭიაკოკონას ანთება და მასზე გადახტომა ძირითადად იმის საწინდარი იყო, რომ კუდიანები ვერავის ავნებდნენ და დილაც მშვიდობიანად გათენდებოდა. კუდიანების, ავი სულების დასაფრთხობად და განსადევნად ისროდნენ თოფებს. ხალხის წარმოდგენით, კუდიანები ამ ან მომდევნო ღამეს გარკვეულ ადგილას იკრიბებოდნენ და ზეიმს მართავდნენ.
მსგავსი ჩვეულება გავრცელებული იყო საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. ხევსურეთში ჭიაკოკონობას „კუდიან წუხრას“ უწოდებდნენ, რაც აშკარად მიუთითებს ამ დღეობის უშუალო კავშირზე ბოროტ ძალებთან. გურიაში „ფაკლობას“ ეძახდნენ, ქართლსა და იმერეთში ჭიაკოკონობას. მესხეთ-ჯავახეთში ჭიაკოკონობა წითელ პარასკევს იმართებოდა, სამეგრელოში - 15 ან 28 აგვისტოს.
მართალია, ჭიაკოკონობის ღამეს კოცონის დანთების რაოდენობა შემცირდა, თუმცა მაინც აღინიშნება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა ქალაქებში სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს, მათ შორის საბურავებს და სხვას, რაც გარემოს და ადამიანთა ჯანმრთელობასაც აზანებს.
როგორც გარემოსცავითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, ნარჩენების დაწვით საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები გამოიყოფა და მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში, საფრთხე ექმნება.
„გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის, მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების ღია წესით დაწვა აკრძალულია. ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, „ჭიაკოკონობის ღამეს“ კონტროლს გაამკაცრებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე:
პასკის რეცეპტი ცნობილი მზარეულისგან - „გასწავლით თეთრი მინანქრის უმარტივეს რეცეპტს“
ბზობა დღის ტრადიციები - გაიგეთ, სად იმართება ბავშვთა კურთხევის ცერემონიალი