სააღდგომო პასკა, რომელიც ყველა ქრისტიანისთვის სანუკვარი ნუგბარია, განსაკუთრებული სიფრთხილითა და წესების დაცვით მზადდება.
ამჯერად ცნობილი ახალგაზრდა მზარეულის, ნუცა სურგულაძის, პასკის რეცეპტს გთავაზობთ.
3 ცალი სხვადასხვა ზომის პასკისთვის დაგჭირდებათ:
საფუარისთვის: 12 გრამი მშრალი საფუარი, 12 გრამი შაქარი, 20 გრამი ფქვილი, 180 მლ თბილი რძე.
ცომის ბაზისთვის: 3 კვერცხი, 300 გრამი შაქარი, 150 გრამი 15%-იანი არაჟანი, 90 გრამი ზეთი, 100 გრამი კარაქი, 3 გრამი ვანილი, 3 გრამი დარიჩინი, 3 გრამი ილი, 3 გრამი მიხაკი, 3 გრამი მუსკატის კაკალი, ციტრუსის ცედრა, 650-700 გრამი უმაღლესი ხარისხის ფქვილი.
პასკის შიგთავსისთვის: 30 გრამი ქიშმიში, 30 გრამი გარგარის ჩირი, 20 გრამი ნუში და შოკოლადის ფილა.
მოსართავად: თეთრი მინანქრისთვის 200 გრამი შაქრის პუდრა, 15-20 გრამი რძე და 40 გრამი შოკოლადის ფილა.
ნუცა სურგულაძის რეცეპტი:
გადაიტანეთ ჯამში 12 გრამი მშრალი საფუარი, 12 გრამი შაქარი და 20 გრამი ფქვილი. კარგად აურიეთ და დაუმატეთ 180 გრამი თბილი რძე. რძე ცხელი არ უნდა იყოს. ეს ყველაფერი კარგად გახსენით, გადააკარით პროდუქტების პარკი და 10-15 წუთით შეინახეთ თბილ ადგილას. ამ პერიოდში უნდა ამოფუვდეს და ბუშტუკები გაიკეთოს.
ცალკე ჯამში, 3 კვერცხს დაუმატეთ 300 გრამი შაქარი და კარგად, გათეთრებამდე გათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ 15%-ანი 150 გრამი არაჟანი, 90 გრამი ზეთი და ისევ გათქვიფეთ. გაადნეთ 100 გრამი კარაქი და დაამატეთ ამ მასას. შემდეგ უნდა დაუმატოთ 3 გრამი ვანილი, 3 გრამი დარიჩინი, 3 გრამი ილი, 3 გრამი მიხაკი, 3 გრამი მუსკატის კაკალი და ასევე - ციტრუსის ცედრა. ძალიან უხდება ფორთოხლის ცედრა, თუმცა ნებისმიერი ციტრუსის ცედრას გამოყენება შეძლება. ამ ყველაფერს რომ შეურევთ, დაუმატეთ წინასწარ მოზელილი საფუარი და კარგად გათქვიფეთ.
ამის შემდეგ, უნდა დაამატოთ კარგად გაცრილი ფქვილი. გირჩევთ, უმაღლესი ხარისხის ფქვილი გამოიყენოთ. მოურიეთ ხელის სათქვეფით, შემდეგ კი - მიქსერით გათქვიფეთ. შეგიძლიათ, ხელითაც მოზილოთ. სულ გამოიყენეთ 650-700 გრამი ფქვილი, რომელიც, უმჯობესია, ნელ-ნელა ამატოთ.
რადგან ცომი უნდა გაფუვდეს, უფრო დიდ ჭურჭელში გადაიტანეთ. ზემოდან ცოტა ზეთიც მოასხით და თბილ ადგილას შეინახეთ რამდენიმე საათით. დაახლოებით 3 საათი უნდა, რომ აფუმფულდეს.
სანამ ცომი ფუვდება, მოამზადეთ შიგთავსი, რომელსაც ცომს დაუმატებთ. სხვადასხვაგვარი პასკა რომ გამოგივიდეთ, მოამზადეთ სხვადასხვა შიგთავსი.
ერთი ნაწილისთვის აიღეთ 30 გრამი ქიშმიში 30 გრამი გარგარის ჩირი, რომელიც უნდა დაჭრათ წვრილად. მეორე ნაწილისთვის კი ნუში გამოიყენეთ, რომელიც ცოტა მარილით იქნება და - შოკოლადი.
აფუმფულებული ცომი უნდა გადაზილოთ. მარტივად რომ გადაზილოთ და არ მიგეკრათ ხელზე, უმჯობესია, ჩაიცვათ რეზინის ხელთათმანი, ზედ დაისხათ ცოტა ზეთი და ეს მოქმედება ისე გააკეთოთ. ამის შემდეგ, ცომი გაყავით ორ ტოლ ნაწილად და დაუმატეთ უკვე მომზადებული შიგთავსი ცალ-ცალკე. ერთს - გარგარის ჩირი და ქიშმიში და მეორეს - ნუში და შოკოლადი დაუმატეთ. ორივე კარგად გადაზილეთ, რომ ეს შიგთავსი ყველგან გადანაწილდეს და გადაიტანეთ ფორმებში.
მე სილიკონის ფორმებს ვიყენებ, თუმცა შეგიძლიათ, ჩვეულებრივი ფორმებიც გამოიყენოთ და, როგორც წესი, დაახლოებით ერთი მესამედით უნდა ამოავსოთ. დაახლოებით საათ-ნახევარი დააყოვნეთ სითბოში და შემდეგ, 160 გრადუსზე დაახლოებით 35 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ ზედა და ქვედა ვენტილაციით. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა უკეთესად იცნობს თავის ღუმელს და შეგიძლიათ, თქვენ თავად შეურჩიოთ შესაბამისი ტემპერატურა.
რაც შეეხება პასკის დეკორაციას, გასწავლით თეთრი მინანქრის უმარტივეს რეცეპტს - 200 გრამ შაქრის პუდრას შეურიეთ სულ ცოტა, 15-20 გრამი რძე. კარგად მოურიეთ და არაჩვეულებრივი მინანქარიც მზად იქნება. შეგიძლიათ, ფისტა დააქუცმაცოთ და იმ მინანქარწასმულ პასკაზე მოაყაროთ, რომელსაც ქიშმიში და გარგარის ჩირი აქვს. შეგიძლიათ, ეს პასკა ასევე მორთოთ გარგარის ჩირით.
მეორე პასკა კი, რომელსაც ნუში და შოკოლადი აქვს, შეგიძლიათ შოკოლადით და თხილეულით მორთოთ - გავადნოთ შოკოლადი და მოვასხათ პასკას. შემდეგ კი თხილეული მოვაყაროთ.
მესამე, პატარა პასკა კი შეგიძლიათ, დეკორის გარეშე დატოვოთ და უბრალოდ, შაქრის პუდრა მოაყაროთ.
იხილეთ ასევე:
რატომ უნდა შეიტანოთ ბავშვის მენიუში ოსპი - პედიატრის რეკომენდაციები და რეცეპტი
ასეთ ბავშვებს ზრდასრულ ასაკში აქვთ კარგი ჯანმრთელობა და ჯანსაღი ურთიერთობები