ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სხვადასხვა სიახლეა. რიგ რეგიონებში საბავშო ბაღის აღმზრდელები ტრენინგებს გადიან, ნაწილს რეაბილიტაცია უტარდება, ზოგან კი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნა...
იხილეთ სიახლეები მუნიციპალიტეტების მიხედვით:
საჩხერეში პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებისათვის ტრენინგები ჩაატარა, რომლის თემაც უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა იყო.
ახალციხის მუნიციპალიტეტში 25 აღმზრდელ-პედაგოგისთვის ორდღიანი ტრენინგი, „ქცევის მართვა“, ჩატარდა. როგორც ადგილობრივი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება იტყობინება, მიღებული ცოდნა მსმენელებს ქცევის მართვის სწორი სტრატეგიების გამოყენებასა და ქცევის მართვასთან დაკავშირებული მუშაობის დაგეგმვაში დაეხმარება.
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში მშობელთა კლუბების ჩამოყალიბება მიმდინარეობს, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მშობელს შეუძლია. როგორც გაერთიანება იტყობნება, კლუბების შექმნის მიზანი სააღმზრდელო პროცესში მშობელთა აქტიური ჩართულობაა, რაც სკოლამდელი აღზრდის სტანდარტის ერთ-ერთი პირობაა.
ბათუმის N17, N18, N11 და N27 საბავშვო ბაღების სახურავებს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სატენდერო დოკუმენტაციით, სახურავების რეაბილიტაციისთვის 200 000 ლარი გამოიყო.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სახელმძღვანელოს, - ,,ადრეული განათლების კურიკულუმი თამაშის“, დანერგვის პროცესი დაიწყო, რისთვისაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 8 წარმომადგენელს და 20 აღმზრდელს ტრენინგები ჩაუტარდათ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღებისთვის საკანცელარიო ნივთები შეიძინეს, რომელიც ეტაპობრივად ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას გადაეცემა.
ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირის ხობის რაიონულმა ორგანიზაციამ ტრენინგები ჩაატარა, რომლის თემაც იყო „შრომის უსაფრთხოება საბავშვო ბაღებში“.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაცია მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღის მშობელთა კომიტეტს შეხვდა და კვებასთან, სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამებთან და ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით სიახლეები გააცნო.
ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე არსებული N1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და ის საზეიმოდ გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 200 ბავშვზეა გათვლილი.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღების თვითშეფასების პროცესისთვის კითხვარები ოთხი მიზნობრივი ჯგუფისთვის მომზადდა