ტრენინგებში მონაწილეობის სერტიფიკატების, დიპლომების ასლები - რა უნდა იდოს ბაღის პერსონალისა და ბავშვის პირად საქმეში
ისევე როგორც ნებისმიერი ტიპის დაწესებულებას, ბაღსაც ესაჭიროება სხვადახვა ტიპის დოკუმენტაცია, რომელშიც ასახული იქნება, ერთი მხრივ, პოლიტიკა და პროცედურები, მეორე მხრივ კი - ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა პირადი საქმეები, შემოსული წერილები და ა.შ., - წერია ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში.
რას ნიშნავს დოკუმენტები პროგრამის პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ? რას შეიძლება ასახავდეს ეს დოკუმენტები?
ეს შესაძლოა იყოს ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ბავშვთა დაცვა ნებისმიერი სახის ძალადობისგან, დაწესებულებაში ჩარიცხვის წესი, მშობლების ნებართვა და ა.შ.
პირადი საქმეები - ბავშვისა და პერსონალის საინფორმაციო პაკეტი
პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და დაწესებულების თანამშრომელთა დოკუმენტაციის ორგანიზებულად საწარმოებლად, უმჯობესია საბავშო ბაღში შეიქმნას თითოეული ინდივიდის პირადი საქმე.
ბავშვის პირადი საქმე
- ბავშვის იდენტიფიცირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია - დაბადების მოწმობა (დედანი და/ან ასლი), მშობლების პირადობის მოწმობების ასლები, ბავშვის ფოტოსურათი (3X4);
- იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი სოციალურად დაუცველია, სოციალურად დაუცველის მოწმობა;
- ჯანმრთელობის ცნობა;
- მშობლის მიერ შევსებული ანკეტა/კითხვარი ბავშვის შესახებ;
- მშობლის ნებართვის ფორმა (მაგალითად, ნებართვა დაწესებულების გარეთ გასვლებზე, ფოტო და ვიდეოგადაღებაზე და სხვ.)
- მშობელთან გაფორმებული ხელშეკრულება და ა.შ.
თანამშრომლის პირადი საქმე
- თანამშრომლის იდენტიფიცირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია - პირადობის მოწმობის ასლი, ფოტოსურათი (3X4).
- CV - ავტობიოგრაფია;
- ჯამრთელობის ცნობა;
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
- დაკავებული კვალიფიკაციის შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- ტრენინგებში მონაწილეობის სერტიფიკატების/დიპლომების ასლები;
- თანამშრომელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და ა.შ.
ადმინისტრაციული დოკუმენტაცია
დაწესებულების გამართულად ფუნქციონირებისთვის და ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშნელოვანია, არსებობდეს შემდეგი ადმინისტრაციული ტიპის დოკუმენტები და პროცედურები:
- ბავშვის ჩარიცხვის პროცედურა - ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ, რა პრინციპით მიიღებიან ბაღში ბავშვები;
- დაწესებულების შინაგანაწესი - დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია დაწესებულების იურიდიული ფორმა, მუშაობის საათები, საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება და დაწესებულების მუშაობასთან დაკავშირებული სხვა მიმართულებები;
- თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობა - დოკუმენტი, რომელშიც დაწვრილებით აღიწერება, თუ რა უფლება-მოვალეობები აკისრია თითოეულ თანამშრომელს დაწესებულების ფარგლებში. საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის შესახებ“ საქართველოს მასშტაბით თითოეულ მუნიციპალიტეტს ავალდებულებს შექმნას ნორმატიული აქტი, რომელიც აღწერს დაწესებულების პერსონალის პროფესიულ სტანდარტებს. პერსონალის სამუშაო აღწერილობაზე ფიქრისას სწორედ ამ დოკუმენტით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ.
- ეთიკის კოდექსი - მართალია, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ სახელმწიფო კანონის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით თითოეული მუნიციპალიტეტი ქმნის ნორმატიულ აქტს დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების შესახებ, თითოეული დაწესებულება უფლებამოსილია ამ დოკუმენტზე დაყრდნობით თავადაც შეიმუშაოს საკუთარი ეთიკის კოდექსი, უფრო პოპულარული ენით დაწერილი და ვიზუალურად გაფორმებულიც.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღებში პერსონალის შერჩევის პროცედურები გამჭვირვალე უნდა იყოს - რას ავალდებულებს სკოლამდელ დაწესებულებებს ახალი წესი
საბავშვო ბაღების კურიკულუმი, ინდიკატორები და განხორციელების სქემა ახალი სტანდარტით