დღის თემა
etaloni.ge
ბაღის აღმზრდელი ყოველთვის ყურადღებით უსმენს და აკვირდება ბავშვებს - როგორ უნდა დაიგეგმოს ეფექტური თემა სკოლამდელ დაწესებულებაში
10.04.2023

შინაარსობრივად მდიდარი, საინტერესო, ბავშვებისთვის გასაგები, აქტიური და ინტერაქტიული საქმიანობების დაგეგმვასა და განხორციელებაში, - ნათქვამია სასკოლო მზაობის პროგრამის მიხედვით შექმნილ აღმზრდელის სახელმძვანელოში.

ბაღებში ბავშვის განვითარებისა და სწავლების შედეგების მისაღწევად აქტივობები, თამაშები და სხვა საქმიანობები თემების მიხედვით უნდა იგეგმებოდეს. ეს აღმზრდელს მისცემს საშუალებას, გაამახვილოს ბავშვების ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე და ამ გზით მოახდინოს სწავლისა და განვითარების ინტეგრირება.

როგორი უნდა იყოს ეფექტური თემა

თემა ხშირად ბავშვების ყოველდღიურობიდან აღმოცენდება და მიმართულია მათ მრავალმხრივ განვითარებაზე. თემა ეფექტურია მაშინ, როდესაც ის შეესაბამება ბავშვების შესაძლებლობებს, ინტერესებსა და საჭიროებებს. ცნებების, საკითხების, ცოდნისა და სხვადასხვა უნარის ათვისება თემის ფარგლებში ხორციელდება. ასე ბავშვები უფრო ადვილად სწავლობენ, რადგან მათ აქვთ მიზანი და სწავლის მოტივაცია. 

თემა ხშირად ყალიბდება ჯგუფში, ბავშვების ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე. ამიტომ, აღმზრდელი ყოველთვის ყურადღებით უსმენს და აკვირდება ბავშვებს მათი შესაძლებლობების, საჭიროებებისა და ინტერესების დადგენის მიზნით. მაგალითად, აღმზრდელი ამჩნევს, რომ სურათებიანი წიგნი აფრიკის ცხოველებზე ბავშვების საყვარელი წიგნია. პატარებს განსაკუთრებით მოსწონთ ლომების, ვეფხვების და კატისებრთა ოჯახის სხვა დიდი ზომის ცხოველების სურათები, რომლებიც მათ იმავდროულად აშინებთ კიდეც.  ბავშვების ინტერესების საპასუხოდ აღმზრდელი გეგმავს თემას „გარეული ცხოველები“. ზოოპარკში ექსკურსიის შემდეგ ბავშვები იწყებენ თამაშს, რომელშიც ზოგი ლომია, ზოგი - ვეფხვი, ზოგიც - გეპარდი. მათი თამაში ძირითადად ფოკუსირებულია გარეულ მოთვინიერებულ ცხოველებზე.

თამაშის მიმდინარეობისას ზოგი ბავშვი ცდილობს „მოათვინიეროს“ სხვა ბავშვები, რომლებიც გარეულ ცხოველებს ასახიერებენ. შემდეგ მოთამაშეები როლებს ცვლიან. ხშირად „გარეული ცხოველები“ აძლევენ სხვებს მათი „მოთვინიერების“ უფლებას, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ისევ იბრუნებენ ველურ ხასიათს. ეს თამაში საშუალებას აძლევს ბავშვებს უსაფრთხოდ გამოხატონ ძლიერი იმპულსების კონტროლის დროს აღძრული შინაგანი ბრძოლა. თემა, რომელიც შეირჩა გარეული ცხოველებით დაინტერესების შედეგად, პასუხობს თვითკონტროლის მოთხოვნილებას და უსაფრთხო გზით „ათავისუფლებს” ბავშვებს მოჭარბებული ენერგიისგან.

ეფექტური თემა პირდაპირ უკავშირდება ბავშვების ყოველდღიურ გამოცდილებას და გარემოს. ნაცნობი სიტუაციები და გამოცდილება, როგორებიცაა სადილის მომზადება, სუფრის გაწყობა და ჭამა, ბაზარში საყიდლებზე წასვლა, მგზავრობა და ა.შ., აადვილებს როლურ თამაშებს. აღმზრდელს შეუძლია სხვადასხვაგვარად განავრცოს ეს გამოცდილება. ის ქმნის სხვადასხვა სახის აქტივობებს, წესებიან თამაშებს, როლურ თამაშებსა და პროექტებს ისეთი თემების ფარგლებში, როგორებიცაა: „რა გვაქვს სადილად?“, „ბაზარი: ყიდვა, გაყიდვა და ბევრი სხვა“, ან „ექსკურსია სანაპიროზე“.

ცოდნისა და უნარების განვითარება ხდება თემის ფარგლებში დაგეგმილ ყველა საქმიანობაში. ბაზრის თემის ფარგლებში აღმზრდელი ბავშვებს ახარისხებინებს გასაყიდ ნივთებს დახლებზე ისე, რომ დაინახოს, რამდენად იცნობენ ბავშვები საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვებს, იმავდროულად კი დაეხმაროს მასაც, ვისაც ნაკლებად ესმის აღნიშნული ცნებები. ნივთები დახარისხებულია ერთი ან ორი საპირისპირო მნიშვნელობის მქონე მახასიათებლით: დიდი და პატარა, გრძელი და მოკლე, მძიმე და მსუბუქი, ძველი და ახალი. 

ბავშვებს ასევე სთხოვენ დაალაგონ ნივთები მითითების საპირისპიროდ. როდესაც აღმზრდელი ამბობს: „თუ შეიძლება, დაალაგეთ კანფეტების ყუთები ყველაზე ზედა თაროზე“, ბავშვებმა უნდა დაალაგონ ყუთები ყველაზე ქვედა თაროზე.

იგივე შეიძლება გავიმეოროთ სხვა ტიპის ცნებების შემთხვევაში. ეს ცნებებია: წინ და უკან, ზემოდან და ქვემოდან, მაღლა და დაბლა. გარკვეული დროის შემდეგ ბავშვები თვითონ წამოიწყებენ ამ თამაშს უფროსების დახმარების გარეშე. როდესაც ბავშვების უმრავლესობა შეძლებს ამ დავალების შესრულებას, აღმზრდელი აძლევს მათ ორ ადგილმდებარეობას. მითითება „თუ შეიძლება, დააწყვეთ რძის ბოთლები მაგიდის ზემოთ, წინა მხარეს“. სინამდვილეში, ბავშვებისგან ითხოვს ბოთლების დაწყობას მაგიდის ქვეშ, უკანა მხარეს.

ეფექტური თემა ემსახურება ბავშვის მარავალმხრივ განვითარებას სხვადასხვა თემატური მიმართულებით ცოდნის შეძენისა და მრავალი სხვადასხვა უნარის გამომუშავების გზით. ეს გულისხმობს, რომ ერთი თემის ფარგლებში ჩართულია საქმიანობები, რომლებიც ემსახურება ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური, მეტყველებისა და კომუნიკაციის, ასევე წიგნიერების უნარების განვითარებას. ამ შემთხვევაში არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თითოეული საქმიანობის დაგეგმვისას ფოკუსირება ხდება განვითარების ერთ რომელიმე სფეროზე. პირიქით, ახალი ცნებები ბავშვებს ინტეგრირებულად უნდა მივაწოდოთ, რათა მათი განხილვა და ათვისება სხვადასხვა კუთხიდან იყოს შესაძლებელი.

თემა „სიჩქარე“ მოიცავს მრავალფეროვან საქმიანობებს, ამასთან, ყოველი საქმიანობა ეხმარება ბავშვს ერთდროულად სხვადასხვა უნარის განვითარებასა და ცოდნის შეძენაში. მაგალითად, ერთ-ერთი აქტივობა შემდეგი სახისაა: ბავშვები ყვებიან, რომელი სატრანსპორტო საშუალების მართვა იქნებოდა მათთვის ყველაზე სახალისო, შემდეგ კი აღმზრდელი ეხმარება მათ ამ ინფორმაციის ორგანიზებაში. ბავშვებს შეუძლიათ დახატონ განხილული სატრანსპორტო საშუალებები ერთ ფურცელზე ან მუყაოზე და თითოეულმა დააწებოს სტიკერი ან სხვა მასალა იმ ტრანსპორტის გასწვრივ, რომლის მართვაც მისთვის ყველაზე სახალისო იქნებოდა. შემდეგ ბავშვებს შეუძლიათ დათვალონ, რომელმა სატრანსპორტო საშუალებამ რამდენი ხმა მიიღო.

ერთი შეხედვით, შეიძლება რთულად მოგვეჩვენოს მოცემული განვითარების სფეროებისა და ქვესფეროების ერთი თემის ფარგლებში მოქცევა, თუმცა ეს დამოკიდებულია სწორად დაგეგმილ და შერჩეულ საქმიანობებზე. ეფექტური თემა არის წინასწარ კარგად დაგეგმილი. წინასწარ დაგეგმვა აუცილებელია, რათა აღმზრდელებს საკმარისი დრო ჰქონდეთ მასალების მომარაგებისთვის და მომზადებისთვის, ასევე კვლევის ჩასატარებლად და საქმიანობების შესასრულებლად საჭირო იდეების შერჩევისთვის. თემის ხანგრძლივობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისაღწევი შედეგები, დაგეგმილი საქმიანობები და ბავშვების ინტერესები.

იხილეთ ასევე:

სკოლამდელი დაწესებულების ხელმძღვანელობამ უნდა იზრუნოს თანამშრომლების კეთილდღეობაზე, წაახალისოს და დაეხმაროს პროფესიულ ზრდაში - სტანდარტი

რამდენად აკმაყოფილებს აღმზრდელების კვალიფიკაცია სტანდარტებს და მოთხოვნებს - რას ითვალისწინებს თვითშეფასების კითხვარი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი