დღეს, 9 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას - ბაიაობას ანუ ბზობას ზეიმობს.
ბზობა ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე დასასწრებად შესულ იესო ქრისტეს ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს და პალმების რტოებით, ფეხქვეშ გაგებული სამოსითა და შეძახილებით შეეგებნენ.
გადმოცემის მიხედვით, როცა მაცხოვარი იერუსალიმში შევიდა, ჩვილებიც, რომლებსაც ჯერ მეტყველება არ შეეძლოთ, ღაღადებდნენ: „ოსანა, ძესა ღვთისასა, დიდება მეუფეს ისრაელისას!“
ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა. ტრადიციების მიხედვით, ბზის ტოტებს გამთენიისას, მზის ამოსვლამდე ჭრიან. ამ დღეს, სადღესასწაულო მსახურებაზე, მორწმუნეებს ხელში ბზის ტოტები უჭირავთ, ნიშნად იმისა, რომ თითოეული მათგანი შეუერთდეს იმ გუნდს, რომელიც სიყვარულისა და რწმენის გამოსახატავად გზაზე უფენდა უფალს საკუთარ სამოსსა და პალმის ტოტებს, ანუ თავიანთ რწმენას. წირვის შემდეგ ბზას აკურთხებენ. ერთი წლის განმავლობაში სახლში შენახული ბზა ამ დღეს სახლიდან გამოაქვთ, ეკლესიის ეზოში სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ტოვებენ, სადაც მას წვავენ. ახალი ნაკურთხი ბზა კი სახლში მიაქვთ და ხატებისთვის გამოყოფილ კუთხეში ისევ ერთი წლით ათავსებენ. ითვლება, რომ ბზა სახლს - უბედურებისგან, ხალხს კი ავადმყოფობისგან იცავს.
ბზობის დღეს მუდამ მარხვაა, თუმცა ეს დღე თევზით ხსნილია.
ქრისტეს ხალხი პალმის რტოებით შეეგება. იმ ქრისტიანულ ქვეყნებში, სადაც პალმა არ ხარობს, ტრადიციის მიხედვით, სადღესასწაულოდ ის მცენარე გამოიყენება, რომელიც ამ დროს მწვანეა. საქართველოში ასეთ მცენარედ ბზა აირჩიეს. ბზა მსოფლიოში იშვიათია მცენარეა, რომელიც ერთდროულად მარადმწვანეც არის და ფოთლოვანიც, თან, ზუსტად ბზობის დღისთვის ყოველთვის ხასხასა მწვანეა. ამის გარდა, კავკასიური ბზის მერქანი ცნობილია როგორც კავკასიური პალმა. ქრისტეს იერუსალიმში შესვლის დღის აღსანიშნავად, ბზას სხვა ქვეყნებშიც იყენებენ.
სხვადასხვა ქვეყნებში ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლის დღის აღნიშვნის სხვადასხვა ტრადიცია არსებობს, რომელზეც აქვე მოგიყვებით:
ესპანეთში ამ დღეს პალმის ტოტებს უძველეს პალმების ტყეში კრეფენ, რომლებსაც ამუშავებენ და დეკორატიულ ფიგურებად წნავენ.
სომეხთში ბზობა დღე ბავშვთა კურთხევის დღედ არის გამოცხადებული. ტრადიცის თანახმად, საღვთო ლიტურგიის შემდეგ, სადაც ბზას აკურთხებენ, იმართება ასევე ბავშვთა კურთხევის ცერემოინიალი.
ნორვეგიაში სახლებს არყის ხის ტოტებით, სანთლებითა და ყვავილებით რთავენ. ამ ქვეყანაში ბზობიდან ერთი კვირა უქმედ ითვლება და აღდგომის მოლოდინში არიან.
ნიდერლანდებში სიმბოლურად მამლის ფორმის კვერებს აცხობენ და ჯოხებისგან გაკეთებულ ჯვარზე ამაგრებენ, შემდეგ კი ქაღალდის ბაფთებითა და ტკბილეულით აფორმებენ.
უელსში ამ დღეს ძვირფასი ადამიანების საფლავების ასუფთავებენ და ყვავილებით რთვენ. საფლავზე აუცილებლად ახალ სამოსში გამოწყობილები მიდიან. ამ დღიდან აღდგომამდე პერიოდს „ყვავილების კვირას“ უწოდებენ.
ფილიპინელები ამ დღეს პალმის ან გვიმრის ტოტებს წნავენ. წირვის დროს ხელით მაღლა სწევენ, რა დროსაც ტოტებს სასულიერო პირი აკურთხებს, რის შემდეგაც სახლში მიაქვთ და შესასვლელ კარზე ამაგრებენ, მომდევნო წლის ამ დღეს კი წვავენ.
ფინეთში ამ დღეს ბავშვები ნიღბებით დადიან, სახლიდან სახლში გადადიან და მოსახლეობას ტირიფის ტოტებს ხურდა ფულისა და ტკბილეულის სანაცვლოდ სთავაზობენ.
პოლონეთში ხელოვნურ პალმის ტოტებს ამზადებენ, რომელსაც ქაღალდის ყვავილებით რთავენ.
ეთიოპიაში ამ დღესასწაულისთვის თითებზე პალმის ტოტებისგან დაწნულ ბეჭდებს იკეთებენ.
იხილეთ ასევე:
ხარება - სიხარულის დასაბამის დღე
პირველი საბავშვო ბაღი თბილისში, სადაც სათამაშოები მთელი ქვეყნის ბაღებისათვის მზადდებოდა